არჩეულ მასალაზე გადასვლა

მარცხნივ: ყაზახეთის სამხედრო სასამართლო; შუაში: 2023 წლის ნოემბრის და 2024 წლის აპრილის სასამართლო გადაწყვეტილებების ასლები.

31 ᲛᲐᲘᲡᲘ, 2024
ყაზახეთი

ყაზახეთის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება

ყაზახეთის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება

2024 წლის 23 მაისს ყაზახეთში ძალაში შევიდა გადაწყვეტილება რელიგიური მრწამსის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმის შესახებ. გადაწყვეტილება ეხება 20 წლის იეჰოვას მოწმეს, დანიილ სმალს, რომლის საქმესაც მოსამართლემ „გამორჩეული“ უწოდა.

2023 წლის 17 მაისს დანიილი სამხედრო კომისარიატში გამოიძახეს. დანიილმა პატივისცემით აუხსნა კომისარიატის თანამშრომელებს თავისი პოზიცია სამხედრო სამსახურში წასვლასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, დანიილმა მათ წარუდგინა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც მას რელიგიური მრწამსის საფუძველზე სამხედრო სამსახურისგან ათავისუფლებდა. ამ ყველაფრის მიუხედავად, კომისარიატში მომუშავე სამხედრო პირებმა უარი თქვეს დანიილის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებაზე. მომდევნო დღეს ის მატარებლით გადაიყვანეს დაახლოებით 2 000 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ რუდნიში არსებულ სამხედრო დაწესებულებაში. დანიილი მაინც მტკიცედ იცავდა ნეიტრალურ პოზიციას. მან უარი თქვა სამხედრო ფიცის დადებაზე, არ ჩაიცვა სამხედრო ფორმა და არც წვრთნებში იღებდა მონაწილეობას. დანიილმა რამდენჯერმე დაწერა ოფიციალური საჩივარი, თუმცა ამას შედეგი არ მოჰყოლია. ამიტომ მან სასამართლოს მიმართა, რასაც სამთვიანი პროცესი მოჰყვა.

დანიილ სმალი ალმა-ათას გარნიზონის სამხედრო სასამართლოში

2023 წლის 9 ნოემბერს, ალმა-ათას გარნიზონის სამხედრო სასამართლომ უკანონოდ ცნო დანიილის სამხედრო სამსახურში გაწვევა. სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნული იყო: „დანიილის სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევით, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის მის რელიგიურ შეხედულებასთან, არ მიიღოს მონაწილეობა არანაირ სამხედრო საქმეში, დაირღვა მისი სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლება“. სასამართლომ აგრეთვე ბრძანა, რომ დანიილი გაეთავისუფლებინათ სამხედრო შენაერთიდან, სადაც ის 6 თვის მანძილზე ჰყავდათ თავისი ნების საწინააღმდეგოდ.

ეს გადაწყვეტილება მალევე გაასაჩივრეს სამხედრო პირებმა. მიუხედავად ამისა, 2024 წლის 16 აპრილს ყაზახეთის უმაღლესმა სამხედრო სასამართლომ მხარი დაუჭირა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილებას. ეს ისტორიული გადაწყვეტილება 2024 წლის 23 მაისს შევიდა ძალაში. ის თანხვედრაშია საერთაშორისო სამართლის ნორმებთან და ყაზახეთის კონსტიტუციასთან და უზრუნველყოფს მოქალაქეების სინდისის თავისუფლების უფლების დაცვას. სასამართლომ განაცხადა: „სახელმწიფოს არც ერთ შემთხვევაში არ აქვს უფლება, ადამიანი აიძულოს, იმოქმედოს საკუთარი სინდისის საწინააღმდეგოდ“.

ეს პირველი შემთხვევაა ყაზახეთში, როდესაც სასამართლომ მკაფიოდ აღიარა ადამიანის უფლება, უარი თქვას სავალდებულო სამხედრო სამსახურზე რელიგიური მრწამსის საფუძველზე. იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი ყაზახეთში, ლევ გლადიშევი, აღნიშნავს: „მადლიერები ვართ, რომ სასამართლომ აღიარა დანიილის კანონიერი უფლება, უარი თქვას სავალდებულო სამხედრო სამსახურზე თავისი მრწამსის გამო. ეს გადაწყვეტილება სამომავლოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის საქმეში ყაზახეთსა და ცენტრალურ აზიაში“ (1 ტიმოთე 2:1, 2).