არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 3 მაისი
ყაზახეთი

ყაზახეთი უხეშად არღვევს რელიგიის თავისუფლების უფლებას და თეიმურ ახმედოვს დამნაშავედ ცნობს

ყაზახეთი უხეშად არღვევს რელიგიის თავისუფლების უფლებას და თეიმურ ახმედოვს დამნაშავედ ცნობს

2017 წლის 2 მაისს ასტანას სასამართლომ თეიმურ ახმედოვს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მხოლოდ იმის გამო, რომ სხვებს საკუთარ მრწამსს უზიარებდა. მას შემდეგ, რაც 1991 წელს ყაზახეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა, თეიმურ ახმედოვი პირველი იეჰოვას მოწმეა, რომელიც ყაზახეთში სისხლის სამართლის დამნაშავედ ცნეს რელიგიური მსახურების გამო.

თეიმურ ახმედოვი სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები მის შინაპატიმრობაში გადაყვანას მოითხოვდნენ, ვიდრე სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა. თეიმური 61 წლისაა, ჰყავს მეუღლე და სამი ვაჟი. მას სუსტი ჯანმრთელობა აქვს.

რელიგიის თავისუფლება იზღუდება

2017 წლის იანვარში თეიმურ ახმედოვი ყაზახეთის საიდუმლო პოლიციამ (ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტი) დააპატიმრა და ბრალი დასდო ყაზახეთის სისხლის სამართლის კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დარღვევაში“. ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტმა იგი „რელიგიური შუღლის გაღვივებაში“ დაადანაშაულა იმის გამო, რომ თავის მრწამსს სხვებს ფარულად უზიარებდა.

მოსამართლე ტალგატ სერლიბაივმა დაადგინა, რომ თეიმურ ახმედოვი „რელიგიურ შუღლს აღვივებდა“ და „რელიგიურ პროპაგანდას ეწეოდა — ამტკიცებდა, რომ ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგია არსებობს და ამ რელიგიის მიმდევრები სხვებზე უპირატესობენ“. მოსამართლემ აგრეთვე განაცხადა, რომ თეიმურ ახმედოვს სამი წლის განმავლობაში უფლება არ ექნება მონაწილეობა მიიღოს „რაიმე სახის რელიგიურ საქმიანობაში“, რაც იმას ნიშნავს, რომ მას აეკრძალა საკუთარი მრწამსის გამოხატვის უფლება.

ფილიპ ბრამლი, იეჰოვას მოწმეების მთავარი მრჩეველი იურიდიულ საკითხებში, აღნიშნავს: „უფლებამოსილი პირები არასწორად იყენებენ კანონს. 2016 წელს რამდენიმე მამაკაცმა თეიმური რელიგიურ თემებზე სასაუბროდ სახლში მიიპატიჟა. ერთხელ ისინი თავადაც ესტუმრნენ მას. თეიმურმა არ იცოდა, რომ ეს მამაკაცები ფარულად იწერდნენ საუბრებს, რათა მოგვიანებით სამხილად გამოეყენებინათ და მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღეძრათ. აშკარაა, რომ ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, მშვიდობიანი რელიგიური მსახურება შეზღუდოს და დანაშაულებრივ ქმედებად შერაცხოს. ეს ნამდვილად დიდი უსამართლობაა“.

აღსანიშნავია ისიც, რომ თეიმურ ახმედოვის ოჯახის წევრებს ძალიან აღელვებთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მას სიმსივნე აქვს (შესაძლოა ავთვისებიანი). მიუხედავად მისი მდგომარეობისა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა არ დააკმაყოფილეს შუამდგომლობა იმის თაობაზე, რომ თეიმურ ახმედოვი შინაპატიმრობაში გადაეყვანათ და მისთვის გადაუდებელი სამედიცინო დახმარება აღმოეჩინათ. ბრალდებულის ადვოკატებმა საჩივრით მიმართეს გაეროს ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც თვითნებურად დაკავების საკითხებზე მუშაობს. მათ აგრეთვე თხოვნით მიმართეს გაეროს სპეციალურ მომხსენებელს რელიგიისა და მრწამსის საკითხებში და გაეროს სპეციალურ მომხსენებელს მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებში.

დაიცავს ყაზახეთი რელიგიის თავისუფლების უფლებას?

ყაზახეთის ხელისუფლებამ არაერთხელ შეზღუდა იეჰოვას მოწმეების რელიგიური მსახურება. თუმცა ამჯერად მთავრობამ უპრეცედენტო ზომებს მიმართა და თეიმურ ახმედოვი უსამართლოდ დააპატიმრა. იეჰოვას მოწმეთა წარმომადგენლები დღემდე მიმართავენ თხოვნით ყაზახეთის უფლებამოსილ პირებს, იმოქმედონ საერთაშორისო ვალდებულების თანახმად და დაიცვან ადამიანის ძირითადი უფლება, მშვიდობიან პირობებში შეასრულოს თავისი რელიგიური მსახურება.