არჩეულ მასალაზე გადასვლა

2015 წლის 27 იანვარი
ყაზახეთი

იეჰოვას მოწმეებმა ყაზახურ ენაზე ბიბლია გამოსცეს და ღია კარის დღე მოაწყვეს

იეჰოვას მოწმეებმა ყაზახურ ენაზე ბიბლია გამოსცეს და ღია კარის დღე მოაწყვეს

იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭოს წევრი, გერიტ ლოში აცხადებს, რომ ყაზახურ ენაზე გამოიცა ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“

ალმა-ათა, ყაზახეთი — ყაზახეთში 2014 წლის 26—28 სექტემბერს იეჰოვას მოწმეების კონგრესზე ყაზახურ ენაზე ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ გამოცემის შესახებ გამოცხადდა. ბიბლიის პირადი ეგზემპლარი უკლებლივ ყველა დელეგატმა, 3 721-მა ადამიანმა მიიღო.

პროფესორი ალექსანდრე გარკავეცი, რომელიც თურქულ ენებს იკვლევს, ყაზახურ ენაზე გამოცემული ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ შესახებ აღნიშნავს: «მართალია, იეჰოვას მოწმეებს არ ჰქონდათ ხელთ საკმარისი მასალა, მაგრამ დიდი შრომის ფასად მაინც შეძლეს ასეთი შესანიშნავი თარგმანის გამოცემა. ნამდვილად საქებარია, რომ ისინი ყველანაირად ცდილობდნენ, დედნისეული ტექსტიდან ყაზახურ ენაზე ისე ეთარგმნათ ღვთის სიტყვა, რომ მიმზიდველი ყოფილიყო. „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ თანამედროვე ენაზეა შესრულებული, რაც ყველას გაუადვილებს წაკითხულის გაგებას».

ღია კარის დღე: იეჰოვას მოწმეებმა ტრადიციული იურთი (გადასატანი საცხოვრებელი) გამართეს, სადაც სტუმრებს უმასპინძლდებოდნენ

კონგრესის დამთავრებიდან ერთ კვირაში, კერძოდ, 3 ოქტომბერს, ყაზახეთში იეჰოვას მოწმეების ფილიალში ღია კარის დღე მოეწყო, რომელიც ყაზახურ ენაზე გამოცემულ ბიბლიის ამ ახალ თარგმანს მიეძღვნა. ერთი რადიო (Azattyq) იუწყებოდა: „იეჰოვას მოწმეების სათაო ოფისს ესტუმრნენ ქალაქ ალმა-ათის ადმინისტრაციული ორგანოს, აკიმატის წარმომადგენლები, რელიგიურ საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე ნურჯან ჯაპარკული, უცხოეთის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, რელიგიათმცოდნეები და სხვები“. ბატონმა ნურჯანმა შემდეგი კომენტარი გააკეთა: „იეჰოვას მოწმეთა სათაო ოფისში ძალიან თბილად მიგვიღეს. მისასალმებელია, რომ მათ ასეთ ღონისძიებას გაუწიეს ორგანიზება. მსგავსი ღონისძიებები ნამდვილად გვეხმარება, ჩვენი საქმე უკეთ შევასრულოთ“.

რელიგიურ საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე, ნურჯან ჯაპარკული (შუაში) და რელიგიურ საკითხებზე პასუხისმგებელი სამთავრობო დაწესებულების წარმომადგენლები ღია კარის დღეზე იეჰოვას მოწმეთა ფილიალში

მოსაწვევები მთელ ალმა-ათაში დარიგდა

იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი ყაზახეთში, პოლატ ბეხჯანი აღნიშნავს: „გვიხარია, რომ წლევანდელ კონგრესს ასეთი გამოხმაურება მოჰყვა და ასეთი სიხარულით მიიღეს ბიბლიის ეს თარგმანი ყაზახურ ენაზე მოლაპარაკეებმა, რომელთა რიცხვიც დღითი დღე იზრდება. კარგია, რომ ღია კარის დღეც მოვაწყვეთ, რისი სურვილიც ნამდვილად გვქონდა, და ხელისუფლების წარმომადგენლებს, მედიას და ჩვენს მეზობლებს უკეთ გავაცანით ჩვენი ორგანიზაცია“.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

ყაზახეთი: პოლატ ბეხჯანი, ტელ. +7 727 232 36 62