არჩეულ მასალაზე გადასვლა

2013 წლის 30 დეკემბერი
ყირგიზეთი

ყირგიზეთის უზენაესი სასამართლო მათ სასარგებლოდ იღებს გადაწყვეტილებას, ვინც რწმენის გამო ამბობს უარს სამხედრო სამსახურზე

ყირგიზეთის უზენაესი სასამართლო მათ სასარგებლოდ იღებს გადაწყვეტილებას, ვინც რწმენის გამო ამბობს უარს სამხედრო სამსახურზე

ბიშკეკი, ყირგიზეთი — 2013 წლის 19 ნოემბერს ყირგიზეთის უზენაესი სასამართლოს საკონსტიტუციო პალატამ ერთხმად დაადგინა, რომ მთავრობის მიერ შემუშავებული პროგრამა ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის თაობაზე არაკონსტიტუციურია და ლახავს რელიგიის თავისუფლების უფლებას. სასამართლომ მთავრობისგან მოითხოვა, რომ შესწორებები შეეტანა კანონში არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ, რაც იმ ახალგაზრდებს, ვინც რწმენის გამო ამბობს უარს სამხედრო სამსახურზე, საშუალებას მისცემს, მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო ხასიათის სამსახური შეასრულონ.

2009 წელს ყირგიზეთის მთავრობამ მიიღო კანონი ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის დანერგვის შესახებ. მაგრამ ამ პროგრამის ამუშავებიდან მალევე ეს სამსახური სამხედრო ძალების ხელში ჩავარდა. მას მერე ისინი, ვინც ალტერნატიულ სამსახურს გადიოდნენ, უშუალოდ სამხედროების მეთვალყურეობის ქვეშ აღმოჩნდნენ; აქედან ზოგს სამხედრო საქმის მხარდასაჭერად გარკვეული თანხის გადახდაც კი დააკისრეს. ალტერნატიული სამსახურის დასრულების შემდეგ კი ეს ახალგაზრდები ავტომატურად ხვდებოდნენ შეიარაღებული ძალების რეზერვში. ამიტომ იეჰოვას მოწმეებმა უარი თქვეს მსგავსი ალტერნატიული სამსახურის შესრულებაზე, რის გამოც მათ წინააღმდეგ რამდენჯერმე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.

ნოემბერში ზემოაღნიშნულმა სასამართლომ დაადგინა, რომ იეჰოვას მოწმეები საფუძვლიანი მიზეზების გამო ამბობდნენ უარს შეთავაზებული ალტერნატიული სამსახურის შესრულებაზე და ნამდვილად არ არიდებდნენ თავს თავიანთი მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებას. პირიქით, სასამართლომ დაადასტურა, რომ მოწმეები მზად არიან ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შესასრულებლად, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო ხასიათისაა. მოწმეები იმედოვნებენ, რომ მათ წინააღმდეგ აღძრულ ყველა სისხლის სამართლის საქმეს კიდევ ერთხელ გადახედავენ და ამ საქმეებთან დაკავშირებით შესწორებული კანონის თანახმად მიიღებენ გადაწყვეტილებებს.

ყირგიზეთში იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი, ხამიტ ისხაკოვი აღნიშნავს: „ზემოხსენებული სასამართლოს დადგენილება არა მხოლოდ მათ პრობლემას გადაჭრის, ვინც რელიგიური მოსაზრებით ამბობს უარს სამხედრო სამსახურზე, არამედ ყირგიზეთის მთავრობის წარმომადგენლებს კიდევ არაერთხელ დაანახვებს, რომ იეჰოვას მოწმეების რელიგიური ორგანიზაცია საერთაშორისო ორგანიზაციაა და რომ ეს ხალხი დიდი პატივისცემით სარგებლობს“.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

ყირგიზეთი: ხამიტ ისხაკოვი, ტელ. +996 770 778 885