არჩეულ მასალაზე გადასვლა

ექვსი წლის მელოდი ივუჩუკუ ზუმის მეშვეობით შესწავლას უტარებს სამ თანაკლასელს.

2020 წლის 7 დეკემბერი
შეერთებული შტატები

ბავშვები აქტიურად ქადაგებენ პანდემიის მიუხედავად

ბავშვები აქტიურად ქადაგებენ პანდემიის მიუხედავად

მაიკ ივუჩუკუს თავისი ქალიშვილის, მელოდის, ხმა შემოესმა, რომელიც ონლაინ გაკვეთილების შესვენების დროს ქვედა სართულზე ჩარბოდა. ის დაინტერესდა, რატომ ჩქარობდა ასე მისი ექვსი წლის გოგონა. ეგონა, რომ ოთახში შესვლისას მელოდის ან სენდვიჩით ხელში დაინახავდა ან თამაშით გართულს, თუმცა ნანახმა ძალიან გააოცა.

«თავის კომპიუტერთან იჯდა და ხელში წიგნი „იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში“ ეჭირა; სამი თანაკლასელი კი ყურადღებით უსმენდა, — გვიყვება მაიკი, — მელოდიმ შემომხედა და მითხრა: „მამიკო, ბიბლიის შესწავლას ვატარებ!“».

2020 წლის სექტემბრიდან ქალაქ ჰიუსტონის (ტეხასის შტატი) სკოლა, სადაც მელოდი სწავლობს, კორონავირუსის პანდემიის გამო, სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავიდა. მას შემდეგ მელოდიმ მიზნად დაისახა, ვინმესთან ბიბლიის შესწავლა დაეწყო. ამისთვის ის იეჰოვას სთხოვდა დახმარებას და ეძებდა შესაძლებლობებს ბიბლიის შესწავლის დასაწყებად.

მაიკი და მისი მეუღლე ოქტავია ამაყობდნენ თავიანთი შვილის საქციელით. მაიკი განაგრძობს: „მელოდი სულ იეჰოვაზე ელაპარაკება თავის კლასელებს. მაგრამ ჩვენთვის განსაკუთრებულად ემოციური მომენტი იყო, როცა დავინახეთ, რომ მან მართლა დაიწყო ბიბლიის შესწავლის ჩატარება“.

მელოდი ახლაც რეგულარულად ატარებს შესწავლას თანაკლასელებთან. ის გვიყვება: „აქამდე სამოთხეზე და იესოზე ვასწავლე. მინდა, რომ იეჰოვას მოწმეები გახდნენ“.

ქალაქ ინგლსაიდში (ილინოისის შტატი) ცხრა წლის სამუელ მოლნარიც ესაუბრება სხვებს საკუთარი რწმენის შესახებ.

ერთხელ სამუელმა გაიგო, რომ ერთმა ძმამ ღობის მეორე მხარეს მყოფ მეზობელს უქადაგა და გადაწყვიტა, რომ თვითონაც იგივე გაეკეთებინ. როცა სამუელმა დაინახა, რომ მეზობლის შვილიშვილი ღობის მეორე მხარეს თამაშობდა, ის ბიჭს გამოელაპარაკა და ჰკითხა, სურდა თუ არა, რომ სამოთხის შესახებ გაეგო. ბიჭი დათანხმდა. სამუელიც გაიქცა და სახლიდან წიგნი „ბიბლიური მოთხრობები“ გამოიტანა.

ცხრა წლის სამუელ მოლნარს ხელში უჭირავს თავისი წიგნი, „ბიბლიური მოთხრობები“.

სამუელი მოგვითხრობს: „მას ვუთხარი, რომ მომავალში გარეულ ცხოველებთან თავისუფლად ითამაშებდა და ისინი არაფერს დაუშავებდნენ. შემდეგ მას წიგნიდან დანიელის და ლომების ორმოს ამბავი წავუკითხე“.

სამუელი ამას არ დასჯერებია. მან ბიჭს წერილი გაუგზავნა და მოკლედ აუხსნა, როგორი სავარჯიშოებისა და ვიდეოების ნახვა შეეძლო jw.org-ზე. ორივენი შეთანხმდნენ, რომ კიდევ წაეკითხათ ბიბლიური მოთხრობა, როცა ერთმანეთს ნახავდნენ.

სამუელი გახარებულია ამ შემთხვევით და ყველაფერს აკეთებს, რომ თავის შემდეგ მიზანსაც მიაღწიოს. ის ამბობს: „მინდა, სწავლებაში დამხმარე საშუალებებიდან ყველა ბუკლეტი ყურადღებით წავიკითხო, რომ სხვებთან საუბრის დროს გამოვიყენო“.

ქალაქ ჰიუსტონში მცხოვრებმა სამმა დამაც მიაღწია დასახულ მიზანს: მათ ზაფხულის არდადეგების დროს დამხმარე პიონერებად იმსახურეს.

13 წლის ჯოსელინ ჰორტა, 12 წლის მელანი ალვარესი და 10 წლის ქლოე როდრიგესი ვიდეოკონფერენციის მეშვეობით ერთად წერდნენ ხოლმე წერილებს. ისინი მთელი აგვისტოს განმავლობაში კვირაში ხუთჯერ, დილის 7 საათიდან უკავშირდებოდნენ ერთმანეთს.

ქლოე როდრიგესი (ქვემოთ მარცხნივ), მელანი ალვარესი (ზემოთ მარცხნივ) და ჯოსელინ ჰორტა (მარჯვნივ)

„ერთად ვსაუზმობდით და ვსაუბრობდით, — გვიყვება ჯოსელინი, — შემდეგ კი, 7:30-ზე, წერილების წერას ვიწყებდით“. დროდადრო, თუ რომელიმეს ჩაეძინებოდა, დანარჩენი ორი მას შემდეგი შინაარსის მესიჯს უგზავნიდა: „დილა მშვიდობისა! ადექი, ქადაგების დროა!“.

გოგოები თავიანთი ენთუზიაზმით არა მარტო ერთმანეთს ამხნევებდნენ, არამედ მეგობრებსაც და ოჯახის წევრებსაც. „ზოგჯერ ქადაგების განწყობაზე არ ვიყავი, — ამბობს ალისია, ჯოსელინის დედა, — მაგრამ, როცა ჯოსელინს ვხედავდი, როგორი მონდომებით მსახურობდა, მეც მინდებოდა მისთვის მიმებაძა“.

იეჰოვას ძალიან ახარებს იმ უამრავი ერთგული ახალგაზრდის ხილვა, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ სასიხარულო ცნობის გავრცელებისთვის ამ პანდემიის დროს (იგავები 27:11).