2018 წლის 14 ივნისი
შეერთებული შტატები
გაბედულებისა და ურყევი პოზიციის მაგალითმა პრეცედენტი შექმნა უზენაეს სასამართლოში 75 წლის წინ
ცხრა წლის გეით ბარნეტი და მისი რვა წლის და, მარი, პატივისცემის ნიშნად ფეხზე იდგნენ და არაფერს ამბობდნენ, როცა მათი თანაკლასელები ამერიკის დროშას აძლევდნენ სალამს. მათ მაშინ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რომ რწმენის გამომხატველი ამ ქმედების გამო ისინი უზენაეს სასამართლოს წინაშე წარდგებოდნენ. ეს ისტორიული მნიშვნელობის მქონე პროცესი 1943 წელს გაიმართა. დებ ბარნეტებს სჯეროდათ, რომ ერთგულების ფიცი მხოლოდ იეჰოვას წინაშე უნდა დაედოთ. მათ მსგავსად იეჰოვას მოწმეთა ათასობით ბავშვი უსმენს ბიბლიით განსწავლული სინდისის ხმას (საქმეები 5:29).
ასეთი მტკიცე პოზიციის გამო გეითი და მარი „სლიპ ჰილ გრეიდის“ (დასავლეთ ვირჯინია) სკოლიდან გარიცხეს. გოგონების მამამ ყველა ინსტანციის სასამართლოს მიმართა და ბოლოს, შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოში შეიტანა სარჩელი. 1943 წლის 14 ივნისს სასამართლომ შემდეგი გადაწყვეტილება გამოიტანა: სკოლის დირექციას არა აქვს უფლება, ბავშვებს დროშისთვის სალმის მიცემა აიძულოს. სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ იეჰოვას მოწმეები არანაირად „არ შეურაცხყოფენ არც დროშას და არც ქვეყანას“. საქმემ, სახელწოდებით „დასავლეთ ვირჯინიის განათლების საბჭო ბარნეტის წინააღმდეგ“ შეცვალა სამი წლის წინანდელი გადაწყვეტილება „მინერსვილის განათლების საბჭო გობიტისის წინააღმდეგ“, რომლის თანახმადაც საჯარო სკოლებში დროშისთვის სალმის მიცემა სავალდებულოდ ითვლებოდა. *
როდესაც მოსამართლე რობერტ ჯექსონი უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ წერდა, ხატოვანი ენით გამოთქვა უმრავლესობის — ექვსი სამის წინააღმდეგ — შეხედულება: „თუ ჩვენს საკონსტიტუციო თანავარსკვლავედში არსებობს თუნდაც ერთი „ფიქსირებული ვარსკვლავი“, ეს არის ის, რომ არც ერთ თანამდებობის პირს, იქნება ის მაღალი თუ დაბალი რანგის, არ აქვს უფლება, დაადგინოს, რა არის სწორი პოლიტიკაში, ნაციონალიზმში, რელიგიაში ან პირად საკითხებში; არ აქვს უფლება, აიძულოს მოქალაქეები, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია სიტყვით თუ ქმედებით ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში“.
აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ სარგებელი უშუალოდ მოწმეთა შვილებს მოუტანა, თუმცა „ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის“ სამართლის პროფესორი ენდრიუ კოპელმანი ასეთ რამეს აღნიშნავს: „თავისუფლების მოყვარულ ამერიკის მოქალაქეებს უზარმაზარი ვალი მართებთ იეჰოვას მოწმეებისა, რომელთაც სასტიკი და ულმობელი დევნა გადაიტანეს ამერიკაში იმ სამოქალაქო თავისუფლებისთვის ბრძოლის გზაზე, რომლითაც დღეს ყველანი ვხარობთ“.
ამ გადაწყვეტილების სასიკეთო გავლენა გასცდა შეერთებული შტატების ფარგლებს. ფილიპ ბრამლი, იეჰოვას მოწმეების მთავარი მრჩეველი იურიდიულ საკითხებში, აღნიშნავს: „ბარნეტების საქმის წარმატება იქიდანაც გამოჩნდა, რომ არგენტინის, კანადის, კოსტა-რიკის, ინდოეთის, ფილიპინებისა და რუანდის უზენაესი სასამართლოები, აგრეთვე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, დადებითად გამოეხმაურა აღნიშნულ გადაწყვეტილებას და მათ თავადაც დაიწყეს ამ სასამართლო განხილვიდან ციტატებისა და მტკიცებულებების გამოყენება მსგავსი საქმეების დროს“.
2006 წელს გეითი და მარი გამოჩენილ მკვლევართა ჯგუფთან ერთად რობერტ ჯექსონის ცენტრში (ნიუ-იორკი) მიიწვიეს, რათა თავიანთი სასამართლო პროცესის მნიშვნელოვნებაზე ესაუბრათ. მარიმ აღნიშნა: „განსაკუთრებით ის მახარებს, რომ ჩვენმა საქმემ ჩვენ შემდეგ ბევრ ბავშვს გაუწია დახმარება“. გეითმა კი თქვა: „ერთხელ, როცა ჩემი უფროსი ვაჟი მასწავლებელმა დირექტორთან გაგზავნა იმის გამო, რომ დროშას სალამი არ მისცა, დირექტორმა უთხრა, შენს მასწავლებელს აშკარად არ ახსოვს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაო“.
შემდეგ გეითმა ყველა იეჰოვას მოწმის შეხედულება გამოხატა: „ჩვენ პატივს ვცემთ დროშას და მასაც, რასაც ის ასიმბოლოებს. ამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. ჩვენ უბრალოდ არ ვეთაყვანებით მას და არ ვაძლევთ სალამს“ (1 იოანე 5:21).
^ აბზ. 3 Court clerks misspelled the surnames of both the Gobitas and Barnett children.