5 ᲛᲐᲠᲢᲘ, 2024
შეერთებული შტატები
ბიბლიური ცნობა 2024 წლის „სუპერბოულის“ ღონისძიებაზე ჩასულ მრავალ ადამიანს ექადაგა
2024 წლის 11 თებერვალს, „სუპერბოულის“ მატჩი ლას-ვეგასში (ნევადა, აშშ) ჩატარდა. ეს არის პოპულარული ღონისძიება, რომელიც ამერიკული ფეხბურთის პროფესიონალური ლიგის ფარგლებში იმართება. „სუპერბოულის“ მატჩის კვირაში ლას-ვეგასს დაახლოებით 300 000 ადამიანი ესტუმრა. სწორედ ამ პერიოდში ლას-ვეგასის ბულვარში 50 ადგილას დაიდგა ბიბლიური ლიტერატურის სტენდი. ლიტერატურა 9 ენაზე იყო ხელმისაწვდომი. ამ კამპანიაში დაახლოებით 1 500 იეჰოვას მოწმე მონაწილეობდა და მათ ბევრი კარგი შემთხვევაც ჰქონდათ. გვინდა, რამდენიმე მათგანი გაგიზიაროთ.
ერთმა კაცმა სტენდთან გავლისას წაიკითხა ბანერზე მოცემული წარწერა: „განწირულია ჩვენი პლანეტა?“ ის მაშინვე მობრუნდა და იქვე სტენდთან მდგარ იეჰოვას მოწმეებთან მივიდა. მან საუბარში აღნიშნა, რომ ძალიან აღელვებდა მსოფლიო მდგომარეობა; ამიტომ სიამოვნებით მოისმინა ბიბლიაში, კერძოდ, იერემიას 29:11-ში ჩაწერილი სიტყვები, რომ მალე ყველგან მშვიდობა დაისადგურებს. ის ერთ საათზე მეტხანს ელაპარაკა მოწმეებს და კრების შეხვედრაზე დასწრების სურვილიც გამოთქვა.
სხვა ადგილას, სტადიონთან ახლოს მდგარ სტენდის ბანერზე, დაცვის თანამშრომელმა იმავე კითხვას მოჰკრა თვალი: „განწირულია ჩვენი პლანეტა?“ ვინაიდან იმ მომენტში ის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, მოწმეებს უთხრა, რომ ცვლის დასრულების შემდეგ მივიდოდა მათთან. ის ასეც მოიქცა. მან აღნიშნა, რომ ცოტა ხნის წინ ბიბლიის კითხვა დაიწყო. როცა მოწმეებმა ბიბლიის სასწავლო კურსის შესახებ უთხრეს, დაცვის თანამშრომელმა დიდი ინტერესი გამოავლინა. საბოლოოდ, დაიგეგმა, რომ ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე დაუკავშირდებოდა მას.
„სუპერბოულის“ მატჩის წინა დღეს, მოწმეები კარდაკარ მსახურებაში ერთ ქალს შეხვდნენ. მან აღნიშნა, რომ ჩვენი სტენდები ახალ ამბებში ნახა. შემდეგ კი ასეთი რამ უთხრა მოწმეებს: „მაგარ საქმეს აკეთებთ! ამ რთულ დროს მართლა გვჭირდება რაიმე დამაიმედებლის მოსმენა!“. შემდეგ კი იკითხა, თუ სად და როდის ტარდებოდა იმ ტერიტორიაზე იეჰოვას მოწმეების შეხვედრები.
ძალიან გვიხარია, რომ ხალხი კვლავაც ეხმაურება სიბრძნეს, რომელიც ასეთი სპეციალური კამპანიების მეშვეობით „ქუჩაში გაიძახის“ და დიდებას მიაგებს იეჰოვა ღმერთს (იგავები 1:20, 21).