23 ᲘᲐᲜᲕᲐᲠᲘ, 2024
შეერთებული შტატები
გალაადის პირველი კლასის ბოლო კურსდამთავრებული 103 წლის ასაკში გარდაიცვალა
2023 წლის 23 ნოემბერს „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური ინსტიტუტის, „გალაადის“, პირველი კლასის კურსდამთავრებული, მერი ლარიმერი გარდაიცვალა. a მერი 1920 წლის 4 ივნისს სენერი ჰილში (პენსილვანია, აშშ) დაიბადა. ის 1935 წელს ვაშინგტონში გამართულ რეგიონულ კონგრესზე მოინათლა 15 წლის ასაკში. ოთხი წლის შემდეგ მან პიონერობა დაიწყო და მალევე მოიპოვა გულმოდგინე მქადაგებლის სახელი.
1942 წლის დეკემბერში მერიმ იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაციის პრეზიდენტის, ნეითან ნორისგან მიიღო მოწვევა ახლად დაარსებულ „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიურ ინსტიტუტ „გალაადში“ სასწავლებლად. წერილში აღნიშნული იყო, რომ ახალი სასწავლებლის შექმნის მიზანი და-ძმების მისიონერული მსახურებისთვის მომზადება იყო. ისინი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაიგზავნებოდნენ სასიხარულო ცნობის საქადაგებლად. იქ ეწერა: „თითოეული კლასის ხანგრძლივობა 5 თვე იქნება . . . ამ მცირე დროში მთელი პროგრამის გავლა რომ მოასწრო, საჭიროა გულმოდგინე შრომა და დაუღალავი მეცადინეობა“. მერიმ დაუყოვნებლივ შეავსო ბლანკი და გაგზავნა.
1943 წლის 1 თებერვალს მერი 99 სტუდენტთან ერთად შეუდგა პირველ კლასში სწავლას. სასწავლებელი სამხრეთ ლანსინგში (ნიუ-იორკი, აშშ) მდებარეობდა. ხუთთვიანი კურსის განმავლობაში მერი დაუღალავად შრომობდა და იკვლევდა წმინდა წერილებს. ის ბრწყინვალე მოსწავლე იყო. მერიმ გალაადის ინსტიტუტი 1943 წლის 23 ივნისს დაამთავრა.
კურსის დამთავრების შემდეგ მერი მისიონერად გაგზავნეს კუბაში. როდესაც იქ მსახურებისას წამოჭრილი სირთულეების შესახებ საუბრობდა, მან აღნიშნა: „ხალხი ძალიან ღარიბულად ცხოვრობდა. ძირითადად ფეხით დავდიოდით . . . მანქანა არ გვყავდა“. მერი თავის დავალებას 1948 წლამდე ასრულებდა. შემდეგ ის პენსილვანიაში დაბრუნდა, დედისთვის რომ მოევლო, რომელსაც სერიოზული ფიზიკური ტრავმა ჰქონდა მიღებული. მერი ათწლეულების განმავლობაში ემსახურებოდა იეჰოვას ერთგულად და სრულად იყო ჩართული ქადაგებაში და სხვადასხვა თეოკრატიულ საქმიანობაში. ის არ დაოჯახებულა. სიკვდილის წინ მერი „გლენდეილის“ კრებაში მსახურობდა, კალიფორნიაში (აშშ).
ამჟამად, ბიბლიური სკოლა „გალაადი“ მდებარეობს პატერსონში (ნიუ-იორკი) და ის ახლა 155-ე კლასს მასპინძლობს. როცა მარკ ნიუმარმა, სკოლის ერთ-ერთმა ინსტრუქტორმა, მერის გარდაცვალების შესახებ გაიგო, აღნიშნა: „მერი ლარიმერი ერთ პატარა ქალაქში გაიზარდა, მაგრამ მზად იყო, წასულიყო ყველგან, სადაც კი გაგზავნიდნენ სასიხარულო ცნობის საქადაგებლად. ის ახალგაზრდობიდანვე გამოირჩეოდა მსახურებისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებით. მერის მსგავსმა მისიონერებმა კარგი საფუძველი შექმნეს მსოფლიო სამქადაგებლო საქმის წინსვლისთვის“ (ესაია 6:8).
a 1946 წელს „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიურ ინსტიტუტ „გალაადს“ სახელი შეუცვალეს და უწოდეს „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადი“.