არჩეულ მასალაზე გადასვლა

2021 წლის 1 ოქტომბერი
შეერთებული შტატები

გამოიცა მათეს სახარება ჰმონგურ ენაზე

გამოიცა მათეს სახარება ჰმონგურ ენაზე

2021 წლის 25 სექტემბერს ჰმონგურ ენაზე გამოიცა მათეს სახარება ელექტრონული ფორმატით. ამ გამოცემის შესახებ ონლაინრეჟიმში გამართულ სპეციალურ შეხვედრაზე განცხადება გააკეთა ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ძმა ჯეფრი ჯექსონმა. პროგრამას მთელ მსოფლიოში 2 500-ზე მეტი ადამიანი ადევნებდა თვალს.

ეს არის ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ პირველი წიგნი, რომელიც ჰმონგურ ენაზე გამოიცა. ამ ენაზე მთელ მსოფლიოში 3,9 მილიონზე მეტი ადამიანი საუბრობს. a ტრადიციულად ჰმონგები ანიმიზმისა და შამანიზმის მიმდევრები არიან.

1970-იან წლებში ჰმონგების დიდმა ნაწილმა ტაილანდში ლტოლვილთა ბანაკებს შეაფარა თავი. საბოლოოდ ბევრი მათგანი დასავლეთ ევროპაში დასახლდა, ზოგი კი შეერთებულ შტატებში ემიგრირდა.

დღეს ჰმონგურენოვანი მოსახლეობა შეერთებულ შტატებში ძირითადად კალიფორნიაში, მინესოტასა და უისკონსინში სახლობს. იეჰოვას მოწმეებმა ჰმონგურ ენაზე ლიტერატურის თარგმნა 2007 წელს დაიწყეს. 2012 წელს აშენდა მთარგმნელობითი ოფისი საკრამენტოში (კალიფორნია).

მთარგმნელებმა მათეს სახარებაზე მუშაობა სამ თვეში დაასრულეს. ტექსტის კორექტირებაზე 5 ქვეყანაში მცხოვრები და-ძმებისგან შემდგარი ჯგუფი მუშაობდა.

მთარგმნელები საკმაოდ რთული და უჩვეულო პრობლემების წინაშე აღმოჩნდნენ, რადგან სალიტერატურო ენის ნორმები ჰმონგურში დღემდე არ არის ჩამოყალიბებული. მათი დამწერლობა მხოლოდ 1950-იან წლებში შეიქმნა.

ამ ენაზე ბიბლიის პირველი თარგმანები 1980-იან წლებში გაკეთდა, თუმცა ეს ბიბლიები იმდენად ძვირი ღირდა, რომ ჰმონგი მოსახლეობის უმეტესობას მათზე ხელი არ მიუწვდებოდა. თარგმანებში ბევრი უზუსტობაც იყო, რაც აზრს ამახინჯებდა. მაგალითად, ბიბლიის ერთ თარგმანში ღვთის სახელი „იეჰოვა“ ჰმონგი ხალხის ლეგენდარული გმირის სახელით იყო ჩანაცვლებული.

ერთი მთარგმნელი ახალ თარგმანთან დაკავშირებით ასეთ რამეს ამბობს: „როგორც იქნა, გულწრფელი ადამიანები წმინდა წერილებში ღვთის სახელს, იეჰოვას, წაიკითხავენ და მასთან დამეგობრებას შეძლებენ. ამაზე წლებია, ვლოცულობთ“.

მკითხველები მადლიერნი არიან ასეთი მაღალი ხარისხის თარგმანისთვის. ერთმა აღნიშნა: „როცა მათეს სახარება ჰმონგურ ენაზე წავიკითხე, გაოცებული დავრჩი, იმხელა ემოცია გამოიწვია წაკითხულმა ჩემში. თითქოს ყველაფერი ჩემ თვალწინ გაცოცხლდა“.

ჰმონგურ ენაზე მათეს სახარების გამოცემა კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ იეჰოვა მიუკერძოებელი ღმერთია და ზრუნავს, რომ მისი სიტყვა ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, ვინც მას ეძებს (საქმეები 10:34, 35).

a მკვლევრებს უჭირთ ჰმონგი მოსახლეობის ზუსტი რიცხვის დადგენა. დაახლოებით 2,7 მილიონი ჰმონგი ჩინეთის სამხრეთ პროვინციებში ცხოვრობს, 1,2 მილიონი — ჩრდილოეთ ვიეტნამში, ლაოსში, ტაილანდსა და აღმოსავლეთ მიანმარში, 170 000-ზე მეტი კი — შეერთებულ შტატებში.