არჩეულ მასალაზე გადასვლა

2015 წლის 27 აპრილი
შეერთებული შტატები

სამოქალაქო უფლებების დამცველის ჰეიდენ კოვინგტონის მეუღლე, დოროთი კოვინგტონი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა

სამოქალაქო უფლებების დამცველის ჰეიდენ კოვინგტონის მეუღლე, დოროთი კოვინგტონი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა

დოროთი მაე სენეტ კოვინგტონი, რომელიც მე-20 საუკუნის 40—50-იან წლებში აქტიურად იბრძოდა იეჰოვას მოწმეების სამოქალაქო უფლებების დასაცავად, 2015 წლის 14 მარტს ცინცინატში (ოჰაიოს შტატი, აშშ) 92 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბრძოლა კონსტიტუციური უფლებებისთვის

40-იან წლებში დოროთი იურიდიულ საქმეებში დახმარებას უწევდა იეჰოვას მოწმეების სამოქალაქო უფლებების დამცველს ვიქტორ შმიდტს, რომელიც თავადაც იეჰოვას მოწმე იყო. იმ დროს შეერთებულ შტატებში იეჰოვას მოწმეები სასტიკად იდევნებოდნენ. ამის მიზეზი მეორე მსოფლიო ომის გამწვავების შედეგად ქვეყანაში გამეფებული პატრიოტული სულისკვეთება იყო. მოწმეები მონაწილეობას არ იღებდნენ ნაციონალურ ცერემონიალებში და სინდისის გამო უარს ამბობდნენ სამხედრო სამსახურზე, ეს კი ეწინააღმდეგებოდა იმ სულს, რომელსაც მაშინდელი საზოგადოება მოეცვა. როგორც ერთ წიგნში ეწერა, „1941—1943 წლებში იეჰოვას მოწმეების დევნა მე-20 საუკუნის ამერიკაში რელიგიური შეუწყნარებლობის ყველაზე მასშტაბური გამოვლინება იყო“ (The Lustre of Our Country).

გახელებული ბრბო თავს ესხმოდა ხოლმე იეჰოვას მოწმეებს; მათ აპატიმრებდნენ მთელი შეერთებული შტატების მასშტაბით, მათ შორის ცინცინატში (ოჰაიო) და მის შემოგარენში, აგრეთვე მეზობლად მდებარე ინდიანას შტატში. ვიქტორ შმიდტს უსამართლოდ დაპატიმრებული მოწმეების დასაცავად ხშირად უწევდა ამ რეგიონში ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლა. დოროთი ამასობაში შმიდტის ოფისში იურიდიულ დოკუმენტებთან მუშაობით იყო დაკავებული; ამავე დროს, იგი აქტიურად მონაწილეობდა სამქადაგებლო მსახურებაში და არ უშინდებოდა გაცოფებული ბრბოს მუქარას.

დოროთის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები კონერსვილში (ინდიანას შტატი) განვითარდა, რასაც მოგვიანებით გამხეცებული ბრბოს თავდასხმა მოჰყვა. 1940 წელს უზენაესმა სასამართლომ დროშისთვის სალმის მიცემასთან დაკავშირებულ საქმეზე „მინერსვილის განათლების საბჭო გობიტისის წინააღმდეგ“ მოწმეების საწინააღმდეგოდ მიიღო გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 17 დღის შემდეგ შერიფმა ექვსი იეჰოვას მოწმე დააპატიმრა და დროშის შებღალვაში დასდო ბრალი სამკერდე ნიშანზე გამოსახული დროშისთვის სალმის მიცემაზე უარის თქმის გამო. ვიქტორ შმიდტმა და ჰეიდენ კოვინგტონმა, რომელიც იეჰოვას მოწმეების მთავარი იურისკონსულტი იყო 1939 — 1963 წლებში, კონერსვილში ერთად დაიცვეს ამ ექვსი მოწმიდან ორი, რომლებსაც მოგვიანებით შეთქმულებაშიც დასდეს ბრალი.

ვიქტორ შმიდტი

სასამართლოზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმის შემდეგ ჰეიდენ კოვინგტონი დაუყოვნებლივ გადაფრინდა მენის შტატში, სადაც სხვა სასამართლო პროცესი უნდა გამართულიყო, ხოლო ვიქტორ შმიდტი და მისი მეუღლე დარჩნენ და მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღებას ელოდნენ. მოგვიანებით ვიქტორს, მის მეუღლესა და სხვებს გაცოფებული ბრბო დაესხა თავს და სასტიკად გაუსწორდა, თუმცა საბოლოოდ, მათ მოახერხეს გაქცევა.

სიკვდილამდე სამი კვირით ადრე მიცემულ თავის ინტერვიუში დოროთიმ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 თვის შემდეგ კონერსვილში 75 იეჰოვას მოწმე დააპატიმრეს და მათაც უსამართლოდ დასდეს ბრალი შეთქმულებაში. „ბევრი მოწმე დააპატიმრეს, — ამბობს დოროთი. — ეს ის დრო იყო, როცა კონერსვილში დევნამ კულმინაციას მიაღწია“.

ჰეიდენ კოვინგტონი, ვიქტორ შმიდტი და სხვები განაგრძობდნენ ბრძოლას იეჰოვას მოწმეების უფლებების დასაცავად. კოვინგტონმა და შმიდტმა მიაღწიეს იმას, რომ კონერსვილში მოწმეების წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება გაუქმებულიყო. იურიდიულ საქმეებში თანამშრომლობისას დოროთი და ჰეიდენი დამეგობრდნენ, რასაც 1949 წელს მათი ქორწინება მოჰყვა.

მსახურება იეჰოვას მოწმეების მსოფლიო მთავარ სამმართველოში

დოროთი და ჰეიდენ კოვინგტონები

დოროთი ნიუ-იორკში, მსოფლიო მთავარ სამმართველოში გადავიდა და ერთგულად უჭერდა მხარს თავის მეუღლეს, ჰეიდენს, რომელსაც რთული სამუშაოს შესრულება უწევდა. ვიდრე ჰეიდენი იურიდიულ ბრძოლებში იყო ჩაბმული, დოროთი სამქადაგებლო მსახურებას უთმობდა დროს. ჰეიდენ კოვინგტონი თავისი დროის კონსტიტუციური სამართლის მცოდნე ერთ-ერთი საუკეთესო იურისტი იყო. ის მუშაობდა ასობით იურიდიულ საქმეზე, რომელთა ნაწილი მოწმეების სამოქალაქო უფლებების დაცვას ეხებოდა. კოვინგტონმა 40-ზე მეტჯერ დაიცვა კონსტიტუციური უფლებები აშშ-ს უზენაეს სასამართლოში და 100-ზე მეტჯერ ფედერალური ოლქის სააპელაციო სასამართლოში.

დოროთი ჰეიდენის გვერდით იყო, როდესაც ის უზენაეს სასამართლოში იეჰოვას მოწმეების სახელით გამოდიოდა. იგი ამბობს: „ჰეიდენი იმ უფლებებისთვის იბრძოდა, რომელიც დღეს ჩვენ ჩვეულ რამედ მიგვაჩნია. მართლაც შესანიშნავია, რომ მან თავისი ცხოვრება იმ ადამიანებისთვის გალია, ვინც დახმარებას საჭიროებდა არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც“.

ოჯახი და მსახურება

1959 წელს დოროთის და ჰეიდენს ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც ლინი დაარქვეს, ხოლო სამი წლის შემდეგ ვაჟი, ლეინი. 1972 წელს ჰეიდენების ოჯახმა დატოვა ნიუ-იორკი და ოჰაიოს შტატში გადავიდა საცხოვრებლად. დოროთი დროს არ ზოგავდა, რომ შვილებისთვის ბიბლიური პრინციპები ჩაენერგა. მის ცხოვრებაში მსახურებას ყოველთვის უმთავრესი ადგილი ეკავა.

ჰეიდენი 1978 წლის 21 ნოემბერს გარდაიცვალა. დოროთი დაუბრუნდა თავის ძველ პროფესიას; ის საბეჭდ მანქანებს აწყობდა სხვადასხვა რედაქციისთვის, რომელთაგან ერთ-ერთი ცინცინატში (ოჰაიოს შტატი) იყო განთავსებული. ასეთი ასოთასაწყობი მანქანების აწყობა მამაკაცის საქმედ ითვლებოდა, რადგან საკმაოდ შრომატევადი სამუშაო იყო; მასში ტექსტის ჩამოსასხმელად განკუთვნილი ლითონის ფილების მანქანაში ჩამონტაჟება შედიოდა. 1988 წელს პენსიაზე გასვლის შემდეგ ხალხისთვის ბიბლიური ცნობა რომ გაეზიარებინა, დოროთი კვლავ სრული დროით მსახურებას შეუდგა. იგი ცნობილი იყო თავისი დაუცხრომელი ენთუზიაზმითა და ბიბლიური საკითხების ღრმა ცოდნით. მას შეეძლო დასმულ კითხვაზე საპასუხოდ მყისვე გადაეშალა ბიბლია და შესაბამისი მუხლი ამოეკითხა.

დოროთის ვაჟი ლეინი მის სიცოცხლეში გარდაიცვალა. მას გვერდით ჰყავდა ქალიშვილი ლინ ელფერსი და მისი მეუღლე გარი ელფერსი, აგრეთვე ორი შვილიშვილი და უმცროსი და რუთი სენეტ ნაიდსი.