არჩეულ მასალაზე გადასვლა

2014 წლის 25 სექტემბერი
შეერთებული შტატები

საერთაშორისო კონგრესის მოკლე მიმოხილვა: იეჰოვას მოწმეებმა „მეტლაიფის“ სტადიონზე ისტორიული მნიშვნელობის კონგრესები გამართეს

საერთაშორისო კონგრესის მოკლე მიმოხილვა: იეჰოვას მოწმეებმა „მეტლაიფის“ სტადიონზე ისტორიული მნიშვნელობის კონგრესები გამართეს

ნიუ-იორკი — 2014 წლის 20—22 და 27—29 ივნისს ნიუ-ჯერზიში „მეტლაიფის“ სტადიონზე უამრავმა იეჰოვას მოწმემ მოიყარა თავი; ისინი დაესწრნენ კონგრესს, სახელწოდებით „უპირველესად ეძებეთ ღვთის სამეფო!“. ამ კონგრესების პროგრამა ჯერ ინგლისურად ჩატარდა, ხოლო შემდეგ — ესპანურად.

ორივე კვირაში ჩატარებულ ამ კონგრესებს მთლიანობაში 118 000-ზე მეტი კაცი დაესწრო. ეს ორი დიდი შეკრება ბოლო ათწლეულების მანძილზე ნიუ-იორკის აგლომერაციაში მოწმეების მიერ ჩატარებული ყველაზე მასშტაბური კონგრესები იყო. 407 000-ზე მეტი მოწმე ვიდეოტრანსლაციის მეშვეობით სხვა ქალაქებიდან ადევნებდა თვალს პროგრამის სხვადასხვა ნაწილს. სულ 525 500-ზე მეტმა ადამიანმა მოისმინა ამ კონგრესის პროგრამა.

პროგრამის არაერთ ნაწილში წარმოდგენილი იყო რეალური შემთხვევების ინსცენირებები და ვიდეორგოლები, საიდანაც გამოჩნდა, თუ როგორ შეიძლება ბიბლიური პრინციპების ცხოვრებაში გამოყენება. ორივე კონგრესზე ყოველი დღის ბოლოს მოხსენებით გამოდიოდა ხელმძღვანელი საბჭოს წევრი. 20—22 ივნისს დამსწრეთა წინაშე წარდგა დეივიდ სპლეინი, ხოლო 27—29 ივნისს — ჯეფრი ჯექსონი.

ამ კონგრესებზე ბევრი მოინათლა. ამ სტადიონზე 1 255, ხოლო სხვა ადგილებში, სადაც კონგრესის პროგრამა პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემოდა, 2 930 კაცი მოინათლა. მთლიანობაში მონათლულთა რიცხვმა 4 185 შეადგინა.

დამსწრეთა შორის იყვნენ მოწვეული დელეგატები ავსტრალიიდან, არგენტინიდან, ბელიზიდან, ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, გვატემალიდან, ესპანეთიდან, ვენესუელიდან, იტალიიდან, კოსტა-რიკიდან, მალაიზიიდან, მექსიკიდან, ნიკარაგუიდან, პანამიდან, პერუდან, საბერძნეთიდან, სალვადორიდან, ჩილედან და ჰონდურასიდან.

იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი რიჩარდ ბრაუნი აღნიშნავს: «ამ კონგრესებმა ბევრ ჩვენგანს გაგვახსენა 1958 წელს ნიუ-იორკში გამართული ისტორიული მნიშვნელობის კონგრესი. იანკისა და პოლო-გრაუნდსის სტადიონებზე ჩატარებულ ამ კონგრესს მთლიანობაში 253 000-ზე მეტი კაცი დაესწრო. წელს „მეტლაიფის“ სტადიონზე გამართული კონგრესებიც იეჰოვას მოწმეთა ისტორიაში, უეჭველად, განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებს».

საკონტაქტო პირი:

საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000