არჩეულ მასალაზე გადასვლა

2015 წლის 13 მაისი
შეერთებული შტატები

ამერიკული ჟესტური ენის მთარგმნელობითი ჯგუფი პატერსონიდან ფლორიდაში გადავიდა

ამერიკული ჟესტური ენის მთარგმნელობითი ჯგუფი პატერსონიდან ფლორიდაში გადავიდა

ფორტ-ლოდერდეილი, ფლორიდა — 2014 წლის 14 ნოემბერს იეჰოვას მოწმეებმა დაიწყეს ამერიკული ჟესტური ენის მთარგმნელობითი ჯგუფის გადაყვანა პატერსონიდან, „საგუშაგო კოშკის“ საგანმანათლებლო ცენტრიდან (ნიუ-იორკი, აშშ), ფორტ-ლოდერდეილში (ფლორიდა, აშშ). მოწმეები ბიბლიასა და ბიბლიურ ლიტერატურას ამერიკულ ჟესტურ ენაზე პატერსონში 1995 წლიდან თარგმნიდნენ. ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე მოწმეები ფორტ-ლოდერდეილში ოფისებისა და ჩამწერი სტუდიების მოწყობაზე მუშაობდნენ. 2015 წლის მაისში მთარგმნელობითი ოფისი უკვე მზად იყო ფუნქციონირებისთვის.

იეჰოვას მოწმეების მიერ ამერიკულ ჟესტურ ენაზე მომზადებული ვიდეომასალა ხელმისაწვდომია მათ ვებ-გვერდზე jw.org და DVD დისკებზე. მოწმეები ამ ვიდეომასალებს ყოველკვირეულად იყენებენ მსოფლიო მასშტაბით 500-ზე მეტ კრებაში, აგრეთვე კონგრესებზე, რომლებიც წლის განმავლობაში არაერთხელ ტარდება.

ჯონათან გალვეზი, რომელიც ფლორიდაში ამერიკული ჟესტურ ენის ჯგუფს უწევს ზედამხედველობას, აღნიშნავს: «ჩვენ გვსურს, რომ მომზადებული ვიდეომასალა ადვილი გასაგები იყოს ამერიკულ ჟესტურ ენაზე მოსაუბრეთათვის, მიუხედავად მათი წარმომავლობისა თუ განათლებისა. ამერიკულ ჟესტურ ენაზე დაახლოებით 45 ქვეყანაში საუბრობენ და, როგორც ჩვეულებრივი სამეტყველო ენის შემთხვევაში, სმენადაქვეითებულებიც განსხვავებული „აქცენტით“ ჟესტიკულირებენ. ახლა ჩვენს მთარგმნელობით საქმიანობას აქ, ფორტ-ლოდერდეილში გავაგრძელებთ, სადაც ჩვენი მთარგმნელები ხელსაყრელ გარემოში აღმოჩნდნენ, რადგან ამ ქალაქში უამრავი სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანი ლაპარაკობს საერთაშორისო ამერიკულ ჟესტურ ენაზე».

2014 წელს ფრანკ ბეჩტერი, რომელსაც დოქტორის ხარისხი აქვს მინიჭებული სოციოკულტურასა და ლინგვისტურ ანთროპოლოგიაში, რიჩმონდში (ვირჯინიის შტატი) ამერიკულ ჟესტურ ენაზე ჩატარებულ რეგიონულ კონგრესს დაესწრო. დოქტორი ბეჩტერი ლიგვისტურ-ანტროპოლოგიური კვლევებით იყო დაკავებული და სურდა, მეტი გაეგო იმის შესახებ, თუ როგორ ურთიერთობენ სმენადაქვეითებულები. კონგრესზე დასწრების შემდეგ ფრანკ ბეჩტერი თავის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს: „ქალაქ რიჩმონდში გამართულ შეხვედრაზე თქვენი ორგანიზაციის მიერ ამერიკულ ჟესტურ ენაზე წარმოდგენილი მასალა და ნათარგმნი პუბლიკაციები მაღალ დონეზე იყო შესრულებული; განსაკუთრებით აღვნიშნავდი იმას, რომ თქვენ ხშირად იყენებდით ბიბლიური მუხლების ვიდეოჩანაწერებს, რომლებიც შესანიშნავად იყო მომზადებული. მინდა ისიც დავძინო, რომ თქვენ მიერ გამოყენებული ამერიკული ჟესტური ენა საკმაოდ დახვეწილია. დიდად ვაფასებ მოწმეების თავდაუზოგავ მცდელობას, რასაც ბიბლიის ამერიკულ ჟესტურ ენაზე თარგმნას ახმარენ, რადგან ეს არის წიგნი, რომელიც მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას შეიცავს. ჩემი აზრით, სმენადაქვეითებულებს სხვების მსგავსად უნდა მიუწვდებოდეს ხელი ამ ფასდაუდებელ წიგნზე, რომელიც დიდ გავლენას ახდენს მთელი მსოფლიოს ხალხებზე“.

მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეების მთარგმნელობითი ჯგუფები ამზადებენ და უსასყიდლოდ ავრცელებენ უამრავ ვიდეომასალას დაახლოებით 80 ჟესტურ ენაზე. მოწმეებმა აგრეთვე მოამზადეს აპლიკაცია JW ბიბლიოთეკა ჟესტურ ენაზე, რაც აადვილებს ვებ-გვერდიდან jw.org ჟესტურ ენაზე მომზადებული ვიდეორგოლების ჩამოტვირთვას, კატეგორიებად დაჯგუფებასა და ყურებას.

საკონტაქტო პირი:

საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000