ამერიკის შეერთებული შტატები
იეჰოვას მოწმეების ისტორია ამერიკის შეერთებულ შტატებში მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან იწყება. ამ პერიოდში ჩარლზ ტეიზ რასელმა თავის თანამოაზრეებთან ერთად ჩამოაყალიბა ბიბლიის შემსწავლელთა ჯგუფი. მომდევნო წლებში მათ ლიტერატურის გამოცემა დაიწყეს და ჩამოაყალიბეს გაერთიანება, რომელიც მოგვიანებით პენსილვანიის „საგუშაგო კოშკის“, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოების სახელით გახდა ცნობილი. მათი მთავარი სამმართველოს პირველი ოფისი გაიხსნა ალეგანიში (პენსილვანია).
დღეს იეჰოვას მოწმეები შეერთებულ შტატებში თავისუფლად ეწევიან თავიანთ რელიგიურ საქმიანობას. მაგრამ მე-20 საუკუნის დასაწყისში ისინი სასტიკ წინააღმდეგობას წააწყდნენ არასწორად ინფორმირებული სახელმწიფო მოხელეების და მტრულად განწყობილი სამღვდელოების მხრიდან. განსაკუთრებით 30-იან და 40-იან წლებში მოწმეებს არაერთ იურიდიულ ბრძოლაში მოუწიათ ჩაბმა. პოლიცია მათ აკავებდა საჯაროდ ქადაგების გამო; მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებიდან რიცხავდნენ იეჰოვას მოწმე ბავშვებს, რადგან ისინი უარს ამბობდნენ დროშისთვის სალმის მიცემაზე; ფედერალური სასამართლოები ათასობით ახალგაზრდა მოწმეს ასამართლებდნენ სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო. თუმცა, საბოლოოდ, შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ ამ საქმეების თაობაზე მოწმეების სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილებები.
დღემდე მოწმეებმა 50 საქმე მოიგეს უზენაეს სასამართლოში. მათ შტატებისა თუ ფედერალურ სასამართლოებშიც მოიგეს არაერთი საქმე, რომლებიც ეხებოდა პაციენტის უფლებებს, შვილების მეურვეობას, მშენებლობის ნებართვას, დისკრიმინაციას სამუშაოზე და იმიგრაციას. ეს გამარჯვებები კონსტიტუციური კანონის დახვეწას მოემსახურა და სიტყვის, მედიის, შეკრებისა და რელიგიის თავისუფლების გარანტი გახდა მთელ შეერთებულ შტატებში; მეტიც, ამ გამარჯვებებმა დადებითი გავლენა იქონია მაღალი ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებებზე მთელ მსოფლიოში.