2017 წლის 22 მაისი
შეერთებული შტატები
იეჰოვას მოწმეებმა ახალ მსოფლიო მთავარ სამმართველოში მეორე ღია კარის დღე მოაწყვეს
ნიუ-იორკი — 2017 წლის 29 აპრილს იეჰოვას მოწმეებმა უორიკში (ნიუ-იორკი) ახალ მსოფლიო მთავარ სამმართველოში მეორედ გამართეს ღია კარის დღე, რომელზეც უფრო მეტი დამთვალიერებელი მოვიდა, ვიდრე პირველ ღია კარის დღეზე.
ამჯერად მთავარ სამმართველოს 468 დამთვალიერებელი ეწვია, რაც 18 პროცენტით აღემატება გასულ შაბათს მოსული სტუმრების რაოდენობას. „გვიხარია, რომ ამდენი მეზობელი გვესტუმრა. აღსანიშნავია ისიც, რომ სტუმრებს შორის იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც, რომელთაც ახალ შენობებში ექსკურსია ჩაუტარდათ. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ისე მოიხიბლნენ პირველ ღია კარის დღეზე, რომ მეორედაც მოვიდნენ“, — აღნიშნავს მთავარი სამმართველოს კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველი ტროი სნაიდერი.
ორივე ღია კარის დღე შაბათს, 10:00-დან 16:00 სთ-მდე, მიმდინარეობდა. საერთო ჯამში შენობების დასათვალიერებლად 863 ადამიანი მოვიდა. ტროი სნაიდერი დასძენს: „ვფიქრობთ, რომ ღია კარის დღემ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა სტუმრებზე, რომელთაგანაც ბევრმა არ დაიშურა საქებარი სიტყვები. თუ ჩვენს მეზობლებს კვლავ გაუჩნდებათ სურვილი, მოვიდნენ ჩვენი შენობებისა და მუზეუმის დასათვალიერებლად, სიამოვნებით ჩავუტარებთ მათ ექსკურსიას“.
ტაქსიდოში მცხოვრები ერთი ქალბატონი ინგრიდ მაგერი ღია კარის დღის ერთ-ერთი სტუმარი იყო. ინგრიდი 18 წელი ნიკელის საერთაშორისო კომპანიის მეტალურგიულ ლაბორატორიაში მუშაობდა. მას კარგად ახსოვს, როგორ გამოიყენებოდა უწინ ეს ტერიტორია, რომელიც ამ კომპანიის საკუთრებას წარმოადგენდა. აი რას ამბობს ქალბატონი მაგერი: „მიხარია იმის დანახვა, რაც ამ ტერიტორიაზე გაკეთდა. ის წლების მანძილზე დაუსახლებელი იყო და ყველას გვაინტერესებდა, რა ბედი ეწეოდა აქაურობას. თქვენ ბევრი იშრომეთ იმისთვის, რომ ეს ადგილი კიდევ უფრო გაგელამაზებინათ. ვფიქრობ, თქვენი სახით კარგი მეზობლები შევიძინეთ. თქვენ [იეჰოვას მოწმეები] თანამგრძნობები და ძალიან მზრუნველები ხართ; უფრთხილდებით გარემოს და ყოველთვის მზად ხართ, სხვებს დახმარების ხელი გაუწოდოთ. ნამდვილად გაგვიმართლა, რომ ჩვენი მეზობლები გახდით“.
ინჟინერი უილიამ ჰოპე, რომელიც ბოლო ორი წლის მანძილზე ამოწმებდა, თუ როგორ მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები უორიკში, ასეთ რამეს ამბობს: „დასრულებული შენობების შემხედვარე ვრწმუნდები, რომ მაქსიმალურად ცდილობდით, მშენებლობის მაღალი სტანდარტები დაგეცვათ... გამაოცა იმან, თუ რამხელა ყურადღებას უთმობდით ეკოსისტემის დაცვასა და შენარჩუნებას. ყველაფერს ისე აკეთებდით, რომ გარემოსთვის ზიანი არ მიგეყენებინათ. ვფიქრობ, სხვა მშენებლებმა თქვენგან უნდა ისწავლონ!“
საკონტაქტო პირი:
დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000