არჩეულ მასალაზე გადასვლა

31 მაისი, 2013
შეერთებული შტატები

იეჰოვას მოწმეებმა ისტორიული შენობა გაარემონტეს

იეჰოვას მოწმეებმა ისტორიული შენობა გაარემონტეს

ნიუ-იორკი — იეჰოვას მოწმეების მიერ ექვსთვიანი სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ 2013 წლის 13 აპრილს კვლავ გაიხსნა ისტორიული მნიშვნელობის სტენლის თეატრის შენობა (ჯერზი-სიტი, ნიუ-ჯერზი). თითქმის 30 წელია, რაც იეჰოვას მოწმეები ამ შენობას საკონგრესო დარბაზად იყენებენ, სადაც სხვადასხვა სახის ფართომასშტაბიანი შეხვედრები ეწყობა. ეს შენობა იმ მიზნით გარემონტდა, რომ კვლავაც დაუჭიროს მხარი არაკომერციულ ბიბლიურ საგანმანათლებლო საქმიანობას.

ეს შენობა ყოველწლიურად 250 000-ზე მეტ ადამიანს მასპინძლობს. სტუმართათვის კიდევ უფრო კომფორტული იქნება შეხვედრებზე დასწრება, რადგან დამონტაჟდა ახალი სავარძლები. მთავარი დარბაზი და სხვა დარბაზები აღჭურვილია უახლესი ვიდეოსისტემით, რომლის წყალობითაც სმენადაქვეითებულები შეძლებენ თვალი ადევნონ პროგრამას ამერიკულ ჟესტურ ენაზე.

სარემონტო სამუშაოებში, ძირითადად, მოხალისე იეჰოვას მოწმეები მონაწილეობდნენ. ისინი სხვადასხვა შტატიდან ჩავიდნენ, რათა გაერემონტებინათ ძველი შენობა, რომელიც ისტორიული მნიშვნელობისაა.

სტენლის თეატრმა XX საუკუნის 20-იანი წლების მიწურულს დაიწყო ფუნქციონირება ნიუ-ჯერზიში. ის ერთ-ერთი უდიდესი კინოთეატრია, რომელიც ოდესმე აშენებულა ამერიკის შეერთებულ შტატებში. 1978 წელს თეატრი დაიხურა, მაგრამ 1983 წელს ის იეჰოვას მოწმეებმა შეიძინეს და ამის წყალობით ამ ისტორიულმა ნაგებობამ დღემდე მოაღწია. თეატრის შენობის კარი კიდევ ერთხელ გაიღო 1985 წელს და მას შემდეგ იეჰოვას მოწმეები ამ შენობას ბიბლიური საგანმანათლებლო საქმიანობისთვის იყენებენ.

იეჰოვას მოწმეთა პრეს-მდივანმა ჩატარებულ სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით აღნიშნა: „სტენლის თეატრი დღეს თაყვანისმცემლობის ადგილია, სადაც ადამიანები 15-ზე მეტ ენაზე ისმენენ ბიბლიურ ჭეშმარიტებას. ნიუ-ჯერზის მაცხოვრებელთათვის თეატრის შენობა ძვირფასია და ჩვენი ორგანიზაციაც მოხარულია, რომ ეს ნაგებობა ისტორიას შემოუნახა“.

საკონტაქტო პირი:

საერთაშორისო: ჯ. ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000