არჩეულ მასალაზე გადასვლა

2015 წლის 27 თებერვალი
შეერთებული შტატები

იეჰოვას მოწმეებს აჯილდოებენ ეკოლოგიური მშენებლობისთვის

იეჰოვას მოწმეებს აჯილდოებენ ეკოლოგიური მშენებლობისთვის

ნიუ-იორკი — იეჰოვას მოწმეებმა, რომლებიც მთელ მსოფლიოში ბიბლიური საგანმანათლებლო საქმიანობით არიან ცნობილი, ჯილდო მიიღეს ეკოლოგიური დიზაინისა და მშენებლობისთვის.

ორგანიზაცია „Green Building Initiative“-მა (GBI) სერთიფიკატები გადასცა იეჰოვას მოწმეებს უოლკილში (ნიუ-იორკი, შეერთებული შტატები) განთავსებული ფილიალის ორი ახალი შენობისთვის: „საგუშაგო კოშკის“ სამეურნეო ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი სახლისთვის (F), რომლის მშენებლობაც 2012 წლის ბოლოსთვის დასრულდა და საოფისე შენობისთვის, რომელზე მუშაობაც 2014 წელს დაასრულეს. ორივე შენობისთვის მოწმეებმა ზემოხსენებული ორგანიზაციის უმაღლესი ჯილდო, „Four Green Globes“, მიიღეს.

„საგუშაგო კოშკის“ საოფისე შენობა უოლკილში

GBI-ის მარკეტინგის დირექტორი, შაინა სალივანი აღნიშნავს: «მთელ მსოფლიოში ჩვენი პროგრამის ფარგლებში შეფასებული შენობების 4-მა პროცენტმაც კი ვერ მიიღო „Four Green Globes“-ის სერტიფიკატი». ქალბატონმა სალივანმა ისიც დასძინა, რომ უოლკილში არსებული „საგუშაგო კოშკის“ საოფისე შენობა პირველი არასაცხოვრებელი პროექტია მთელ ნიუ-იორკის შტატში, რომელმაც ასეთი შეფასება მიიღო. GBI-ის პროექტის მენეჯერმა, ჯენა მიდოუმ ასეთი სიტყვები თქვა: «2006 წლის შემდეგ შეერთებულ შტატებში სულ 23-მა შენობამ მიიღო „Four Green Globes“-ის სერტიფიკატი და აქედან უოლკილში არსებული „საგუშაგო კოშკის“ საოფისე შენობა ერთადერთი იყო, რომელმაც 94 ქულა მოაგროვა».

„საგუშაგო კოშკის“ სამეურნეო ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი სახლი (F)

„Green Globes“ არის GBI-ის კომპანიის კომერციული შეფასების სისტემა და სერტიფიცირების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გარკვეულ ობიექტებს მესამე პირები აფასებენ და ადგენენ, რამდენად ეკოლოგიურია დიზაინი და მშენებლობა. „Green Globes“-ის ჯილდოს მისაღებად შენობა შემდეგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს: წყლის მენეჯმენტი, ენერგიის დაზოგვა, სათბური აირების გამოყოფის შემცირება, შესაბამისი მასალების გამოყენების შედეგად გარემოზე ნაკლები ზემოქმედება და შენობის შიგნით ჯანსაღი გარემოს შექმნა.

ეკოლოგიური პროექტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი მზის ფოტოელექტრული პანელებია, რომელიც იმ ელექტროენერგიის, სულ მცირე, 10 პროცენტს გამოიმუშავებს, რასაც უოლკილის „საგუშაგო კოშკის“ საოფისე შენობაში მოიხმარენ

დეივიდ ბინი, რომელიც შეერთებულ შტატებში იეჰოვას მოწმეთა შენობების ეკოლოგიურ დიზაინზეა პასუხისმგებელი, აღნიშნავს: «ასეთი ჯილდოების მიღება იმას ადასტურებს, რომ ჩვენი პროექტები და მშენებლობა სწორედ იმ მაღალ სტანდარტს შეესაბამება, რომელიც ნებისმიერი პროექტის განხორციელების დროს გვაქვს დასახული. ჩვენი სურვილია, რომ „Green Globes“-ის სერტიფიკატი უორიკში (ნიუ-იორკი) ახალი მსოფლიო მთავარი სამმართველოს პროექტისა და მშენებლობისთვისაც მივიღოთ».

უორიკში იეჰოვას მოწმეთა ახალი მთავარი სამმართველოს აშენების დროს ეკოლოგიური პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი სახურავის გამწვანებაცაა

ზენი ჯინი, რომელიც იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარი სამმართველოდან უწევს ხელმძღვანელობას ჩვენს სამშენებლო პროექტებს მთელ მსოფლიოში, აღნიშნავს: „რა თქმა უნდა, ჩვენი უმთავრესი მიზანი ის არის, რომ ბიბლიური საგანმანათლებლო საქმიანობის წინსვლას შევუწყოთ ხელი, თუმცა ასეთ ჯილდოებსაც მეტად ვაფასებთ, რადგან ეს იმას ადასტურებს, რომ პროფესიულად ვუდგებით საქმეს და ჩვენი პროექტები გარემოზე უარყოფით ზეგავლენას არ ახდენს. და სწორედ ეს არის ჩვენი მიზანიც, როცა მთელ მსოფლიოში სხვადასხვა შენობებს ვაგებთ“.

საკონტაქტო პირი:

საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000