არჩეულ მასალაზე გადასვლა

2014 წლის 8 სექტემბერი
შეერთებული შტატები

ისტორიული მნიშვნელობის სასამართლო პროცესის მთავარი გმირი ლილიან გობაიტას-კლოზე 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

ისტორიული მნიშვნელობის სასამართლო პროცესის მთავარი გმირი ლილიან გობაიტას-კლოზე 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

ნიუ-იორკი — ლილიან გობაიტას-კლოზემ სკოლაში სწავლის დროს საკუთარი ნებით განაცხადა უარი დროშისთვის სალმის მიცემაზე — სწორედ მისი ეს გადაწყვეტილება დაედო საფუძვლად ისტორიული მნიშვნელობის სასამართლო პროცესს, რომელიც შეერთებული შტატების უზენაეს სასამართლოში გაიმართა. სამწუხაროდ, ლილიანი 2014 წლის 22 აგვისტოს 90 წლის ასაკში ქალაქ ფეიეტვილში (ჯორჯია), საკუთარ სახლში, გარდაიცვალა.

უილიამ, უოლტერ და ლილიან გობაიტასები (სურათი გადაღებულია მაშინ, როცა ბავშვები დროშისთვის სალმის მიცემაზე უარის თქმის გამო სკოლიდან გარიცხეს, 1935 წელი)

წერილი, რომელიც ლილიან გობაიტასმა თავისი რწმენის დასაცავად მინერსვილის სკოლის საბჭოს მისწერა (1935 წელი)

ლილიან გობაიტასმა და მისმა უმცროსმა ძმამ, უილიამმა, რომლებიც იეჰოვას მოწმეები იყვნენ, 1935 წლის 6 ოქტომბერს რადიოთი მოისმინეს, რომ ბიბლია გმობდა კერპთაყვანისმცემლობას, რის შემდეგაც გადაწყვიტეს, დროშისთვის აღარ მიეცათ სალამი. ამის გამო რამდენიმე კვირაში ისინი სკოლიდან გარიცხეს. ბავშვების მამამ, უოლტერმა, თავისი შვილების უფლებების დასაცავად სასამართლოში შეიტანა სარჩელი. საბედნიეროდ, ორმა ადგილობრივმა სასამართლომ მათ სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. სკოლის საბჭომ ეს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. 1940 წლის 3 ივნისს საქმეზე „მინერსვილის განათლების საბჭო გობიტისის (ოჯახის გვარი არასწორად იყო შეტანილი სასამართლო სხდომის ოქმებში) წინააღმდეგ“ უზენაესმა სასამართლომ სკოლის საბჭოს სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. თუმცა სამი წლის შემდეგ, 1943 წლის 14 ივნისს, როცა სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნებოდა, ზემოხსენებულმა უზენაესმა სასამართლომ გააუქმა 1940 წელს მიღებული თავისი გადაწყვეტილება და საქმეზე „დასავლეთ ვირჯინიის შტატის განათლების საბჭო ბარნეტის წინააღმდეგ“ მოწმეების სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება, რის შედეგადაც იეჰოვას მოწმე ბავშვებს სკოლაში სწავლის გაგრძელების უფლება მიეცათ. შეერთებული შტატების ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა უზენაესმა სასამართლომ ასეთ მოკლე დროში მკვეთრად შეცვალა თავისი გადაწყვეტილება.

უოლტერ და რუთ გობაიტასებს ლილიანი ქალაქ მინერსვილში (პენსილვანია) 1923 წლის 2 ნოემბერს შეეძინათ. იგი 1935 წლის 14 მარტს მოინათლა და იეჰოვას მოწმე გახდა. 20 წლის ასაკში ლილიანმა მთელი თავისი დრო სხვებისთვის ბიბლიური ცნობის გაზიარებას მიუძღვნა; მოგვიანებით კი ბრუკლინში (ნიუ-იორკი), იეჰოვას მოწმეთა მსოფლიო მთავარ სამმართველოში დაიწყო მსახურება. იქ ლილიანი 1946 წლის თებერვლიდან 1953 წლის აპრილამდე მსახურობდა.

ლილიანი და მისი მეუღლე, ერვინ კლოზე მისიონერული მსახურების დროს ვენაში (ავსტრია, 1954 წელი)

1951 წელს, როცა ლილიანი ესწრებოდა იეჰოვას მოწმეთა კონგრესებს ევროპაში, გერმანიის ფილიალში გაიცნო ერვინ კლოზე. მათ ერთმანეთის უკეთ გაცნობა დაიწყეს. ამ პერიოდში ერვინი „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადში“, იეჰოვას მოწმეთა მისიონერულ სკოლაში სწავლობდა საუთ-ლანსინგში (ნიუ-იორკი). მან ეს სკოლა 1952 წელს დაამთავრა, რის შემდეგაც ახალი დავალებით ვენაში (ავსტრია) გაიგზავნა. 1954 წლის თებერვალში ლილიანმაც დაამთავრა მისიონერული სკოლა.

1954 წლის 24 მარტს ლილიანი და ერვინი ვენაში დაქორწინდნენ და ერთად გააგრძელეს მისიონერული საქმე ავსტრიაში. ამავე წლის ბოლოს მათ შეერთებულ შტატებში დაბრუნება მოუწიათ ერვინის ჯანმრთელობის გაუარესების გამო. ის, როგორც იეჰოვას მოწმე, ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში იჯდა და სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი გახდა, რამაც მის ჯანმრთელობას თავისი კვალი დააჩნია. რამდენიმე ხნის შემდეგ მათ შეეძინათ ორი შვილი, სტივენ-პოლი და ჯუდიტ-დებორა. 1967 წელს კლოზეს ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა რივერდეილში (ჯორჯია), სადაც ისინი მეტად ჩაებნენ ბიბლიურ საგანმანათლებლო საქმიანობაში.

ლილიან გობაიტას-კლოზეს დარჩა ქალიშვილი ჯუდიტი, ორი და, ჯინ ფრაი და გრეის რეინიში და აგრეთვე ძმა პოლი. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ლილიანის სიცოცხლეში დაიღუპნენ მისი მეუღლე ერვინი, ვაჟი სტივენ-პოლი, ძმა უილიამი და მისი და ჯოი იუბეტა.

საკონტაქტო პირი:

საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000