2017 წლის 31 ოქტომბერი
შეერთებული შტატები
ვიდეორგოლი „მოიგერიე ჩხუბისთავი მუშტი-კრივის გარეშე“ მშობლებსა და შვილებს დიდ დახმარებას უწევს
ნიუ-იორკი — 2017 წელს ბავშვთა ჯანმრთელობის შესახებ მიჩიგანის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მშობლები ბავშვებზე ძალადობას მთავარ პრობლემად მიიჩნევენ და თვლიან, რომ ეს სერიოზულ საფრთხეს უქმნის მათი შვილების ჯანმრთელობას.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამინისტროს მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე stopbullying.gov აღნიშნულია, ყველაზე მეტად რა აღელვებთ მშობლებს. ერთ-ერთი კვლევის თანახმად, შეერთებულ შტატებში მცხოვრები მოსწავლეების დაახლოებით 30 პროცენტი ამბობს, რომ სკოლაში ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლია.
ნიუ-იორკში იეჰოვას მოწმეების მსოფლიო მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი დეივიდ სიმონიანი აღნიშნავს: «კარგად გვესმის, რომ ძალადობა ბავშვებს უდიდეს საფრთხეს უქმნის. ამიტომ ვცდილობთ, სხვადასხვა სახით მივაწოდოთ ინფორმაცია ოჯახებს ბავშვებზე ძალადობისა თუ სხვა პრობლემების შესახებ. ეს ჩვენი ბიბლიური საგანმანათლებლო საქმიანობის ნაწილია. დაახლოებით ხუთი წელია, რაც მილიონობით ოჯახს მთელ მსოფლიოში დიდ დახმარებას უწევს ჩვენ მიერ მომზადებული გრაფიკული ანიმაცია „მოიგერიე ჩხუბისთავი მუშტი-კრივის გარეშე“».
ეს არის დაახლოებით ოთხწუთიანი ვიდეორგოლი, რომელიც 280-ზე მეტ ენაზე, მათ შორის 30-ზე მეტ ჟესტურ ენაზე, არის ხელმისაწვდომი იეჰოვას მოწმეების ოფიციალურ ვებ-გვერდზე jw.org.
კოლუმბიის უნივერსიტეტში ბავშვთა და მოზარდთა მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის კოორდინატორი ნატალია კარდენას სულუაგა აღნიშნავს: «ძალიან მომეწონა ვიდეორგოლი „მოიგერიე ჩხუბისთავი მუშტი-კრივის გარეშე“. ჩემს ქვეყანაში მშობლები თავიანთ ბავშვებს ასწავლიან, რომ კონფლიქტის მოსაგვარებლად ზოგჯერ ძალადობას უნდა მიმართონ. ეს ვიდეო პრაქტიკულ რჩევებს სთავაზობს იმ ბავშვებს, რომელთაც ფიზიკურ თუ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. გარდა ამისა, ვიდეოდან ვიგებთ, რომ ნებისმიერი შეიძლება გახდეს შეურაცხყოფის მსხვერპლი მხოლოდ იმის გამო, რომ სხვებისგან განსხვავდება. ამის ცოდნა ბავშვებს დაეხმარება, ჰქონდეთ შინაგანი სიმშვიდე და გახდნენ უფრო თავდაჯერებულები».
სამხრეთ კორეაში სონგიუნგვანის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი ჯუნ სუნგ ჰონგი აღნიშნავს: „დარწმუნებული ვარ, ყველას ძალიან მოსწონს ეს ანიმაციური ვიდეო, განსაკუთრებით პატარებს, რომლებსაც სხვები ჩაგრავენ. გარდა ამისა, ანიმაციური სურათები ეხმარება მსმენელს, ადვილად დაიმახსოვროს იქ მოცემული აზრები“.
ძალადობის შესახებ კვლევების საერთაშორისო ქსელის ერთ-ერთი დამფუძნებელი შელი ჰიმელი ამბობს: „ეს ვიდეო ბავშვებს სასარგებლო ინფორმაციას აწვდის და ამასთანავე, ზუსტად შეესაბამება იმ კვლევებს, რასაც მე ვარ გაცნობილი. ეს ანიმაციური ვიდეო დაეხმარება მშობლებს, მასწავლებლებსა თუ სხვა უფროსი ასაკის ადამიანებს, ამ თემაზე იმსჯელონ ბავშვებთან და მოზარდებთან“.
დეივიდ სიმონიანი დასძენს: „ჩვენ ძალიან გვაღელვებს იმ ბავშვების მდგომარეობა, რომლებსაც ჩაგრავენ და ამცირებენ. ვიმედოვნებთ, რომ ამ ვიდეოში მოცემული რჩევები მათ დიდ დახმარებას გაუწევს. როგორც ვიდეოშია ნათქვამი, ახალგაზრდები უნდა ესაუბრონ ამ პრობლემის შესახებ უფროსი ასაკის სანდო ადამიანებს, განსაკუთრებით მშობლებსა და მასწავლებლებს, რომელთაც შეუძლიათ მათ საჭირო რჩევები მისცენ და მხარში ამოუდგნენ. კარგი იქნება, თუ მოზარდები არ ეცდებიან ამ პრობლემის მარტო მოგვარებას“.
საკონტაქტო პირი:
დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000