არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 14 თებერვალი
შეერთებული შტატები

ორგანიზაცია GBI-მ იეჰოვას მოწმეებს უმაღლესი ჯილდო გადასცა მსოფლიო მთავარი სამმართველოს ეკოლოგიური მშენებლობისთვის

ორგანიზაცია GBI-მ იეჰოვას მოწმეებს უმაღლესი ჯილდო გადასცა მსოფლიო მთავარი სამმართველოს ეკოლოგიური მშენებლობისთვის

ნიუ-იორკი — 2016 წლის აგვისტოში იეჰოვას მოწმეებმა დაასრულეს მსოფლიო მთავარი სამმართველოს მშენებლობა უორიკში. ამ ახალი შენობების ეკოდიზაინით მოწმეებმა დიდი აღიარება მოიპოვეს. ორგანიზაცია GBI-მ (Green Building Initiative) იეჰოვას მოწმეებს უმაღლესი ჯილდო „Four Green Globes“ (ოთხი მწვანე გლობუსი) გადასცა შვიდივე შენობისთვის, რომლებიც მათი შეფასების კრიტერიუმებს აკმაყოფილებდნენ. GBI არის ორგანიზაცია, რომელიც სერთიფიცირებას სთავაზობს კომერციული დანიშნულების შენობებს და ადგენს, რა ზემოქმედებას ახდენს ესა თუ ის შენობა გარემოზე.

შაინა ვაინშტაინი, GBI-ს მთავარი მენეჯერი, აღნიშნავს: «ქვეყნის მასშტაბით 965 პროექტიდან მხოლოდ 64-მა მიიღო უმაღლესი ჯილდო „Four Green Globes“. იეჰოვას მოწმეებისთვის ბევრს ნიშნავს ამ ჯილდოს მიღება, რადგან ეს კარგად აჩვენებს, რამდენად სერიოზულად ეკიდებიან ისინი წყლის, ელექტროენერგიისა და საწვავი რესურსების რაციონალურად გამოყენებას, ამასთანავე, გარემოს დაცვას».

ორგანიზაცია GBI-ის შეფასების სისტემა „Green Globes“. უორიკის მთავარი სამმართველოს შვიდივე შენობამ ქულების სულ მცირე 90% დააგროვა და უმაღლესი ჯილდო „Four Green Globes“ მიიღო

GBI-ს ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით, GBI არის „არაკომერციული ორგანიზაცია, რომლის მიზანიც ეკოლოგიური მშენებლობის დანერგვაა, რაც გულისხმობს რესურსების ეფექტურად გამოყენებას და როგორც ჯანმრთელობისთვის, ისე გარემოსთვის უსაფრთხო შენობების აგებას“. ეს ორგანიზაცია აფასებს ახლად აგებულ შენობებს, მის დიზაინსა და ფუნქციონირებას, შემდეგ კი შეფასების შედეგებს აქვეყნებს. როგორც წესი, შეფასების პროცესში ჩართულია მესამე პირი, ექსპერტი, რომელიც ადგენს, რამდენად ობიექტურად ასახავს GBI-ს შეფასებები არსებულ სურათს.

დეივიდ ბინი, რომელიც შეერთებულ შტატებში იეჰოვას მოწმეთა შენობების ეკოლოგიურ დიზაინზეა პასუხისმგებელი, აღნიშნავს: „ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ ჯილდოებს. ეს იმაზე მოწმობს, რომ მშენებლობაში მონაწილეები უდიდესი გულმოდგინებით უდგებოდნენ საქმეს, რათა აეშენებინათ კომპლექსი, რომელიც სანიმუშოდ ასახავდა ეკოლოგიური მშენებლობისთვის დამახასიათებელ თავისებურებებს. სწორედ ამის შედეგია, რომ მთავარი სამმართველოს შენობები შესანიშნავად ერწყმის უორიკის ტყე-პარკს“.

ადმინისტრაციული შენობის სახურავზე, რომელიც დაფარულია წყალგაუმტარი მასალით, გაშალეს სპეციალური ნიადაგი და დარგეს იმ ტერიტორიაზე გავრცელებული მცენარეები. ეს მწვანე საფარი გაფილტრავს წყალს და შეამცირებს წვიმის წყლით გამოწვეულ დატბორვას, რათა სანიაღვრე სისტემა არ გადაიტვირთოს

მოწმეების მიზანი იყო, მათ კუთვნილ ტერიტორიაზე არსებული ხეები მაქსიმალურად შეენარჩუნებინათ, ხოლო ტერიტორიის გაწმენდისას მოჭრილი ხეები სამშენებლო მასალად გამოეყენებინათ. უორიკის ტყე-პარკის ყოფილი მენეჯერი ჯეფრი ჰაჩინსონი ამბობს: „იეჰოვას მოწმეებმა ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ტერიტორიის გასუფთავების მიზნით მოჭრილი ხეები სამშენებლო მასალად გამოიყენეს. მოწმეები ქებას იმსახურებენ იმისთვის, რომ გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხები ზედმიწევნით გაითვალისწინეს“. შაინა ვაინშტაინი აღნიშნავს: „უორიკის პროექტი იმის შესანიშნავ მაგალითს წარმოადგენს, თუ როგორი უნდა იყოს ეკოლოგიური დიზაინი და მშენებლობა“.

უორიკის სამშენებლო კომიტეტის თავმჯდომარე რიჩარდ დევაინი გვიყვება: „ათწლეულების განმავლობაში ჩვენი ორგანიზაცია ყოველმხრივ ცდილობდა, ბრწყინვალე იერსახე შეენარჩუნებინა ბრუკლინში არსებული ჩვენი შენობებისთვის. გადაწყვეტილი გვაქვს, მსგავსადვე ვიზრუნოთ ჩვენს ახალ კომპლექსზე და, ამასთანავე, უორიკის ტყე-პარკს ბუნებრივი სილამაზე არ დავუკარგოთ“.

საკონტაქტო პირი:

დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000

 

იეჰოვას მოწმეების მსოფლიო მთავარი სამმართველო უორიკში. მოწმეებმა 2009 წლის 17 ივლისს 100 ჰექტარი მიწის ნაკვეთი შეიძინეს. აქედან დაახლოებით 20 ჰექტარს მთავარი სამმართველოს შენობები იკავებს.

სამშენებლო ტერიტორიის ირგვლივ მიწის გასამყარებლად დაყარეს ქვები და ეროზიისგან დამცავი საფარი დააგეს.

მშენებლობის საწყის ეტაპზე სამშენებლო ტერიტორიაზე 240 000 ტონაზე მეტი ქვა მოაგროვეს და მოგვიანებით ამავე პროექტისთვის გამოიყენეს.

ლურჯი ტბის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად სანაპირო ზოლს დამცავი ზღუდე შემოავლეს. ეს არის სპეციალური ფარდა, რომლის ზედა ნაწილი წყლის ზედაპირზე ტივტივებს, ხოლო ქვედა ნაწილს მიმაგრებული აქვს მოთუთიავებული ჯაჭვი იმისთვის, რომ ფარდა წყალში გაჭიმული იყოს.

კონტეინერებში დახარისხებული ნარჩენები. სამშენებლო ტერიტორიიდან მთლიანობაში ნარჩენების 70%-ზე მეტი გაიგზავნა ნარჩენების გადამამუშავებელ ქარხანაში.

მოხალისეები რგავენ მცენარეებს მთავარი სამმართველოს ცენტრალურ შესასვლელთან. სამშენებლო ტერიტორიაზე დაირგო ხეები და მცენარეები; აგრეთვე გაკეთდა მწვანე საფარი.

ხელოსნები ამონტაჟებენ გეოთერმულ კონსტრუქციას, რომლის მეშვეობითაც მოხდება სითხის ცირკულაცია მიწაში 152 მეტრის სიღრმეზე. როგორც წესი, ზამთარ-ზაფხულ ატმოსფერული ჰაერის ტემპერატურა ცვალებადია, ხოლო მიწისქვეშა ტემპერატურა — უცვლელი. გეოთერმული სისტემა სარგებლობს მიწის სტაბილური ტემპერატურით — ზამთარში ცირკულაციის დროს სითხე ითვისებს მიწაში არსებულ სითბოს, რომელიც შენობაში მოხვედრისას გამოთავისუფლდება, ხოლო ზაფხულში პირიქით: ცირკულაციისას სითხე შთანთქავს შენობაში არსებულ სითბოს და მიწაში მოხვედრისას გამოთავისუფლდება. გეოთერმული სისტემის წყალობით შენობის გათბობა-გაგრილებისთვის საჭირო ენერგია 40%-ით დაიზოგება.

ადმინისტრაციული შენობის ინტერიერი სრულად შეესაბამება GBI-ს მიერ დადგენილ ეკოლოგიური მშენებლობის სტანდარტებს. შიდა სამუშაოებისთვის (ღებვა, კედლებისა და ჭერის დამუშავება) გამოიყენეს ეკოლოგიურად სუფთა მასალები, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს არ გამოყოფს.