არჩეულ მასალაზე გადასვლა

ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა წინ მიიწევს.

2022 წლის 10 თებერვალი
შეერთებული შტატები

პატერსონში მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წინ მიიწევს

პატერსონში მშენებლობა და სარემონტო სამუშაოები წინ მიიწევს

„საგუშაგო კოშკის“ საგანმანათლებლო ცენტრში (პატერსონი, ნიუ-იორკი, აშშ) ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობის დასრულება 2023 წლის ზაფხულისთვის იგეგმება. ამ ორსართულიანი შენობის ფართობია 2 787 კვ.მ. აქ განთავსდება მუზეუმი ოთხი გალერეით. სამ გალერეაში მუდმივი გამოფენები მოეწყობა, ხოლო ერთი გალერეა სხვადასხვა გამოფენას უმასპინძლებს. გარდა ამისა, მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები სხვა შენობებში და ხდება მოძველებული სისტემების გამოცვლა. დღეისათვის დასრულებულია სამუშაოების დაახლოებით 40%.

კოვიდპანდემიის გამო ძმები, რომლებიც ამ პროექტს ხელმძღვანელობენ, სხვადასხვა სირთულეს შეხვდნენ. თავიდან ძალიან გართულდა სამშენებლო მასალის შოვნა, რის გამოც მშენებლობის შეჩერების საფრთხე შეიქმნა. მაგალითად, მშენებლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე ძმები ვეღარ შოულობდნენ ცემენტს, თუმცა საბოლოოდ მოახერხეს, შეესყიდათ საჭირო რაოდენობის ცემენტი და დროულად დაასხეს ბეტონის იატაკის საკმაოდ დიდი ნაწილი. ფოლადის ფასმაც უცბად აიწია. მიუხედავად ამისა, ძმებმა შეძლეს ხელსაყრელ ფასად საჭირო რაოდენობის ფოლადის შეძენა იმის წყალობით, რომ შესყიდვაზე კონტრაქტი მანამდე ჰქონდათ გაფორმებული.

ბეთელში „ლოქდაუნის“ გამოცხადების შემდეგ მოხალისეებმა თავიანთი სახლებიდან დისტანციურად განაგრძეს პროექტის დაგეგმარებასა და დიზაინზე მუშაობა. შეზღუდვების გამო რაღაც პერიოდის მანძილზე ვერ ხერხდებოდა ქალაქის სამშენებლო-საპროექტო სამსახურთან შეხვედრა, რის გამოც პროექტის შეფერხების საფრთხე შეიქმნა. თუმცა სამშენებლო კომიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობდა ბეთელის სხვადასხვა განყოფილებასა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან და, საბოლოოდ, ვიდეოკონფერენციების მეშვეობით და მოხალისეების დახმარებით მათ შეძლეს საჭირო ნებართვების დროულად მიღება.

ეპიდვითარების გამო რაღაც ეტაპზე შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდა, ამიტომ აღარ შეგვეძლო მშენებლობაზე ახალი მოხალისეების მოწვევა. ამან დამატებითი პრობლემები შექმნა. თუმცა 2020 წლის სექტემბერში უკვე შევძელით სრული დროით მოხალისეების მოწვევა, რომლებიც პატერსონში იცხოვრებდნენ და იმუშავებდნენ.

ერთი და, ჯენიფერ პოლი, რომელიც პანდემიის დროს მიიწვიეს ამ პროექტზე, აღნიშნავს: „ძალიან მიყვარს, როცა საქმეში ბოლომდე ვიხარჯები. თუმცა აქ მხოლოდ სამუშაო კი არ მანიჭებს სიამოვნებას, არამედ ადამიანები, რომლებიც ჩემ გარშემო არიან. აქ განსაკუთრებულად ვგრძნობ ორგანიზაციის მაჯისცემას და ვხედავ, როგორ მიგვიძღვის იეჰოვა“.

ამჟამად პროექტზე სულ 440 მოხალისე მსახურობს, აქედან ზოგი — დისტანციურად, 350-მდე და-ძმა კი — უშუალოდ ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობასა და სარემონტო სამუშაოებზე. აქ მომუშავეები საკუთარი თვალით ხედავენ, როგორ უზრუნველგვყოფს იეჰოვა ყველაფრით, რაც ამ პროექტისთვის გვჭირდება (1 მატიანე 29:16).

 

ორი ძმა სადრენაჟე არხს თხრის.

ერთი და გათბობისა და კონდიცირების სისტემის კაბელებს აერთებს.

ძმა ფოლადის არმატურას ამზადებს, რომ ამწემ აწიოს.

სურათის წინა ნაწილზე ჩანს ვიზიტორთა ცენტრი მშენებლობის პროცესში, უკან კი — საგანმანათლებლო ცენტრის სხვა შენობები.

ვიზიტორთა ცენტრის მეორე სართულზე ერთი ძმა ფოლადის კონსტრუქციაზე მუშაობს.

ამწეს მეშვეობით საოფისე შენობის სახურავზე გათბობისა და ვენტილაცია-კონდიცირების დანადგარი ააქვთ.

ბედნიერი მოხალისეები

ვიზიტორთა ცენტრის მეორე სართულზე სამშენებლო სამუშაოები გვიანობამდე მიმდინარეობს.