არჩეულ მასალაზე გადასვლა

2017 წლის 14 სექტემბერი
შეერთებული შტატები

შეერთებულ შტატებში იეჰოვას მოწმეები სტიქიის შედეგებს ებრძვიან

შეერთებულ შტატებში იეჰოვას მოწმეები სტიქიის შედეგებს ებრძვიან

ბოლო ინფორმაცია: სამწუხაროდ, ქარიშხალ „ჰარვის“ შედეგად ერთი ჩვენი ხანდაზმული და დაიღუპა.

ნიუ-იორკი — 2017 წლის 25 აგვისტოს, პარასკევს, მე-4 კატეგორიის ქარიშხალი „ჰარვი“ ტეხასის სანაპირო ქალაქ როკპორტს მიუახლოვდა. მიუხედავად იმისა, რომ კვირას ქარიშხალი შესუსტდა და ტროპიკულ შტორმად გადაიქცა, 30 აგვისტომდე, ოთხშაბათამდე, ის განაგრძობდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ტეხასისთვის დამანგრეველი ზიანის მიყენებას. შეერთებულ შტატებში იეჰოვას მოწმეების ფილიალმა უკვე მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ზარალი მიაყენა ქარიშხალმა ჩვენს და-ძმებს.

დაახლოებით 84 000 იეჰოვას მოწმე ცხოვრობს იმ ტერიტორიაზე, რომელსაც ქარიშხალმა „ჰარვიმ“ გადაუარა. სტიქიის შედეგად არცერთი ჩვენი და-ძმა არ დაღუპულა, თუმცა 9 მათგანი დაშავდა, ხოლო 5 საავადმყოფოში დააწვინეს. საერთო ჯამში 5 566 იეჰოვას მოწმეს მოუწია სახლ-კარის დატოვება. ქარიშხალმა და-ძმების 475 სახლი სერიოზულად დააზიანა, ხოლო 1 182 სახლს მსუბუქი ზიანი მიაყენა.

დაზარალებული და-ძმებისთვის დახმარების აღმოჩენის ორგანიზებაში ჩართული არიან სარაიონო ზედამხედველები ოსტინში, დალასსა და სან-ანტონიოში. ამ ქალაქებში მცხოვრებმა ასობით და-ძმამ სახლებში შეიფარა ჰიუსტონიდან და ტეხასის ჩრდილოეთ სანაპირო ზოლიდან ევაკუირებული თანამორწმუნეები. სხვა და-ძმებმა კი დაახლოებით 300 ტონა საკვებით, წყლითა და სხვა აუცილებელი ნივთებით მოამარაგეს დაზარალებულები (იგავები 3:27; ებრაელები 13:1, 2).

სარაიონო ზედამხედველები იტყობინებიან, რომ და-ძმებმა კვლავ დაიწყეს შეხვედრების ჩატარება და სამქადაგებლო საქმიანობაში აქტიურად მონაწილეობა. შეერთებული შტატების ფილიალის კომიტეტის წევრები სტიქიის ზონაში ჩასვლას გეგმავენ, რათა გაამხნეონ და ანუგეშონ და-ძმები.

შეერთებულ შტატებში იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი დეივიდ სიმონიანი აღნიშნავს: „მთელი გულით თანავუგრძნობთ ყველას, ვინც სტიქიის გამო დაზარალდა. აგრეთვე მადლობას ვუხდით ყველა მოხალისეს, ვინც სტიქიის შედეგებთან გამკლავებაში გვეხმარება. ჩვენ გულმხურვალედ ვლოცულობთ ქარიშხლის შედეგად დაზარალებულ და-ძმებზე. გვინდა, ვთხოვოთ მათ, კვლავაც მიენდონ იეჰოვას და დარწმუნებულები იყვნენ, რომ ის იზრუნებს მათზე“ (ფსალმუნი 55:8, 22; ესაია 33:2; 40:11).

საკონტაქტო პირი:

დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000