2017 წლის 28 აპრილი
შეერთებული შტატები
იეჰოვას მოწმეების მსოფლიო მთავარ სამმართველოში გამართულ პირველ ღია კარის დღეს 400-მდე ადამიანი ესტუმრა
ნიუ-იორკი — გასულ შაბათს იეჰოვას მოწმეებმა უორიკში (ნიუ-იორკი) განთავსებულ მსოფლიო მთავარ სამმართველოში, რომლის მშენებლობაც ახლახან დასრულდა, პირველი ღია კარის დღე გამართეს. ტროი სნაიდერი, მთავარი სამმართველოს კომპლექსის სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველი, აღნიშნავს: „დღეში დაახლოებით 1 150 ადამიანი სტუმრობს ექსკურსიით ჩვენს მსოფლიო მთავარ სამმართველოს. მაგრამ ეს ორი ღია კარის დღე იმ მიზნით დავგეგმეთ, რომ პირადად გადაგვეხადა მადლობა ჩვენი მეზობლებისთვის, რომლებიც არ არიან იეჰოვას მოწმეები და აგრეთვე მათთვის, ვინც მხარს გვიჭერდა მშენებლობის განმავლობაში“.
შაბათს ღია კარის დღეს სულ 395 ადამიანი დაესწრო, მათგან 205 ადგილობრივი მაცხოვრებელი იყო, ხოლო 190 — დისტრიბუტორი და კონტრაქტორი. მოწმეები სტუმრებს გაუმასპინძლდნენ, 40-წუთიანი ექსკურსია ჩაუტარეს და მოკლე ვიდეორგოლი უჩვენეს. ამის შემდეგ სტუმრებს საშუალება მიეცათ მოწმეებისთვის კითხვები დაესვათ.
კრისტოფერ გოუ, რომელიც ტაქსიდოს პარკის მახლობლად ცხოვრობს, აღნიშნავს: „ძალიან მინდოდა, თქვენი კომპლექსის დათვალიერება, ამიტომ სიამოვნებით დავთანხმდი მოწვევას. ვიცოდი, რაღაც შენდებოდა, მაგრამ სამუშაოები ისე უხმაუროდ სრულდებოდა, თითქოს არაფერი ხდებაო“.
მოწმეების ახალი მთავარი სამმართველო უორიკის ტყე-პარკის ლურჯი ტბის სანაპირო ზოლში აშენდა, ამიტომ ღია კარის დღეზე მოსულ ბევრ ადგილობრივ მაცხოვრებელს, სურდა, ენახა, რა გააკეთეს მოწმეებმა ველური ბუნების დასაცავად მშენებლობის განმავლობაში.
ისტორიის პროფესორ-ემერიტუსი ნიუ-იორკის უნივერსიტეტში რიჩარდ ჰალი, რომელიც უორიკის მაცხოვრებელია, აღნიშნავს: „50 წელზე მეტია, რაც ამ რეგიონს შევისწავლი. იეჰოვას მოწმეები ნამდვილად იმსახურებენ ქებას, რადგან მშენებლობის დროს ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ეზრუნათ გარემოზე და დაეცვათ ველური ბუნება“.
შენობების დათვალიერების შემდეგ კრისტოფერ გოუმ, რომელიც ტაქსიდოს პარკის დაცვის კომისიის წევრია, აღნიშნა: „პროექტის ყველა დეტალი საგულდაგულოდ არის შესრულებული. მოწმეებმა საქმეს მართლაც შესანიშნავად გაართვეს თავი. უორიკის პროექტი იმის კარგ მაგალითს წარმოადგენს, თუ როგორი უნდა იყოს ეკოლოგიური მშენებლობა“.
ექსკურსიის დასრულების შემდეგ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გიდის გარეშე დაეთვალიერებინათ სამი გამოფენა, რომლებიც ადმინისტრაციული შენობის სხვადასხვა სართულზეა განთავსებული. ორი გამოფენა მოგვითხრობს იეჰოვას მოწმეების წარსულზე და იმაზე თუ რა საქმიანობას ეწევიან ისინი დღეს მთელ მსოფლიოში. მესამე გამოფენაზე წარმოდგენილია ბიბლიის იშვიათი ექსპონატები და ბიბლიური არტეფაქტები.
რიჩარდ ჰალიმ აგრეთვე აღნიშნა: „კომპლექსი ინოვაციური მეთოდებითაა აშენებული. ვხედავ, რომ პროექტის ყველა დეტალი კარგად არის მოფიქრებული და გათვლილი. ჯერ მუზეუმი არ დამითვალიერებია, ამიტომ შემდეგშიც სიამოვნებით გეწვევით“.
ტროი სნაიდერი ამბობს: „ვთვლით, რომ ჩვენს სამეზობლოში მცხოვრებნი ნამდვილად იმსახურებდნენ განსაკუთრებულ მადლობას მხარდაჭერისა და გულთბილი მიღებისთვის. ამიტომ ეს ორი ღია კარის დღე სპეციალურად ჩვენი მეზობლებისთვის დავგეგმეთ“. მათ, ვინც ვერ შეძლო პირველ ღია კარის დღეზე მოსვლა, შეუძლიათ მეორე ღია კარის დღეზე მოვიდნენ შაბათს, 29 აპრილს, 10:00 სთ-დან 16:00 სთ-მდე.
საკონტაქტო პირი:
დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000