2018 წლის 15 ნოემბერი
შეერთებული შტატები
გამანადგურებელი ხანძარი კალიფორნიაში
კალიფორნიაში გაჩენილმა სამმა მასშტაბურმა ხანძარმა კატასტროფულად დააზიანა შტატი და, სულ მცირე, 48 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. სამიდან ყველაზე ძლიერი ხანძარი, რომელიც „კემპის“ სახელით გახდა ცნობილი, კვლავაც მძვინვარებს კალიფორნიის ჩრდილოეთ ნაწილში; უკვე განადგურებულია 47 000 ჰექტარი. დანგრეულია დაახლოებით 7 100 შენობა-ნაგებობა, რომელთა უმეტესობაც საცხოვრებელი სახლი იყო. კალიფორნიის სამხრეთ ნაწილში 38 000 ჰექტარი მიწის ფართობი გადაწვა ორმა ხანძარმა — „ჰილმა“ და „ვულსმა“ და გაანადგურა დაახლოებით 435 შენობა. ერთ-ერთი წყაროს მონაცემებით, მთლიანობაში ამ წელს გაჩენილმა ხანძრებმა კალიფორნიის შტატში გადაწვა „ბელგიისა და ლუქსემბურგის ტერიტორიაზე დიდი ტერიტორია“.
შეერთებული შტატების ფილიალის თავდაპირველი მონაცემებით, ხანძარ „კემპის“ შედეგად ქალაქებში, ჩიკოსა და პერედაისში, მცხოვრებ 427 მაუწყებელს მოუწია საცხოვრებლის დატოვება. სამწუხაროდ, გარდაიცვალა ერთი ხანდაზმული და „ფონდეროზას“ კრებიდან. გარდა ამისა, სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით, ჩვენი და-ძმების, სულ მცირე, 94 სახლი განადგურდა მთლიანად ან ნაწილობრივ. დაიწვა აგრეთვე ერთი სამეფო დარბაზი ქალაქ პერედაისში.
ხანძრების, „ჰილისა“ და „ვულსის“, შედეგად დაახლოებით 420 მაუწყებელს მოუწია საცხოვრებელი ადგილების დატოვება ოქსნარდში, სიმი-ვოლში და საუზენდ ოუკსში. სამწუხაროდ, ქალაქ მალიბუში ხანძარს შეეწირნენ ერთი ძმა და დედამისი, რომელიც არ იყო იეჰოვას მოწმე. თავდაპირველი მონაცემებით, ამ რეგიონში დაზიანებულია ჩვენი და-ძმების 21 სახლი და ერთი სამეფო დარბაზი.
ფილიალმა ჩამოაყალიბა სტიქიით დაზარალებულთა დახმარების ორი კომიტეტი. სარაიონო ზედამხედველების ხელმძღვანელობით ადგილობრივი უხუცესები საჭირო დახმარებას უწევენ ხანძრის შედეგად დაზარალებულ მაუწყებლებს და სულიერად ამხნევებენ. შაბათს, 10 ნოემბერს ჩიკოში ჩატარდა სპეციალური შეხვედრა, რომელსაც 270-ზე მეტი და-ძმა დაესწრო. შეერთებული შტატების ფილიალის კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა და ადგილობრივმა სარაიონო ზედამხედველებმა ბიბლიური აზრებით ანუგეშეს და გაამხნევეს დაზარალებული თანაქრისტიანები.
ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ კვლავაც ანუგეშოს და გააძლიეროს ჩვენი და-ძმები, რომელთაც სტიქიასთან უწევთ ბრძოლა. გვანუგეშებს იმის ცოდნა, რომ მალე იეჰოვა ყველას მოგვწმენდს ცრემლს თვალებიდან და სამუდამოდ შთანთქავს სიკვდილს (ესაია 25:8).