არჩეულ მასალაზე გადასვლა

სასამართლო დარბაზები, სადაც შვედეთის უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ ზეპირი მოსმენები გამართა

2019 წლის 18 დეკემბერი
შვედეთი

შვედეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, იეჰოვას მოწმეები წარმოადგენენ რელიგიურ გაერთიანებას, რომელიც დადებით გავლენას ახდენს საზოგადოებაზე

შვედეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, იეჰოვას მოწმეები წარმოადგენენ რელიგიურ გაერთიანებას, რომელიც დადებით გავლენას ახდენს საზოგადოებაზე

2000 წლის 1-ლი იანვრის გადაწყვეტილების საფუძველზე შვედეთის ხელისუფლება სახელმწიფო დაფინანსებით უზრუნველყოფს იმ რელიგიურ ორგანიზაციებს, რომლებიც არიან რელიგიური გაერთიანებების მხარდაჭერის აქტის დაქვემდებარებაში. დაფინანსებას იღებს მხოლოდ ის რელიგიური ჯგუფი, რომლის საქმიანობაც „ხელს უწყობს და აძლიერებს საზოგადოებისთვის არსებითად საჭირო ფუნდამენტურ ფასეულობებს, არის მყარი და დადებით გავლენას ახდენს საზოგადოებაზე“.

შვედეთის ხელისუფლებამ ამგვარი დაფინანსება გამოუყო ქვეყანაში არსებულ რელიგიათა უმეტესობას, თუმცა 2007 წლიდან დაწყებული ის უარს ამბობდა იეჰოვას მოწმეთა რელიგიის დაფინანსებაზე იმ მიზეზით, რომ მოწმეები პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებენ.

ჩვენი ძმები იძულებულები გახდნენ, საქმე სასამართლომდე მიეტანათ. მათ სამჯერ აღძრეს საქმე შვედეთის სახელმწიფოს წინააღმდეგ. სამივეჯერ უზენაესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ განაცხადა, რომ სახელმწიფოს მხრიდან ჩვენი ორგანიზაციის დაფინანსებაზე უარის თქმა, უკანონო ქმედება იყო და საჭირო იყო ამ საკითხის ხელახლა განხილვა.

ბოლოს, 2019 წლის 24 ოქტომბერს, შვედეთის მთავრობამ შეცვალა გადაწყვეტილება და დაასკვნა, რომ იეჰოვას მოწმეები „აკმაყოფილებენ ყველა კანონიერ მოთხოვნას“ სახელმწიფო გრანტის მისაღებად.

სულ ახლახან დღის წესრიგში იგივე საკითხი დადგა ნორვეგიაში, სადაც სახელმწიფო რეგულარულად უზრუნველყოფს დაფინანსებით ყველა რელიგიურ ორგანიზაციას, მათ შორის იეჰოვას მოწმეებს. მაგრამ ბოლო პერიოდში, იეჰოვას მოწმეთა პოლიტიკურად ნეიტრალური პოზიციის გამო, მთავრობას დაევალა, კიდევ ერთხელ გადაეხედა, რა იურიდიულ საფუძველზე გასცემდნენ სახელმწიფო დაფინანსებას იეჰოვას მოწმეთა მისამართით. ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენმა ძმებმა ნორვეგიის ხელისუფლებას მიაწოდეს ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რის საფუძველზე ვინარჩუნებთ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს. მათ აგრეთვე წარადგინეს შვედეთის უზენაესი სასამართლოს მიერ ჩვენ სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილებების ასლები, აგრეთვე ამავე საკითხზე გერმანიისა და იტალიის ადმინისტრაციული ორგანოებისა და სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ასლები.

ძალიან გვიხარია, რომ 2019 წლის 18 ნოემბერს, ნორვეგიის სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, იეჰოვას მოწმეები კვლავ მიიღებენ სახელმწიფო დაფინანსებას. გადაწყვეტილების დასკვნაში ეწერა: „არჩევნებში მონაწილეობის მიღება ნორვეგიის მოქალაქის ფუნდამენტური უფლებაა, თუმცა ეს არ არის ვალდებულება. როგორც ჩანს, არჩევნებში ხმის მიცემისგან თავის შეკავება იეჰოვას მოწმეების რელიგიური შეხედულებების ნაწილია ... [თუმცა სახელმწიფო] ამაში ვერ ხედავს იურიდიულ საფუძველს იმისას, რომ სახელმწიფო დაფინანსება შეუწყვიტოს“ იეჰოვას მოწმეებს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით სკანდინავიის ფილიალის წარმომადგენელი, ძმა დაგ ერიკ კრისტოფერსენი, აღნიშნავს: „გვიხარია, რომ სახელმწიფომ დაინახა ჩვენი დადებითი გავლენა საზოგადოებაზე. იმედი გვაქვს, რომ სხვა ქვეყნებშიც, სადაც მსგავსი კანონმდებლობა მოქმედებს, მხედველობაში მიიღებენ აღნიშნულ გადაწყვეტილებას“. ჩვენ კი, მთელ დიდებას მივაგებთ იეჰოვას, უზენაეს კანონმდებელს (ესაია 33:22).