2017 წლის 4 სექტემბერი
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მცხოვრებმა იეჰოვას მოწმეებმა შეიარაღებული კონფლიქტების გამო მეზობელ ქვეყნებს შეაფარეს თავი
დუალა, კამერუნი — ცენტრალური აფრიკის ზოგიერთ ნაწილში ეთნიკური და რელიგიური კონფლიქტები გამძაფრდა, რის გამოც ამ ქვეყანაში მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს მეზობელ ქვეყნებში, კამერუნსა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, მოუწიათ გაქცევა. თანამორწმუნეებმა ისინი თბილად მიიღეს და მათ საჭიროებებზე იზრუნეს.
2017 წლის 13 ივლისს ქვეყანაში ძალადობამ იფეთქა, რის გამოც 15-მა იეჰოვას მოწმემ თავიანთ ოჯახებთან, მათ შორის ერთ ახალშობილთან ერთად, აღმოსავლეთ კამერუნში მდებარე სოფელ მბაიმბუმს შეაფარეს თავი. მომდევნო კვირაში კიდევ ერთი კონფლიქტის გამო, რომლის დროსაც შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა სახლები გადაწვეს, ბანგასუდან (ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა) გამოქცეული დაახლოებით 60 იეჰოვას მოწმე ქალაქ ნდუში (კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა) მცხოვრებმა თანამორწმუნეებმა შეიფარეს.
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში იეჰოვას მოწმეების ფილიალის წარმომადგენელი ჟან-ბერნარდ ფაიანგა აღნიშნავს: „გვიხარია, რომ არცერთი ჩვენი თანამორწმუნე არ დაღუპულა გაჩაღებულ კონფლიქტებში. ჩვენ ვთანამშრომლობთ კამერუნისა და კონგოს ფილიალებთან, რათა ავამოქმედოთ დაზარალებულთა დახმარების კომიტეტები და დაზარალებული და-ძმები უზრუნველვყოთ სასმელი წყლით, საკვებითა და სათანადო თავშესაფრით. ამასთანავე, ჩვენი მიზანია, მათ სულიერი დახმარება აღმოვუჩინოთ“.
იეჰოვას მოწმეების ხელმძღვანელი საბჭო მსოფლიო მთავარი სამმართველოდან კოორდინირებას უწევს დაზარალებულთა დახმარებას, რისთვისაც მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის გაღებულ შესაწირავებს იყენებს.
საკონტაქტო პირები:
საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1-845-524-3000
კამერუნი: ჟილი მბა, ტელ. +237-6996-30727
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა: ჟან-ბერნარდ ფაიანგა, ტელ. +236-7575-1605