ამოსი 9:1—15
9 ვიხილე იეჰოვა, სამსხვერპლოს ზემოთ გაჩერებული,+ და მან მითხრა: „დაჰკარი ბუღაურს, რომ შეირყეს ზღურბლები. გადაამტვრიე თითოეული ბუღაური.+ დარჩენილ ხალხს მახვილით დავხოცავ. გაქცეული თავს ვერ უშველის და ვერავინ გადაირჩენს თავს.+
2 სამარეშიც* რომ ჩაძვრნენ, იქიდანაც ამოიყვანს მათ ჩემი ხელი,+ ზეცაშიც რომ ავიდნენ, იქიდანაც ჩამოვიყვან მათ.+
3 ქარმელის მწვერვალზეც რომ დაიმალონ, იქაც მოვძებნი და ჩამოვიყვან,+ ზღვის ფსკერზეც რომ დაემალონ ჩემს თვალს,+ ვუბრძანებ გველს და იქ დაკბენს მათ.
4 ტყვეობაშიც რომ წაასხან თავიანთმა მტრებმა, ვუბრძანებ მახვილს და იქ დახოცავს მათ;+ თვალს დავიჭერ მათზე მათ საუბედუროდ და არა სასიკეთოდ.+
5 უზენაესი უფალი, ლაშქართა ღმერთი იეჰოვა ეხება მიწას და დნება იგი;+ იგლოვებს ყველა, ვინც მკვიდრობს მასზე;+ ის მთლიანად ადიდდება ნილოსივით და ეგვიპტის ნილოსივით დაწყნარდება.+
6 ის აგებს საფეხურებს ზეცაში+ და კამარას — დედამიწის თავზე, თავად რომ დააფუძნა;+ ის უხმობს ზღვის წყლებს,+ რათა გადმოღვაროს მიწის ზედაპირზე+ — იეჰოვაა მისი სახელი.+
7 განა ქუშელთა ძეებივით არ ხართ ჩემთვის, ისრაელის ძეებო?! — ამბობს იეჰოვა. — განა მე არ გამოვიყვანე ისრაელი ეგვიპტიდან,+ ფილისტიმელები+ — კრეტიდან და სირია — კირიდან?!+
8 აი, უზენაესი უფლის, იეჰოვას თვალები დაჰყურებს ცოდვილ სამეფოს,+ ის მოსპობს მას მიწის პირიდან.+ თუმცა ბოლომდე არ მოვსპობ იაკობის სახლს,+ — ამბობს იეჰოვა. —
9 აი, ვბრძანებ და შევარხევ ისრაელის სახლს ყველა ხალხში,+ როგორც საცერს არხევენ ხოლმე, კენჭიც კი არ დაეცემა მიწაზე.
10 მახვილით დაიხოცება ჩემს ხალხში ყველა ცოდვილი,+ რომლებიც ამბობენ, არ მოგვეკარებაო და არ გვეწევაო უბედურება.+
11 იმ დღეს აღვმართავ+ დავითის დაცემულ+ კარავს,+ ამოვავსებ ბზარებს, აღვადგენ მის ნანგრევებს და ავაშენებ, როგორც ძველ დროში,+
12 რათა დაეუფლონ ედომისგან დარჩენილს,+ და ყველა უცხოტომელს, ჩემი სახელით წოდებულს,+ — ამბობს იეჰოვა, ამის გამკეთებელი.
13 აი, დადგება დრო, — ამბობს იეჰოვა, — როცა მხვნელი თავზე წამოადგება მომკელს,+ ყურძნის მწურავი კი — მთესველს;+ მთებიდან მაჭარი+ ჩამოწვეთავს და გორები დადნებიან.+
14 შევკრებ ჩემი ხალხიდან, ისრაელიდან დატყვევებულებს;+ ისინი ააშენებენ გაპარტახებულ ქალაქებს და დასახლდებიან იქ,+ გააშენებენ ვენახებს და მათ ღვინოს დალევენ, გააშენებენ ბაღებს და მათ ნაყოფს შეჭამენ.+
15 დავრგავ მათ მათივე მიწაზე და მეტად აღარ ამოიძირკვებიან მიწიდან, რომელიც მათ მივეცი,+ — ამბობს იეჰოვა, შენი ღმერთი“.
სქოლიოები
^ ებრაულ წერილებში სიტყვა სამარე ნათარგმნია ებრაული სიტყვიდან შეოლ. იხილეთ დანართი 2გ.