გამოსვლა 1:1—22
1 ეს არის ისრაელის ვაჟების სახელები*, რომლებიც იაკობთან ერთად ჩავიდნენ ეგვიპტეში, თითოეული თავის სახლეულობასთან ერთად:+
2 რეუბენი,+ სიმონი,+ ლევი,+ იუდა,+
3 ისაქარი,+ ზებულონი,+ ბენიამინი,+
4 დანი,+ ნაფთალი,+ გადი+ და აშერი.+
5 სულ სამოცდაათი სული გამოვიდა იაკობის საზარდულიდან,+ იოსები კი უკვე ეგვიპტეში იყო.+
6 ბოლოს დაიხოცნენ იოსები,+ მისი ძმები და მთელი ის თაობა.
7 ინაყოფიერეს ისრაელის ვაჟებმა და გამრავლდნენ. იზრდებოდნენ რიცხობრივად, მეტისმეტად ძლიერდებოდნენ და აავსეს ის ქვეყანა.+
8 გავიდა ხანი და ეგვიპტეში ახალი მეფე გამეფდა, რომელიც არ იცნობდა იოსებს.+
9 უთხრა მან თავის ხალხს: „ხედავთ?! ისრაელი ხალხი ჩვენზე მრავალრიცხოვანი და ძლიერია.+
10 მოდი, ჭკუით ვაჯობოთ,+ რომ არ გამრავლდნენ, რადგან თუ ომი მოხდა, ჩვენს მოძულეებს შეუერთდებიან, შეგვებრძოლებიან და წავლენ ამ ქვეყნიდან“.
11 დაუნიშნეს მათ ზედამხედველები, რომ მძიმე, მონური შრომით დაეჩაგრათ.+ აშენებდნენ ისინი ფარაონისთვის სამარაგო ქალაქებს — ფითომსა და რამსესს,+
12 მაგრამ რაც უფრო ჩაგრავდნენ მათ, ისინი მით უფრო მრავლდებოდნენ და ვრცელდებოდნენ. თავზარდაცემულები იყვნენ ისინი ისრაელის ძეების შიშით.+
13 ეგვიპტელებმა დაიმონეს ისრაელის ძეები და უმოწყალოდ ექცეოდნენ.+
14 სიცოცხლე გაუმწარეს მძიმე მონური შრომით: თიხის ზელით,+ აგურების კეთებითა და მინდორში მონური მუშაობით;+ უმოწყალოდ ექცეოდნენ მათ და ნებისმიერ სამუშაოს ასრულებინებდნენ.+
15 ეგვიპტის მეფემ ებრაელ ბებიაქალებს,+ შიფრასა და ფუას
16 უთხრა: „როცა ებრაელ ქალებს ამშობიარებთ და უყურებთ მათ მშობიარობას, თუ ბიჭი იქნება, მოკალით, და თუ გოგო — ცოცხალი დატოვეთ“.
17 მაგრამ ჭეშმარიტი ღვთის შიში+ ჰქონდათ იმ ბებიაქალებს და არ აკეთებდნენ იმას, რაც ეგვიპტის მეფეს ჰქონდა მათთვის ნათქვამი,+ და ცოცხლებს ტოვებდნენ ბიჭებს.+
18 მოუხმო ეგვიპტის მეფემ იმ ბებიაქალებს და უთხრა: „ასე რატომ მოიქეცით და რატომ დატოვეთ ბიჭები ცოცხლები?“+
19 ბებიაქალებმა ფარაონს მიუგეს: „ებრაელი ქალები ეგვიპტელ ქალებს არ ჰგვანან. ძლიერები არიან და ბებიაქალის მისვლამდე მშობიარობენ“.
20 სიკეთე გაუკეთა ღმერთმა იმ ბებიაქალებს.+ ხალხი კი რიცხობრივად იზრდებოდა და მეტისმეტად ძლიერდებოდა.
21 ჭეშმარიტი ღვთის შიშის გამო მან ოჯახები უბოძა ბებიაქალებს.+
22 ბოლოს ფარაონმა თავის ხალხს უბრძანა: „ყოველი ახალდაბადებული ბიჭი მდინარე ნილოსში გადააგდეთ, ყოველი გოგო კი ცოცხალი დატოვეთ“.+
სქოლიოები
^ „ეს არის ... სახელები“, ებრაულად ვეელეჰ შემოთ. ებრაულ ენაზე ბიბლიის მეორე წიგნი ამ პირველი სიტყვებითაა დასათაურებული. ზოგჯერ ის გამოიყენება შემოკლებული ფორმით შემოთ. სეპტუაგინტა და ვულგატა წიგნს გამოსვლას უწოდებს.