გამოსვლა 12:1—51
12 უთხრა იეჰოვამ მოსესა და აარონს ეგვიპტის მიწაზე:
2 „ეს თვე იქნება თქვენთვის თვეთა დასაწყისი. წელიწადის თვეებში ეს იქნება პირველი თვე.+
3 ასე უთხარით ისრაელის მთელ კრებულს: ამ თვის მეათე დღეს აიღოს თითოეულმა ოჯახზე თითო ცხვარი,+ სახლზე ერთი ცხვარი.
4 მაგრამ თუ ცხვრის შესაჭმელად სახლეულობა პატარაა, მაშინ მას შეეზიაროს ახლო მეზობელი მის სახლში სულადობის მიხედვით; გამოთვალეთ, ვინ რამდენს შეჭამს.
5 ცხვარი მამალი უნდა იყოს, საღი,+ ერთი წლის.+ აირჩიეთ ან ცხვარი, ან თხა.
6 ამ თვის მეთოთხმეტე დღემდე+ შეინახეთ და ისრაელის მთელმა კრებულმა ორ საღამოს+ შორის* დაკლას ის.
7 აიღონ სისხლი და მიაპკურონ იმ სახლის ორივე წირთხლსა და კარისთავს, რომელშიც შეჭამენ მას.+
8 იმ ღამესვე შეჭამონ ხორცი.+ ცეცხლზე შემწვარი ჭამონ უფუარ პურთან+ და მწარე მწვანილთან ერთად.+
9 არც უმი ჭამოთ და არც მოხარშული, წყალში მომზადებული, არამედ შემწვარი ჭამეთ თავფეხიანად და შიგნეულიანად.
10 დილისთვის ნუ მოიტოვებთ, მაგრამ თუ დარჩება, ცეცხლში დაწვით.+
11 ასე ჭამეთ: წელზე სარტყელი გქონდეთ შემორტყმული,+ ფეხზე სანდლები გეცვათ+ და ხელში ჯოხი გეჭიროთ; აჩქარებით ჭამეთ, ეს იეჰოვას პასექია.+
12 მოვივლი ამ ღამით ეგვიპტის მიწას+ და დავკრავ ყველა პირმშოს, კაცისასაც და ცხოველისასაც;+ აღვასრულებ განაჩენს ეგვიპტის ყველა ღმერთზე.+ მე ვარ იეჰოვა.+
13 სისხლი გქონდეთ ნიშნად სახლებზე, სადაც ხართ; სისხლს რომ დავინახავ, გვერდს აგივლით;+ თქვენ არ დაგატყდებათ დამღუპველი უბედურება, როცა დავკრავ ეგვიპტის მიწას.
14 სამახსოვროდ გქონდეთ ეს დღე. იზეიმეთ ის თაობიდან თაობაში, როგორც იეჰოვას დღესასწაული. ეს გქონდეთ სამარადისო წესად და ზეიმობდეთ მას.
15 შვიდ დღეს ჭამეთ უფუარი პური. პირველ დღესვე მოიშორეთ საფუარი თქვენი სახლებიდან, რადგან ვინც პირველი დღიდან მეშვიდე დღემდე საფუვრიანს შეჭამს,+ ის* მოიკვეთება ისრაელიდან.+
16 წმინდა შეკრება მოაწყვეთ პირველ და მეშვიდე დღეს.+ არავითარი საქმე არ აკეთოთ.+ მხოლოდ ის გააკეთეთ, რაც თითოეულს საჭმელად დაგჭირდებათ.+
17 იზეიმეთ უფუარობის დღესასწაული,+ რადგან სწორედ ამ დღეს გამოვიყვან თქვენს ლაშქრებს ეგვიპტის მიწიდან. დაიცავით ეს დღე თაობიდან თაობაში, როგორც სამარადისო წესი.
18 პირველი თვის მეთოთხმეტე დღის საღამოდან ამავე თვის ოცდამეერთე დღის საღამომდე ჭამეთ უფუარი პური.+
19 შვიდ დღეს არ უნდა გქონდეთ სახლში საფუარი, რადგან ვინც საფუვრიანს იგემებს, ხიზანი იქნება თუ იმ მიწის მკვიდრი,+ მოიკვეთება ის ისრაელის კრებულიდან.+
20 საფუვრიანი არაფერი ჭამოთ. ყველამ უფუარი პური ჭამეთ თქვენ-თქვენს საცხოვრებლებში“.
21 მაშინვე მოუხმო მოსემ ისრაელის უხუცესებს+ და უთხრა: „გამოიყვანეთ და აირჩიეთ წვრილფეხა საქონელი თქვენი საგვარეულოების მიხედვით და დაკალით საპასექო მსხვერპლი.+
22 აიღეთ ერთი კონა უსუპი,+ ამოაწეთ თასში, რომელშიც სისხლია, და შეასხურეთ კარისთავსა და ორივე წირთხლს ის სისხლი, რომელიც თასშია. დილამდე არც ერთი თქვენგანი არ გავიდეს კარში.
23 როცა ჩაივლის იეჰოვა, რომ ეგვიპტეს უბედურება დაატეხოს, და დაინახავს სისხლს კარისთავსა და ორივე წირთხლზე, ჩაუვლის იეჰოვა კარს და არ დაუშვებს, რომ უბედურებამ გაანადგუროს თქვენი სახლები.+
24 დაიცავით ეს, როგორც სამარადისო წესი+ თქვენთვის და თქვენი ვაჟებისთვის.+
25 როცა მიხვალთ იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა მოგცემთ, შეასრულეთ ეს მსახურება,+ როგორც მან თქვა.
26 თქვენი ძეები რომ გკითხავენ, რას ნიშნავს ეს მსახურებაო,+
27 უთხარით: ეს საპასექო მსხვერპლია-თქო იეჰოვასთვის,+ რომელმაც გვერდი აუარა ისრაელის ძეთა სახლებს ეგვიპტეში, როცა ეგვიპტელებს უბედურება დაატეხა, ჩვენი სახლები კი იხსნა“.
ხალხმა მუხლი მოიყარა და მიწაზე დაემხო.+
28 წავიდნენ ისრაელის ძეები და ზუსტად ისე გააკეთეს, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნაბრძანები მოსესა და აარონისთვის.+ ზუსტად ისე გააკეთეს.
29 შუაღამისას დაჰკრა იეჰოვამ ეგვიპტის მიწაზე ყველა პირმშოს,+ ტახტზე მჯდომი ფარაონის პირმშოდან დაწყებული დილეგში მყოფი ტყვეების პირმშოებითა და ცხოველთა პირველმოგებულებით დამთავრებული.+
30 ადგა ღამით ფარაონი, ყველა მისი მსახური და ყველა ეგვიპტელი; ატეხეს დიდი მოთქმა ეგვიპტელებმა,+ რადგან არ იყო სახლი, სადაც ერთი მკვდარი მაინც არ ყოფილიყო.
31 მაშინვე, იმ ღამითვე მოუხმო+ მან მოსესა და აარონს და უთხრა: „ადექით, მოშორდით ჩემს ხალხს, თქვენც და ისრაელის ძეებიც; წადით და ემსახურეთ იეჰოვას, როგორც თქვით;+
32 წაიყვანეთ თქვენი ცხვარ-ძროხაც, როგორც თქვით,+ და წადით, ოღონდ მაკურთხეთ“.
33 ეგვიპტელები ხალხისგან მოითხოვდნენ, რომ მალე+ დაეტოვებინათ ის მიწა, რადგან ამბობდნენ, ყველანი დავიხოცებითო.+
34 წაიღო ხალხმა აუფუებელი ცომი; ვარცლები მოსასხამებით შეკრეს და მხარზე მოიკიდეს.
35 მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ ისრაელის ძეები, ითხოვეს ეგვიპტელებისგან ოქრო-ვერცხლის ნივთები და მოსასხამები.+
36 წყალობა აპოვნინა იეჰოვამ თავის ხალხს ეგვიპტელთა თვალში+ და მათაც მისცეს, რაც სთხოვეს.+ ასე გაძარცვეს მათ ეგვიპტელები.+
37 დაიძრნენ ისრაელის ძეები რამსესიდან+ სუქოთისკენ.+ ბავშვების გარდა ექვსასი ათასი მამაკაცი იყო, ფეხით მიმავალი.+
38 გაჰყვა მათ უამრავი ჭრელი ხალხი;+ წაასხეს ცხვარ-ძროხა, ურიცხვი საქონელი.
39 დააცხვეს ეგვიპტიდან წამოღებული ცომით მრგვალი უფუარი პურები; ცომი არ იყო აფუებული, ვინაიდან ისე გამოყარეს ეგვიპტიდან, რომ შეყოვნების საშუალება არ მიეცათ და საგზლის მომზადებაც კი ვერ მოასწრეს.+
40 ისრაელის ძეების მკვიდრობის დრო, რომლებიც ეგვიპტეში+ ცხოვრობდნენ,+ ოთხას ოცდაათი წელი იყო.+
41 ოთხას ოცდაათი წლის ბოლოს, სწორედ იმ დღეს, იეჰოვას მთელი ლაშქარი გამოვიდა ეგვიპტის მიწიდან.+
42 ეს იეჰოვას დღესასწაულის ღამეა, რადგან მაშინ გამოიყვანა ისინი ეგვიპტის მიწიდან. იეჰოვას დღესასწაულის ამ ღამეს ისრაელის ძეთაგან ყველა უნდა აღნიშნავდეს თაობიდან თაობაში.+
43 უთხრა იეჰოვამ მოსესა და აარონს: „ეს არის პასექის წესი:+ არც ერთმა უცხოელმა არ უნდა ჭამოს ის.+
44 მაგრამ თუ გყავთ ფულით შეძენილი მონა, წინადაცვითეთ+ და მერე ჭამოს.
45 არც მდგმურს და არც მოჯამაგირეს არ შეუძლია მისი ჭამა.
46 ერთ სახლში უნდა შეიჭამოს ის. ხორცი სახლიდან გარეთ არ გაიტანოთ და ძვალი არ გადატეხოთ.+
47 ისრაელის მთელმა კრებულმა იზეიმოს.+
48 თუ თქვენ შორის მცხოვრები ხიზანი მოისურვებს, იზეიმოს იეჰოვას პასექი, წინადაცვითოს თავისი სახლეულობაში ყველა მამაკაცი;+ მერე შეუძლია მივიდეს და იზეიმოს. გახდნენ ისინი, როგორც იმ მიწის მკვიდრნი. არც ერთმა წინადაუცვეთელმა კაცმა არ ჭამოს.
49 ერთი კანონი იქნება როგორც მკვიდრისთვის, ისე თქვენ შორის მცხოვრები ხიზნისთვის“.+
50 ისრაელის ძეთაგან ყველამ ზუსტად ისე გააკეთა, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნაბრძანები მოსესა და აარონისთვის. მათ ზუსტად ისე გააკეთეს.+
51 სწორედ იმ დღეს გამოიყვანა იეჰოვამ ისრაელის ძეები ეგვიპტის მიწიდან ლაშქრებად.+
სქოლიოები
^ ზოგიერთი სწავლულის, ასევე იუდეველი კარაიმების და სამარიელების აზრით, ფრაზა „ორ საღამოს შორის“ ეხება დროის შუალედს მზის ჩასვლიდან სრულ დაბნელებამდე. ფარისევლებსა და თალმუდისტებს განსხვავებული აზრი ჰქონდათ, პირველ საღამოდ მათ მიაჩნდათ დაისის დასაწყისი, მეორე საღამოდ კი — დაისის დასასრული.
^ სიტყვასიტყვით — ის სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.