გამოსვლა 16:1—36

16  დაიძრნენ ისინი ელიმიდან,+ და ეგვიპტის მიწიდან მათი გამოსვლის მეორე თვის მეთხუთმეტე დღეს მივიდა ისრაელის ძეების მთელი კრებული ელიმსა და სინას შორის მდებარე სინის უდაბნოში.+  დაიწყო დრტვინვა ისრაელის ძეების მთელმა კრებულმა უდაბნოში მოსესა და აარონის წინააღმდეგ.+  ეუბნებოდნენ მათ ისრაელის ძეები: „ნეტავ დავხოცილიყავით+ იეჰოვას ხელით ეგვიპტის მიწაზე, ხორცით სავსე ქოთნებს რომ ვუსხედით+ და პურს ძღომამდე ვჭამდით. გამოგვიყვანეთ ამ უდაბნოში, მთელი კრებული შიმშილით რომ დაგვხოცოთ“.+  უთხრა იეჰოვამ მოსეს: „პურს გაწვიმებთ ციდან;+ ყოველდღე გავიდეს ხალხი და შეაგროვოს თითოეულმა თავისი სამყოფი,+ რათა გამოვცადო ისინი, ივლიან თუ არა ჩემი კანონით.+  მეექვსე დღეს მოამზადონ+ და შინ წაიღონ იმაზე ორჯერ მეტი, რასაც ყოველდღე იღებენ“.+  უთხრეს მოსემ და აარონმა ისრაელის ყველა ძეს: „საღამოს გაიგებთ, რომ იეჰოვამ გამოგიყვანათ ეგვიპტის მიწიდან.+  დილით კი დაინახავთ იეჰოვას დიდებას,+ რადგან გაიგონა იეჰოვამ, რომ მის წინააღმდეგ დრტვინავდით. ჩვენ ვინა ვართ, რომ ჩვენ წინააღმდეგ დრტვინავთ?!“  განაგრძო მოსემ: „საღამოს იეჰოვა ხორცს მოგცემთ საჭმელად, დილით კი — პურს გასაძღომად, რადგან გაიგონა იეჰოვამ, რომ მის წინააღმდეგ დრტვინავთ. ჩვენ ვინა ვართ?! თქვენ ჩვენ წინააღმდეგ კი არა, იეჰოვას წინააღმდეგ დრტვინავთ“.+  უთხრა მოსემ აარონს: «უთხარი ისრაელის ძეების მთელ კრებულს: „წარდექით იეჰოვას წინაშე, რადგან გაიგონა მან თქვენი დრტვინვა“».+ 10  როცა ელაპარაკა აარონი ისრაელის ძეების მთელ კრებულს, შებრუნდნენ ისინი უდაბნოსკენ, და რას ხედავენ! იეჰოვას დიდება გამოჩნდა ღრუბელში.+ 11  უთხრა იეჰოვამ მოსეს: 12  «გავიგონე ისრაელის ძეების დრტვინვა.+ უთხარი მათ: „ორ საღამოს შორის* შეჭამთ ხორცს, დილით კი პურით გაძღებით+ და გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი“».+ 13  ასეც მოხდა. მოევლინა საღამო ხანს მწყერი+ და დაფარა ბანაკი, დილით კი ბანაკის გარშემო მიწა ნამით იყო დაფარული.+ 14  ნამის აორთქლების შემდეგ უდაბნოს ზედაპირზე გამოჩნდა რაღაც ხრაშუნა,+ თრთვილივით წვრილი.+ 15  ეს რომ ისრაელის ძეებმა დაინახეს, ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ეს რა არისო, რადგან არ იცოდნენ, რა იყო. მოსემ უთხრა მათ: «ეს ის პურია, რომელიც იეჰოვამ მოგცათ საჭმელად.+ 16  ასე ბრძანა იეჰოვამ: „აკრიფეთ თითოეულმა იმდენი, რამდენსაც შეჭამთ. აიღეთ კაცზე თითო ომერი*+ იმ სულთა რაოდენობის მიხედვით, რამდენიც კარავში გყავთ“». 17  ასეც მოიქცნენ ისრაელის ძეები. აკრიფეს, ზოგმა — ბევრი, ზოგმა კი — ცოტა. 18  აწყვეს ომერით და არც ბევრის შემგროვებელს ჰქონია ზედმეტი და არც ცოტას შემგროვებელს — ნაკლები.+ თითოეულმა იმდენი აიღო, რამდენსაც შეჭამდა. 19  უთხრა მოსემ მათ: „დილამდე არავინ არაფერი დატოვოს“.+ 20  მაგრამ არ მოუსმინეს მოსეს. როცა ზოგიერთი დილამდე ტოვებდა, მატლი უჩნდებოდა მას და ყარდა.+ განურისხდა მათ მოსე.+ 21  დილაობით თითოეული იმდენს აგროვებდა,+ რამდენსაც შეჭამდა. მზე რომ დააცხუნებდა, ის დნებოდა. 22  მეექვსე დღეს ორჯერ მეტი პური შეაგროვეს,+ კაცზე ორი ომერი. მივიდნენ მოსესთან კრებულის თავკაცები და შეატყობინეს ეს. 23  მან უთხრა: „აი რა თქვა იეჰოვამ. ხვალ შაბათის დღესასწაულია, იეჰოვას წმინდა შაბათი.+ რასაც გამოაცხობთ, გამოაცხვეთ, და რასაც მოხარშავთ, მოხარშეთ;+ ხოლო რაც მოგრჩებათ, დილამდე შეინახეთ“. 24  მათაც შეინახეს დილამდე, როგორც მოსემ ბრძანა; არც აყროლებულა ის და არც მატლი გასჩენია.+ 25  თქვა მოსემ: „ჭამეთ ის დღეს, რადგან დღეს იეჰოვას შაბათია.+ დღეს ვერ იპოვით მას მინდორში. 26  ექვს დღეს შეაგროვებთ, მეშვიდე დღე კი შაბათია.+ მაშინ არაფერი იქნება“. 27  მაინც გავიდა ზოგი მეშვიდე დღეს მოსაგროვებლად, თუმცა ვერაფერი იპოვეს. 28  უთხრა იეჰოვამ მოსეს: „ხალხო, როდემდე არ უნდა იცავდეთ ჩემს მცნებებსა და კანონებს?+ 29  გახსოვდეთ, რომ იეჰოვამ მოგცათ შაბათი.+ ამიტომ გაძლევთ ის მეექვსე დღეს ორი დღის პურს. დარჩით თქვენ-თქვენს ადგილზე+ და არავინ გავიდეს თავისი ადგილიდან მეშვიდე დღეს“. 30  იზეიმა ხალხმა შაბათი მეშვიდე დღეს.+ 31  უწოდა მას ისრაელის სახლმა „მანანა“*. ქინძის თესლივით თეთრი იყო ის და თაფლიანი კვერის გემო ჰქონდა.+ 32  შემდეგ თქვა მოსემ: «აი რა ბრძანა იეჰოვამ: „აიღეთ ის, ერთი ომერი, თაობიდან თაობაში შესანახად,+ რათა ნახონ მათ ის პური, რომელსაც უდაბნოში გაჭმევდით, როცა ეგვიპტის მიწიდან გამოგიყვანეთ“».+ 33  უთხრა მოსემ აარონს: „აიღე დოქი, ჩაყარე მასში ერთი ომერი მანანა და დადგი იეჰოვას წინაშე თაობიდან თაობაში შესანახად“.+ 34  როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს, დადგა ის აარონმა შესანახად მოწმობის კიდობნის*+ წინ. 35  ორმოცი წელი ჭამდნენ ისრაელის ძეები მანანას,+ სანამ დასახლებულ მიწაზე მივიდოდნენ.+ მანანას ჭამდნენ ისინი, სანამ ქანაანის მიწის საზღვრამდე მივიდოდნენ.+ 36  ომერი ეფის* მეათედია.

სქოლიოები

იხილეთ 12:6-ის სქოლიო.
დაახლოებით 2,2 ლიტრი. იხილეთ დანართი 6ა.
შესაძლოა ნიშნავდეს: „ეს რა არის?“ (ებრ. მან ჰუ). იხილეთ მე-15 მუხლი.
როგორც ჩანს, ეს იყო კიდობანი, რომელშიც ინახებოდა მნიშვნელოვანი საბუთები.
დაახლოებით 22 ლიტრი. იხილეთ დანართი 6ა.