გამოსვლა 18:1—27

18  გაიგო ითრომ, მიდიანის მღვდელმა, მოსეს სიმამრმა,+ ყველაფერი, რაც ღმერთმა გაუკეთა მოსესა და ისრაელს, თავის ხალხს, როგორ გამოიყვანა იეჰოვამ ისრაელი ეგვიპტიდან.+  წამოიყვანა ითრომ, მოსეს სიმამრმა ციფორა, მოსეს ცოლი, რომელიც მანამდე გაგზავნილი ჰყავდა,  და მისი ორი ვაჟი,+ რომელთაგან ერთს ერქვა გერშომი*,+ რადგან ამბობდა ხიზანი გავხდიო უცხო მიწაზე,  მეორეს კი ელიეზერი*,+ რადგან ამბობდა მამაჩემის ღმერთია ჩემი შემწე, ვინაიდან მან მიხსნაო ფარაონის მახვილისგან.+  მივიდნენ მოსესთან ითრო, მოსეს სიმამრი, მისი ვაჟები და ცოლი უდაბნოში, სადაც ის იყო დაბანაკებული, ჭეშმარიტი ღვთის მთაზე.+  შეუთვალა მან მოსეს: „მოვედი შენი სიმამრი ითრო,+ შენს ცოლთან და ორივე ვაჟთან ერთად“.  მაშინვე გავიდა მოსე თავის სიმამრთან შესახვედრად, მიწაზე დაემხო და გადაკოცნა ის;+ ერთმანეთი მოიკითხეს და კარავში შევიდნენ.  მოუყვა მოსე თავის სიმამრს ყველაფერს, რაც იეჰოვამ ისრაელის გამო გაუკეთა ფარაონსა და ეგვიპტეს;+ იმ სიძნელეების შესახებაც მოუყვა, რაც მათ გზად შეხვდათ,+ და ისიც, როგორ იფარავდა მათ იეჰოვა.+  გაიხარა ითრომ იმ ყოველივე კარგის გამო, რაც იეჰოვამ ისრაელს გაუკეთა, როცა იხსნა ისინი ეგვიპტის ხელიდან.+ 10  თქვა ითრომ: „კურთხეული იყოს იეჰოვა, რომელმაც დაგიხსნათ ეგვიპტისა და ფარაონის ხელიდან და დაიხსნა ხალხი ეგვიპტის ხელიდან.+ 11  ახლა კი ვიცი, რომ ყველა სხვა ღმერთზე+ დიდია იეჰოვა. ეს მაშინ გამოჩნდა, როცა ეგვიპტელები კადნიერად იქცეოდნენ მათ წინააღმდეგ“. 12  შემდეგ აიღო ითრომ, მოსეს სიმამრმა, დასაწვავი შესაწირავი და მსხვერპლი ღვთისთვის შესაწირავად.+ მივიდნენ აარონი და ისრაელის ყველა უხუცესი ღვთის წინაშე მოსეს სიმამრთან პურის საჭმელად.+ 13  მომდევნო დღეს, ჩვეულებისამებრ, დაჯდა მოსე, რომ ხალხისთვის სამართალი გაეჩინა;+ ხალხიც დილიდან საღამომდე იდგა მოსეს წინაშე. 14  დაინახა მოსეს სიმამრმა, რასაც აკეთებდა ის ხალხისთვის და უთხრა: „ხალხს რას უკეთებ?! რატომ ზიხარ მარტო, მთელი ხალხი კი შენ წინაშე დგას დილიდან საღამომდე?“ 15  მიუგო მოსემ თავის სიმამრს: „მოდის ხალხი ჩემთან, რომ ღმერთს დავეკითხო.+ 16  როცა რამე საქმე წამოეჭრებათ,+ ეს საქმე ჩემთან მოდის; მე უნდა გავუჩინო სამართალი ერთსაც და მეორესაც და ვამცნო ჭეშმარიტი ღვთის გადაწყვეტილებები და მისი კანონები“.+ 17  ამაზე მოსეს სიმამრმა მიუგო მას: „არ არის კარგი, როგორც აკეთებ. 18  შენც დაიქანცები და შენთან მყოფი ხალხიც, რადგან მეტისმეტად დიდი ტვირთია შენთვის ეს საქმე.+ ამას მარტო ვერ გააკეთებ.+ 19  მომისმინე,+ რჩევას მოგცემ და ღმერთი იქნება შენთან.+ იყავი ხალხის წარმომადგენელი ჭეშმარიტი ღვთის წინაშე+ და წარუდგინე ჭეშმარიტ ღმერთს მათი საქმეები.+ 20  გააფრთხილე ისინი, რომ დაიცვან წესები და კანონები,+ ამცნე ის გზა, რომლითაც უნდა იარონ, და ის საქმე, რომელიც უნდა აკეთონ.+ 21  შენ კი ამოარჩიე მთელი ხალხიდან უნარიანი,+ ღვთისმოშიში,+ სანდო+ და უკანონო შემოსავლის მოძულე კაცები;+ დააყენე ისინი ათასისთავებად,+ ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად.+ 22  მათ გაუჩინონ სამართალი ხალხს საჭიროებისამებრ; ყველა დიდი საქმე შენთან მოიტანონ,+ ყველა პატარა საქმე კი თავად განსაჯონ. ასე შეიმსუბუქე საქმე და შენთან ერთად მათაც ატარონ ეს ტვირთი.+ 23  თუ ასე გააკეთებ, და ღმერთიც გიბრძანებს, მაშინ გაუმკლავდები ამას და მთელი ეს ხალხიც მშვიდობით მივა თავის ადგილზე“.+ 24  მაშინვე ყურად იღო მოსემ თავისი სიმამრის ნათქვამი და ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც მან უთხრა.+ 25  ამოარჩია მოსემ მთელი ისრაელიდან უნარიანი კაცები და დააყენა ისინი ხალხის თავკაცებად:+ ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად. 26  უჩენდნენ ისინი ხალხს სამართალს საჭიროებისამებრ. რთული საქმე მოსესთან მიჰქონდათ,+ პატარა საქმეებს კი თავად განსჯიდნენ. 27  გააცილა მოსემ თავისი სიმამრი+ და დაადგა ის თავის ქვეყანაში მიმავალ გზას.

სქოლიოები

იხილეთ 2:22-ის სქოლიო.
ნიშნავს: ღმერთია ჩემი შემწე.