გამოსვლა 30:1—38
30 „ააგე აკაციის ხისგან სამსხვერპლო საკმევლის დასაწვავად,+
2 სიგრძით ერთი წყრთა და სიგანითაც ერთი წყრთა; კვადრატული უნდა იყოს, სიმაღლით ორი წყრთა. მას კუთხეებში რქები უნდა ჰქონდეს.+
3 სუფთა ოქროთი მოავარაყე მისი ზედაპირი, გვერდები და რქები; შემოავლე ოქროს არშია.+
4 ორი ოქროს რგოლიც გაუკეთე არშიის დაბლა, ორ გვერდზე, ერთმანეთის პირისპირ. კეტებისთვის იქნება ისინი სამსხვერპლოს სატარებლად.+
5 კეტები აკაციის ხისგან გააკეთე და ოქროთი მოავარაყე.+
6 დადე ის ფარდის წინ, რომელიც მოწმობის კიდობანთან+ არის ახლოს, მოწმობის კიდობანზე დაფარებული სახურავის წინ, სადაც გამოგეცხადები.+
7 ააბოლოს მასზე+ აარონმა სურნელოვანი საკმეველი.+ ააბოლოს ის დილაობით, როცა ლამპრებს გაამზადებს,+
8 და ორ საღამოს შორისაც* ააბოლოს, როცა აანთებს აარონი ლამპრებს. ეს არის მუდმივი საკმეველი თქვენს თაობებში იეჰოვას წინაშე.
9 არ აღავლინოთ მასზე არც უკანონო საკმეველი,+ არც დასაწვავი შესაწირავი და არც მარცვლეული შესაწირავი; არ დაღვაროთ მასზე დასაღვრელი შესაწირავი.
10 წელიწადში ერთხელ შეასრულოს აარონმა გამოსყიდვის წესი სამსხვერპლოს რქებზე.+ ცოდვის შესაწირავის+ სისხლით შეასრულოს მან გამოსყიდვის წესი სამსხვერპლოსთვის თქვენს თაობებში, წელიწადში ერთხელ. ეს უწმინდესი რამ არის იეჰოვასთვის“.
11 უთხრა იეჰოვამ მოსეს:
12 „როცა აღრიცხავ ისრაელის ძეებს, აღრიცხვის დროს+ თითოეულმა თავისი სულისთვის* გაიღოს შესაწირავი იეჰოვასთვის,+ რათა არ დაატყდეთ უბედურება აღრიცხვისას.+
13 აი რა უნდა გაიღოს ყველა აღრიცხულმა: ნახევარი შეკელი წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით.+ ოცი გერა* ერთი შეკელია. ნახევარი შეკელი შესაწირავია იეჰოვასთვის.+
14 ყველა აღრიცხულმა, ოცი წლიდან ზევით, გაიღოს იეჰოვასთვის შესაწირავი.+
15 მდიდარმა ნახევარ შეკელზე მეტი არ უნდა გაიღოს და ღარიბმა — ნახევარ შეკელზე ნაკლები,+ რათა გაიღოთ იეჰოვასთვის შესაწირავი თქვენი სულებისთვის გამოსყიდვის წესის შესასრულებლად.+
16 აიღე გამოსასყიდად ვერცხლი ისრაელის ძეებისგან და გაიღე ის შეხვედრის კარავში მსახურებისთვის,+ რათა იყოს ის იეჰოვას წინაშე ისრაელის ძეებისთვის სამახსოვროდ, თქვენი სულებისთვის გამოსყიდვის წესის შესასრულებლად“.
17 კვლავ უთხრა იეჰოვამ მოსეს:
18 „გააკეთე სპილენძის აუზი დასაბანად+ და გაუკეთე მას სპილენძისავე სადგამი; დადგი ის შეხვედრის კარავსა და სამსხვერპლოს შორის და ჩაასხი მასში წყალი.+
19 დაიბანონ აარონმა და მისმა ვაჟებმა ხელები და ფეხები.+
20 წყლით განიბანონ შეხვედრის კარავში შესვლამდე, რათა არ დაიხოცონ; განიბანონ სამსხვერპლოსთან მსახურების შესასრულებლად მისვლამდეც, რათა ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი ააბოლონ იეჰოვასთვის.+
21 დაიბანონ ხელები და ფეხები, რათა არ დაიხოცონ;+ ეს იქნება სამარადისო წესი მათთვის, მისთვის და მისი შთამომავლობისთვის თაობიდან თაობაში“.+
22 კვლავ უთხრა იეჰოვამ მოსეს:
23 „აიღე საუკეთესო სურნელებანი:+ ხუთასი შეკელი მყარი სმირნა,+ ამის ნახევარი, ორას ორმოცდაათი შეკელი ტკბილი დარიჩინი+ და ორას ორმოცდაათი შეკელი ტკბილი კოთხუჯი,+
24 ხუთასი შეკელი კასია+ წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით+ და ერთი ჰინი+ ზეთისხილის ზეთი.
25 დაამზადე მათგან წმინდა საცხები ზეთი, როგორც მენელსაცხებლე აკეთებს.+ ეს უნდა იყოს წმინდა საცხები ზეთი.+
26 სცხე ის შეხვედრის კარავსა+ და მოწმობის კიდობანს,
27 მაგიდასა და მთელ მის მოწყობილობას, სალამპრესა და მის მოწყობილობას, საკმევლის სამსხვერპლოს,
28 დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოსა და მთელ მის მოწყობილობას, აუზსა და მის სადგამს.
29 განწმინდე ეს ყველაფერი, რომ უწმინდესი გახდეს.+ წმინდა უნდა იყოს ის, ვინც მათ შეეხება.+
30 სცხე აარონი+ და მისი ვაჟები,+ განწმინდე ისინი, რომ მღვდლებად მემსახურონ.+
31 უთხარი ისრაელის ძეებს: ეს იქნება ჩემთვის წმინდა საცხები ზეთი თქვენს თაობებში.+
32 არ უნდა წაესვას ის ადამიანის სხეულს; არ დაამზადოთ მისი მსგავსი ნაზავი. ის წმინდაა და წმინდა უნდა იყოს თქვენთვის.
33 ვინც მსგავს საცხს დაამზადებს და უცხოს წაუსვამს, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან“.+
34 უთხრა იეჰოვამ მოსეს: „აიღე სურნელებანი:+ შტახსი და სურნელოვანი ონიკა, სურნელოვანი ქალბანა და სუფთა გუნდრუკი,+ ყველაფერი თანაბრად.
35 გააკეთე მათგან საკმეველი,+ სურნელოვანი მცენარეების ნაზავი, როგორც მენელსაცხებლე აკეთებს, მარილიანი,+ სუფთა, წმინდა.
36 დაფხვენი და ნაწილი მოწმობის კიდობნის წინ დადე, შეხვედრის კარავში,+ სადაც გამოგეცხადები.+ ის უწმინდესი რამ უნდა იყოს თქვენთვის.
37 საკმეველი, რომელსაც ამ ნაზავით გააკეთებთ, თქვენთვის არ გაიკეთოთ,+ რადგან წმინდა იქნება ის იეჰოვასთვის.+
38 ვინც მის მსგავსს გააკეთებს, რომ დატკბეს მისი სურნელით, უნდა მოიკვეთოს+ თავისი ხალხიდან“.