გამოსვლა 33:1—23
33 უთხრა იეჰოვამ მოსეს: „აიყარეთ აქედან, შენ და შენი ხალხი, რომელიც გამოიყვანე ეგვიპტის მიწიდან,+ და წადით იმ მიწაზე, რომელიც ფიცით აღვუთქვი აბრაამს, ისაკსა და იაკობს, შენს შთამომავალს მივცემ-მეთქი მას,+
2 წინ წაგიძღოლებთ ანგელოზს+ და განვდევნი ქანაანელებს, ამორეველებს, ხეთელებს, ფერიზელებს, ხიველებსა და იებუსელებს,+
3 იმ მიწაზე, სადაც რძე და თაფლი მოედინება.+ მე არ ვივლი თქვენ შორის, რომ არ გაგანადგუროთ გზაში,+ რადგან ქედმოუხრელი ხალხი ხართ“.+
4 როცა ხალხმა ეს ავის მომასწავებელი სიტყვა მოისმინა, გლოვა დაიწყეს+ და არც ერთ მათგანს არ გაუკეთებია სამკაულები.
5 უთხრა იეჰოვამ მოსეს: „ასე უთხარი ისრაელის ძეებს: ქედმოუხრელი ხალხი ხართ.+ თვალის დახამხამებაშიც+ რომ გავიარო თქვენში, უეჭველად შეგმუსრავთ. მოიხსენით სამკაულები, რადგან მინდა ვიცოდე, როგორ მოგექცეთ“.+
6 იმ დროიდან მოყოლებული, როცა ხორების მთასთან იყვნენ,+ ისრაელის ძეები სამკაულებს იხსნიდნენ ხოლმე.
7 აიღო მოსემ თავისი კარავი და ბანაკის გარეთ, მოშორებით გაშალა. უწოდა მას შეხვედრის კარავი. ყველა, ვინც იეჰოვას ეკითხებოდა,+ მიდიოდა შეხვედრის კარავთან, რომელიც ბანაკის გარეთ იყო.
8 როცა მოსე კარავში შესასვლელად მიდიოდა, მთელი ხალხი დგებოდა,+ თითოეული თავისი კარვის შესასვლელთან, და უყურებდა მოსეს, სანამ კარავში შევიდოდა.
9 როგორც კი მოსე კარავში შევიდოდა, ღრუბლის სვეტი+ ეშვებოდა და კარვის შესასვლელთან დგებოდა. ელაპარაკებოდა+ ის მოსეს.
10 ხედავდა მთელი ხალხი კარვის შესასვლელთან მდგარ ღრუბლის სვეტს,+ ყველა დგებოდა და მდაბლად თაყვანს სცემდა თავ-თავისი კარვის შესასვლელთან.+
11 ელაპარაკებოდა იეჰოვა მოსეს პირისპირ,+ ისე როგორც კაცი ელაპარაკება ხოლმე თავის მოძმეს. როდესაც ის ბანაკში ბრუნდებოდა, მისი მსახური+ იესო ნავეს ძე,+ როგორც მომსახურე, არ შორდებოდა კარავს.
12 უთხრა მოსემ იეჰოვას: „შენ მეუბნები, წაიყვანე ეს ხალხიო, მაგრამ არ გაგიმხელია, ვის გამოუშვებ ჩემთან ერთად. ისიც მითხარი, რომ სახელით გიცნობ+ და ჩემს თვალში წყალობა გიპოვნიაო.
13 აი ახლა, თუ ნაპოვნი მაქვს წყალობა შენს თვალში,+ გამაგებინე შენი გზები,+ რომ გიცნობდე და წყალობა ვპოვო შენს თვალში. ნუ დაივიწყებ, რომ ეს ერი შენი ხალხია“.+
14 მან უთხრა: „მე თვითონ გამოგყვები+ და მოგასვენებ“.+
15 მან კი მიუგო: „თუ შენ თვითონ არ გამოგვყვები, ნუ წაგვიყვან აქედან.
16 როგორ გავიგო, რომ წყალობა ვპოვეთ შენს თვალში მე და შენმა ხალხმა? განა ისე არა, რომ გამოგვყვები+ და გამოგვყოფ მე და შენს ხალხს დედამიწის პირზე მცხოვრები ყველა სხვა ხალხისგან?!“+
17 უთხრა იეჰოვამ მოსეს: „რაც მითხარი, იმასაც გავაკეთებ,+ რადგან წყალობა პოვე ჩემს თვალში და სახელით გიცნობ“.
18 მან სთხოვა: „მაჩვენე შენი დიდება“.+
19 მაგრამ მან უთხრა: „ჩამოვატარებ შენ წინაშე ჩემს კარგ თვისებებს*+ და შენ წინაშე გამოვაცხადებ იეჰოვას სახელს.+ ვისაც მოვიწონებ, მოვიწონებ და ვისაც შევიწყალებ, შევიწყალებ“.+
20 ისიც თქვა: „ვერ იხილავ ჩემს სახეს, რადგან შეუძლებელია, ადამიანმა იხილოს ის და ცოცხალი დარჩეს“.+
21 იეჰოვამ უთხრა: „ჩემთან დადექი კლდეზე.
22 ჩემი დიდება რომ ჩამოივლის, გამოქვაბულში დაგაყენებ და ხელს დაგაფარებ, სანამ ჩავივლი.
23 შემდეგ ხელს მოგაშორებ და ჩემს ზურგს იხილავ, ჩემს სახეს კი ვერ იხილავ“.+
სქოლიოები
^ ებრაულად ტუვ, რაც ნიშნავს მაღალზნეობრიობას, უბიწობას, სიტყვასიტყვით — სიკარგეს.