გამოცხადება 5:1—14
5 ვიხილე, ტახტზე მჯდომს+ მარჯვენა ხელში გრაგნილი ეჭირა, შიგნიდან და გარედან დაწერილი+ და შვიდი ბეჭდით საგულდაგულოდ დაბეჭდილი.+
2 ვიხილე ძლიერი ანგელოზი, რომელიც ხმამაღლა აუწყებდა: „ვინ არის ამ გრაგნილის გახსნისა და მისი ბეჭდების ახსნის ღირსი?“
3 მაგრამ ზეცაში, დედამიწაზე თუ მიწის ქვეშ ვერავინ შეძლო ამ გრაგნილის გახსნა და მასში ჩახედვა.
4 ბევრი ვიტირე, რადგან არავინ აღმოჩნდა გრაგნილის გახსნისა და მასში ჩახედვის ღირსი.+
5 ერთ-ერთმა უხუცესმა მითხრა: „ნუ ტირი. აი, გაიმარჯვა+ ლომმა იუდას ტომიდან,+ დავითის+ ფესვმა,+ რათა გახსნას გრაგნილი და ახსნას მას შვიდი ბეჭედი“.
6 ტახტთან,+ ოთხ ცოცხალ არსებას შორის და უხუცესებს+ შორის ვიხილე კრავი,+ რომელიც თითქოს დაკლული+ იყო. მას შვიდი რქა და შვიდი თვალი ჰქონდა. თვალები მთელ დედამიწაზე გამოგზავნილ ღვთის შვიდ სულს+ ნიშნავს.
7 მივიდა და მაშინვე გამოართვა გრაგნილი ტახტზე მჯდომს+ მარჯვენა ხელიდან.
8 როცა აიღო გრაგნილი, ოთხი ცოცხალი არსება და ოცდაოთხი უხუცესი+ დაემხვნენ კრავის წინაშე, თითოეულს ქნარი+ და საკმევლით სავსე ოქროს თასები ჰქონდა. საკმეველი+ წმინდათა ლოცვებს+ ნიშნავს.
9 ისინი ახალ სიმღერას+ მღეროდნენ და ამბობდნენ: „შენ ღირსი ხარ, რომ აიღო გრაგნილი და ახსნა მისი ბეჭდები, რადგან დაკლულ იქენი და შენი სისხლით+ იყიდე+ ადამიანები ღვთისთვის+ ყოველი ტომიდან, ენიდან, ხალხიდან და ერიდან,
10 ჩვენი ღვთის+ სამეფოდ+ და მღვდლებად+ გახადე ისინი და მეფეები იქნებიან,+ დედამიწის მმართველები“.
11 ვიხილე და მოვისმინე ტახტის, ცოცხალ არსებათა და უხუცესთა ირგვლივ მყოფი მრავალი ანგელოზის ხმა. მათი რიცხვი იყო ათი ათასჯერ ათი ათასი+ და ათასჯერ ათასი.+
12 ისინი ხმამაღლა ამბობდნენ: „კრავი, რომელიც დაიკლა,+ ღირსია, მიიღოს ძლიერება, სიმდიდრე, სიბრძნე, ძალა, პატივი, დიდება და კურთხევა“.+
13 მოვისმინე, რომ ყოველი ქმნილება, რომელიც ზეცაში, დედამიწაზე, მიწის ქვეშ+ თუ ზღვაზეა, და ყოველივე, რაც მათშია, ამბობდნენ: „ტახტზე მჯდომსა+ და კრავს+ კურთხევა, პატივი,+ დიდება+ და ძლევამოსილება მარადიულად!“
14 ოთხი ცოცხალი არსება ამბობდა: „ამინ!“ უხუცესები+ დაემხვნენ და თაყვანი სცეს+ ღმერთს.