დაბადება 18:1—33
18 ამის შემდეგ გამოეცხადა+ იეჰოვა მას მამრეს დიდ ხეებს შორის,+ როცა ის შუადღის პაპანაქება სიცხეში+ კარვის შესასვლელთან იჯდა.
2 თავი ასწია+ და დაინახა შორიახლოს მდგომი სამი კაცი. დაინახა თუ არა, კარვის შესასვლელიდან მათთან შესახვედრად გაიქცა, მდაბლად თაყვანი სცა მიწამდე+
3 და სთხოვა: „იეჰოვა, თუ წყალობა ვპოვე შენს თვალში, გვერდს ნუ აუვლი შენს მსახურს.+
4 წყალს მოვატანინებ, ფეხებს დაგაბანინებთ+ და ხის ქვეშ დაისვენეთ.+
5 პურს მოვიტან, დანაყრდით,+ და მერე წადით; თქვენს მსახურთან მოსულხართ და ისე როგორ გაგიშვათ“. მათ მიუგეს: „კარგი, ისე გააკეთე, როგორც თქვი“.
6 მიირბინა აბრაამმა სარასთან კარავში და უთხრა: „ჩქარა! მოიტანე სამი სეა* წმინდად დაფქული ფქვილი, ცომი მოზილე და კვერები დააცხვე“.+
7 შემდეგ აბრაამმა საქონელთან მიირბინა, ამოარჩია ჩვილი, საღი ხბო, მიუყვანა მსახურს და მანაც საჩქაროდ დაიწყო მომზადება.+
8 მიიტანა კარაქი, რძე, ხბო, რომელიც მოამზადა, და წინ დაუწყო.+ სანამ ისინი ჭამდნენ, იგი იქვე ხის ქვეშ იდგა.+
9 ჰკითხეს მას: „სად არის სარა, შენი ცოლი?“+ მან მიუგო: „აქ არის, კარავში“.+
10 მან უთხრა: „გაისად, ამ დროს, აუცილებლად დავბრუნდები და შენს ცოლს, სარას, ვაჟი ეყოლება“.+ ესმოდა ეს სარას კარვის შესასვლელთან. კარავი იმ კაცის უკან იდგა.
11 მოხუცები იყვნენ აბრაამი და სარა, ხანში შესულები;+ სარას უკვე შეწყვეტილი ჰქონდა ყოველთვიური სისხლდენა.+
12 გულში გაეცინა სარას+ და თქვა: „დაუძლურებულს რა სიამე მექნება, თანაც უკვე მოხუცია ჩემი ბატონი?!“+
13 უთხრა იეჰოვამ აბრაამს: „რატომ გაეცინა სარას და თქვა, მოხუცს მართლა მეყოლებაო ვაჟი?+
14 არის რამე იეჰოვასთვის შეუძლებელი?!+ დანიშნულ დროს დავბრუნდები შენთან, გაისად, ამ დროს, და ვაჟი ეყოლება სარას“.
15 უარყო სარამ, არ გამიცინიაო, რადგან შეეშინდა. მან მიუგო: „არა, გაიცინე!“+
16 მოგვიანებით ადგნენ იქიდან ის კაცები და სოდომს+ გადახედეს. აბრაამი მათ მიჰყვებოდა, აცილებდა მათ.+
17 იეჰოვამ თქვა: „განა დავუმალავ აბრაამს, რის გაკეთებასაც ვაპირებ?!+
18 იქცევა აბრაამი დიდ და ძლიერ ერად და მისით იკურთხება დედამიწის ყველა ერი.+
19 იმიტომ დავუახლოვდი მას, რომ უბრძანოს თავის ძეებსა და სახლეულობას, რომელიც მის შემდეგ იქნება, დაიცვან იეჰოვას გზა სიმართლის საკეთებლად და სამართლის აღსასრულებლად,+ რათა შეუსრულოს აბრაამს იეჰოვამ თავისი ნათქვამი“.+
20 ბოლოს თქვა იეჰოვამ: „დიდია ჩივილის ხმა სოდომსა და გომორაზე+ და მეტისმეტად მძიმეა მათი ცოდვა.+
21 ჩავალ, ვნახავ, მართლა ისე იქცევიან, როგორი ხმაც მომდის მათზე?! თუ არა, ამასაც შევიტყობ“.+
22 ამის შემდეგ წავიდნენ ის კაცები და დაადგნენ სოდომის გზას; იეჰოვა კი+ ისევ აბრაამის წინ იდგა.+
23 მიუახლოვდა აბრაამი და ჰკითხა: „მართლებსაც გაანადგურებ ბოროტებთან ერთად?+
24 ორმოცდაათი მართალიც რომ იყოს ქალაქში, მაინც გაანადგურებ მათ და არ აპატიებ იქ მყოფი ორმოცდაათი მართლის გამო?+
25 შეუძლებელია, ასე მოიქცე და გაანადგურო მართალი ბოროტთან ერთად და მართალსაც იგივე შეემთხვას, რაც ბოროტს,+ შეუძლებელია!+ განა მთელი დედამიწის მოსამართლე უსამართლოდ მოიქცევა?!“+
26 იეჰოვამ მიუგო: „თუ ქალაქ სოდომში ორმოცდაათ მართალს ვიპოვი, მთელ იმ ადგილს ვაპატიებ მათ გამო“.+
27 აბრაამმა უთხრა: „გავბედე იეჰოვასთან დალაპარაკება, თუმცა მტვერი და ნაცარი ვარ.+
28 ორმოცდაათ მართალს ხუთი რომ დააკლდეს, მაინც გაანადგურებ მთელ ქალაქს იმ ხუთის გამო?“ მან მიუგო: „არ გავანადგურებ, თუ ორმოცდახუთს ვიპოვი“.+
29 მაგრამ მან კიდევ ჰკითხა: „ორმოცი რომ აღმოჩნდეს?“ მან მიუგო: „არ გავაკეთებ ამას იმ ორმოცის გამო“.
30 მან კვლავ სთხოვა: „იეჰოვა, ნუ განრისხდები,+ ნება მომეცი, კიდევ ვთქვა:+ ოცდაათი რომ აღმოჩნდეს?“ მან მიუგო: „არ გავაკეთებ ამას იმ ოცდაათის გამო“.
31 მან ისევ ჰკითხა: „გავბედე იეჰოვასთან დალაპარაკება.+ ოცი რომ აღმოჩნდეს?“ მან მიუგო: „არ გავანადგურებ იმ ოცის გამო“.+
32 ბოლოს სთხოვა: „იეჰოვა, ნუ განრისხდები,+ ნება მომეცი, ერთხელაც ვთქვა.+ ათი რომ აღმოჩნდეს?“ მან მიუგო: „არ გავანადგურებ იმ ათის გამო“.+
33 დაასრულა იეჰოვამ+ აბრაამთან საუბარი და თავისი გზით წავიდა. აბრაამიც დაბრუნდა თავის ადგილას.
სქოლიოები
^ ერთი სეა უდრის 7,33 ლიტრს. იხილეთ დანართი 6ა.