დაბადება 19:1—38
19 საღამო ხანს, როცა ის ორი ანგელოზი სოდომში მივიდა, ლოტი სოდომის კარიბჭესთან იჯდა.+ თვალი რომ მოჰკრა მათ, წამოდგა შესაგებებლად, პირქვე დაემხო მიწაზე+
2 და სთხოვა: „ჩემო ბატონებო, შემოდით თქვენი მსახურის სახლში და ღამეს გაგათევინებთ, ფეხებსაც დაგაბანინებთ.+ დილით კი ადრე ადექით და თქვენს გზას დაადექით“.+ მათ კი მიუგეს: „არა, მოედანზე გავათევთ ღამეს“.+
3 მაგრამ არ მოეშვა მათ+ ლოტი და ისინიც შევიდნენ მასთან სახლში. სუფრა გაუშალა,+ დაუცხო უფუარი პურები+ და მათაც დაიწყეს ჭამა.
4 სანამ დაწვებოდნენ, სახლს გარს შემოეხვია+ სოდომელი კაცების ბრბო, ყმაწვილებიცა და მოხუცებიც.+
5 ეძახდნენ ლოტს: „სად არიან ის კაცები, შენთან რომ მოვიდნენ საღამოს? გამოგვიყვანე, რომ დავწვეთ მათთან“.+
6 ბოლოს გავიდა მათთან ლოტი, შესასვლელთან დადგა და კარი გამოიკეტა.
7 სთხოვა მათ: „ჩემო ძმებო, ნუ ჩაიდენთ ბოროტებას.+
8 ორი ქალიშვილი მყავს, რომლებიც არ წოლილან კაცთან.+ მათ გამოგიყვანთ და რაც გინდათ, ის უყავით,+ ოღონდ ამ კაცებს არაფერი ავნოთ,+ რადგან ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულები“.+
9 მათ მიუგეს: „განზე გადექ!“ შემდეგ თქვეს: „ხიზნად+ მოსულა ეს მარტოხელა კაცი და მოსამართლეობა მოინდომა.+ იცოდე, შენ უარესს გიზამთ“. მთელი ძალით მიაწყდნენ+ ლოტს და ლამის კარი შეამტვრიეს.+
10 იმ კაცებმა კი ჩაავლეს ლოტს ხელი, სახლში შეიყვანეს და ჩაკეტეს კარი.
11 სახლის შესასვლელთან მდგომ კაცებს კი, დიდსა თუ პატარას,+ ყველას სიბრმავე მოჰგვარეს,+ ისე რომ შესასვლელის ძებნით დაიქანცნენ.+
12 უთხრეს იმ კაცებმა ლოტს: „კიდევ ვინა გყავს აქ? სიძეები, ვაჟები, ქალიშვილები და ვინც შენიანია ამ ქალაქში, ყველა გაიყვანე აქედან!+
13 უნდა გავანადგუროთ აქაურობა, რადგან დიდია მათ წინააღმდეგ ჩივილის ხმა, იეჰოვამდე მიაღწია.+ ამიტომ გამოგვგზავნა იეჰოვამ, რომ გავანადგუროთ ეს ქალაქი“.+
14 წავიდა ლოტი თავის სიძეებთან დასალაპარაკებლად, რომლებსაც მისი ქალიშვილები უნდა შეერთოთ, და უთხრა: „ადექით, წადით აქედან, რადგან უნდა გაანადგუროს იეჰოვამ ეს ქალაქი!“+ მაგრამ სიძეებს ხუმრობა ეგონათ.+
15 გარიჟრაჟზე ანგელოზები აჩქარებდნენ ლოტს, ეუბნებოდნენ: „ადექი! წაიყვანე შენი ცოლი და შენი ორივე ქალიშვილი,+ რომ არ განადგურდეთ ამ ქალაქის ცოდვის გამო“.+
16 როცა აყოვნებდა+ იგი, იმ კაცებმა ჩაჰკიდეს ხელი მას, მის ცოლს, მის ორივე ქალიშვილს იეჰოვას გულმოწყალების გამო+ და ქალაქიდან გაიყვანეს.+
17 როცა გაიყვანეს ისინი, ერთ-ერთმა უთხრა მათ: „გაიქეცით, რომ გადარჩეთ!+ უკან არ მოიხედოთ+ და არ გაჩერდეთ ამ მხარეში!+ მთებში გაიქეცით, რომ არ განადგურდეთ!“+
18 ლოტმა უთხრა მათ: „ოღონდ ეს არა, იეჰოვა!
19 შენმა მსახურმა წყალობა პოვა შენს თვალში+ და შენც დიდებულად გამოავლინე სიკეთე*+ ჩემდამი, რომ გეცოცხლებინე*,+ მაგრამ მე, არ შემიძლია მთებში გაქცევა, უბედურება რომ არ მეწიოს და არ მოვკვდე.+
20 ეს ქალაქი ახლოსაა გასაქცევად, თანაც უმნიშვნელოა.+ იქ გავიქცევი, მაინც ხომ უმნიშვნელო რამეს გთხოვ? და მეც ვიცოცხლებ*“.+
21 მან უთხრა მას: „ამაშიც გაგიწევ ანგარიშს+ და არ დავამხობ იმ ქალაქს, რომელიც ახსენე.+
22 ჩქარა! გაიქეცი იქით, რადგან სანამ იქ არ მიხვალ, ვერაფერს გავაკეთებ!“+ ამიტომ უწოდა მან იმ ქალაქს ცოარი*.+
23 მზე უკვე ამოსული იყო ქვეყანაზე, როცა ლოტი ცოარში მივიდა.+
24 აწვიმა იეჰოვამ ციდან სოდომსა და გომორას გოგირდი და ცეცხლი იეჰოვასგან.+
25 გაანადგურა ის ქალაქები, მთელი ის მხარე, იმ ქალაქების მცხოვრებლებიც და იმ მიწის მცენარეებიც.+
26 მისმა ცოლმა, რომელიც უკან მიჰყვებოდა, უკან მიიხედა და მარილის სვეტად იქცა.+
27 დილით ადრე მივიდა აბრაამი იმ ადგილას, სადაც იეჰოვას წინაშე იდგა.+
28 გადახედა სოდომსა და გომორას, მთელ იმ მხარეს, და რას ხედავს?! შავი ბოლი ასდის იმ მიწას, თითქოს ღუმლიდან ამოდისო.+
29 იმ მხარის ქალაქების განადგურებისას ღმერთს არ დავიწყებია აბრაამი, რადგან განარიდა ლოტი ნგრევის შუაგულს, როცა ამხობდა ის იმ ქალაქებს, რომელთა შორისაც ლოტი ცხოვრობდა.+
30 გავიდა ხანი. წავიდა ლოტი ცოარიდან და თავის ორივე ქალიშვილთან ერთად მთიან მხარეში დასახლდა,+ რადგან ცოარში+ ცხოვრებისა შეეშინდა. გამოქვაბულში დაიწყეს ცხოვრება მან და მისმა ორივე ქალიშვილმა.
31 უთხრა უფროსმა უმცროსს: „მამაჩვენი მოხუცია და კაციც არ არის ამ მიწაზე, რომ დაწვეს ჩვენთან, როგორც მთელ დედამიწაზე ხდება.+
32 მოდი, დავალევინოთ მამაჩვენს ღვინო,+ დავწვეთ მასთან და შევინარჩუნოთ შთამომავლობა მამაჩვენისგან“.+
33 მთელი საღამო ასმევდნენ ღვინოს თავიანთ მამას.+ შევიდა უფროსი და დაწვა მამამისთან; მას კი არც მისი დაწოლა გაუგია და არც მისი ადგომა.
34 მეორე დღეს უფროსმა უმცროსს უთხრა: „წუხელ მამაჩემთან ვიწექი. ამ საღამოსაც დავალევინოთ ღვინო. ახლა შენ შედი, დაწექი მასთან და შევინარჩუნოთ შთამომავლობა მამაჩვენისგან“.
35 იმ საღამოსაც ასვეს ღვინო თავიანთ მამას. ადგა უმცროსი და დაწვა მასთან; მას კი არც მისი დაწოლა გაუგია და არც მისი ადგომა.
36 ლოტის ორივე ქალიშვილი დაორსულდა მამისგან.+
37 გავიდა ხანი, უფროსს შეეძინა ვაჟი და დაარქვა მოაბი*.+ დღემდე ის არის მოაბის მამა.+
38 უმცროსმაც გააჩინა ვაჟი და დაარქვა ბენ-ამი*. დღემდე ის არის ამონის ძეთა მამა.+
სქოლიოები
^ ანუ ერთგული სიყვარული. ებრაულად ხესედ, რაც ნიშნავს სიყვარულით გამოვლენილ სიკეთეს.
^ სიტყვასიტყვით — გეცოცხლებინა ჩემი სული. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
^ სიტყვასიტყვით — ჩემი სულიც იცოცხლებს. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.
^ ნიშნავს სიპატარავეს.
^ ნიშნავს: მამისგან.
^ ნიშნავს ჩემი ხალხის ძეს ანუ ჩემს ნათესავთა ძეს.