დაბადება 23:1—20
23 ას ოცდაშვიდი წელი იცოცხლა სარამ; ეს იყო მისი სიცოცხლის წლები.+
2 მოკვდა სარა კირიათ-არბაში,+ იგივე ხებრონში,+ ქანაანის მიწაზე+ და შევიდა აბრაამი სარას საგლოვად და დასატირებლად.
3 შემდეგ მოსცილდა აბრაამი თავის მკვდარს და ხეთის ძეებს+ დაელაპარაკა:
4 „ხიზანი ვარ და თქვენ შორის ვმკვიდრობ.+ გამომიყავით სამარხი, რომ ჩემი მკვდარი დავმარხო“.+
5 ხეთის ძეებმა აბრაამს მიუგეს:
6 „მოგვისმინე, ჩემო ბატონო.+ შენ ღვთისგან დანიშნული მთავარი ხარ ჩვენ შორის.+ ჩვენს საუკეთესო სამარხში დამარხე მკვდარი,+ არც ერთი ჩვენგანი არ გეტყვის უარს სამარხში მკვდრის დამარხვაზე“.+
7 ადგა აბრაამი, მდაბლად თაყვანი სცა იქაურებს,+ ხეთის ძეებს,+
8 და უთხრა: „თუ თანახმა ხართ, რომ დავმარხო ჩემი მკვდარი, მომისმინეთ: დაელაპარაკეთ ეფრონს, ცოხარის ძეს,+
9 რომ მომცეს მაქფელას გამოქვაბული,+ რომელიც მას ეკუთვნის და მისივე მინდვრის ბოლოშია. რაც ღირს, იმდენ ვერცხლად მომცეს ის სამარხად თქვენი თანდასწრებით“.+
10 იჯდა ეფრონი ხეთის ძეებს შორის. ხეთის ძეებისა და მათ გასაგონად, ვინც მისი ქალაქის კარიბჭეში შედიოდა, ხეთელმა ეფრონმა+ აბრაამს უთხრა:+
11 „არა, ჩემო ბატონო! მომისმინე. მინდორსაც მოგცემ და იქ მდებარე გამოქვაბულსაც ჩემი ხალხის ძეების თვალწინ;+ დამარხე მკვდარი“.
12 აბრაამმა მდაბლად თაყვანი სცა იქაურებს
13 და მათ გასაგონად უთხრა ეფრონს: „თუ მხოლოდ... არა, მომისმინე! მოგცემ მინდვრის საფასურ ვერცხლს. აიღე,+ რომ დავმარხო იქ ჩემი მკვდარი“.
14 ეფრონმა მიუგო აბრაამს:
15 „ჩემო ბატონო, მომისმინე. ჩვენ შორის რა სალაპარაკოა ოთხასი შეკელი* ვერცხლის საფასური მიწა? მიდი და დამარხე შენი მკვდარი“.+
16 აბრაამმაც მოუსმინა ეფრონს, მიუწონა მას ვერცხლი, რომელზეც მან ხეთის ძეების გასაგონად თქვა, ვაჭართა საზომით ოთხასი შეკელი ვერცხლიო.+
17 ასე რომ, ეფრონის მინდორი, რომელიც მამრეს წინ მდებარე მაქფელაში იყო, გამოქვაბული, რომელიც ამავე მინდორში იყო,+ და მინდვრის ყველა ხე, მის საზღვრებში რომ იდგა, გადაეცა+
18 აბრაამს, როგორც საკუთრება, რომელიც ხეთის ძეებისა და ქალაქის კარიბჭეში ყველა შემსვლელთა თვალწინ შეიძინა.+
19 დამარხა აბრაამმა სარა მამრეს წინ მდებარე მაქფელას მინდვრის გამოქვაბულში, ხებრონში, ქანაანის მიწაზე.+
20 ასე გადაეცა აბრაამს საკუთრებად ხეთის ძეთა ხელიდან მინდორი და გამოქვაბული სამარხად.+
სქოლიოები
^ შეკელი იყო წონისა და ფულის ძირითადი ერთეული. იხილეთ დანართი 6ა.