დაბადება 24:1—67
24 მოხუცი იყო აბრაამი, ხანში შესული. ყველაფერში აკურთხა იეჰოვამ იგი.+
2 აბრაამმა თავის მსახურს, რომელიც მის სახლეულობაში ყველაზე უფროსი იყო და მის ქონებას განაგებდა,+ სთხოვა: „ბარძაყქვეშ ამომიდე ხელი+
3 და დაიფიცე იეჰოვა,+ ზეცისა და დედამიწის ღმერთი, რომ არ მოუყვან ჩემს ვაჟს ცოლად ქანაანელთა ასულს, რომელთა შორისაც მე ვცხოვრობ,+
4 არამედ წახვალ ჩემს ქვეყანაში ჩემს ნათესავებთან+ და იქიდან მოუყვან ცოლს ჩემს ვაჟს, ისაკს“.
5 მსახურმა მიუგო მას: „რომ არ ისურვოს ქალმა და არ წამომყვეს ამ ქვეყანაში? დავაბრუნო შენი ვაჟი იმ ქვეყანაში, საიდანაც წამოხვედი?“+
6 ამაზე აბრაამმა უთხრა: «იცოდე, არ დააბრუნო იქ ჩემი ვაჟი.+
7 იეჰოვა, ზეცის ღმერთი, რომელმაც წამომიყვანა მამაჩემის სახლიდან და ჩემი ნათესავების ქვეყნიდან+ და რომელიც მელაპარაკა და ფიცით აღმითქვა,+ შენს შთამომავალს+ მივცემ ამ ქვეყანასო,+ წაგიმძღვარებს ანგელოზს+ და იქიდან მოუყვან ცოლს ჩემს ვაჟს.+
8 თუ ქალი არ წამოგყვება, თავისუფალი იქნები ფიცისგან, რომელიც დაგადებინე;+ ოღონდ ჩემი ვაჟი იქ არ დააბრუნო».
9 ამოუდო მსახურმა ხელი ბარძაყქვეშ აბრაამს, თავის ბატონს, და დაუფიცა, რომ ასე მოიქცეოდა.+
10 წაიყვანა მსახურმა თავისი ბატონის ათი აქლემი და თავისი ბატონის ქონებიდან ყოველივე საუკეთესო წაიღო.+ ადგა და შუამდინარეთის გზას დაადგა ნახორის ქალაქისკენ.
11 ბოლოს, საღამო ხანს, ქალაქის გარეთ, ჭასთან დაასვენა აქლემები;+ მაშინ გამოდიოდნენ ხოლმე ქალები წყლის ამოსაღებად.+
12 მან სთხოვა: „იეჰოვა, ჩემი ბატონის, აბრაამის ღმერთო,+ გამიკეთე ეს საქმე დღეს და სიკეთე*+ გამოავლინე ჩემი ბატონი აბრაამისადმი.+
13 წყაროსთან ვდგავარ და ამ ქალაქის მკვიდრთა ქალიშვილები წყლის ამოსაღებად გამოდიან.+
14 ყმაწვილი ქალი, რომელსაც ვეტყვი, ჩამოიღე დოქი და წყალი დამალევინე-მეთქი, ის კი მეტყვის, შენც დალიე და აქლემებსაც დაგირწყულებო, აი ის იყოს, ვისაც შენს მსახურს, ისაკს აურჩევ.+ ასე გამაგებინე, რომ ჩემი ბატონისადმი ურყევი სიყვარული* გამოავლინე“.+
15 ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა,+ რომ გამოჩნდა რებეკა, რომლის მამაც იყო ბეთუელი,+ აბრაამის ძმის, ნახორის ცოლის,+ მილქას+ ვაჟი; მას დოქი ჰქონდა მხარზე შემოდგმული.+
16 ყმაწვილი ქალი ძალიან მიმზიდველი+ იყო, ქალწული იყო, არავინ წოლილა მასთან.+ ჩავიდა იგი წყაროსთან, აავსო დოქი და ამოვიდა.
17 მიირბინა მსახურმა მასთან და სთხოვა: „ცოტა წყალი დამალევინე შენი დოქიდან“.+
18 მან მიუგო: „დალიე, ჩემო ბატონო“. სწრაფად ჩამოიღო დოქი და დაალევინა.+
19 დაალევინა და უთხრა: „შენი აქლემებისთვისაც ამოვიღებ წყალს, სანამ არ დარწყულდებიან“.+
20 სწრაფად ჩაცალა დოქი გეჯაში და ჭისკენ გაიქცა წყლის ამოსაღებად;+ წყალს მანამდე იღებდა, სანამ ყველა აქლემი არ დაურწყულა,
21 ის კი ჩუმად აკვირდებოდა, განცვიფრებული, რომ გაეგო, წარუმართა თუ არა იეჰოვამ მას გზა.+
22 ბოლოს, როცა აქლემები დარწყულდნენ, ამოიღო მან ცხვირზე გასაკეთებელი ნახევარშეკელიანი ოქროს რგოლი,+ ათშეკელიანი ორი ოქროს სამაჯური+
23 და ჰკითხა მას: „მითხარი, ვისი ასული ხარ? აქვს მამაშენს ჩვენთვის ღამის გასათევი ადგილი სახლში?“+
24 მან მიუგო: „ბეთუელის ასული ვარ,+ მილქას ვაჟისა, რომელიც მან ნახორს გაუჩინა“.+
25 შემდეგ უთხრა მას: „ბზეცა გვაქვს, ბევრი სხვა საკვებიც საქონლისთვის და ღამის გასათევი ადგილიც“.+
26 მდაბლად თაყვანი სცა იმ კაცმა იეჰოვას,+ პირქვე დაემხო
27 და თქვა: „კურთხეული იყავ იეჰოვა,+ ჩემი ბატონის, აბრაამის ღმერთო, სიკეთე* არ მოაკელი ჩემს ბატონს და ერთგულად მოექეცი მას. იეჰოვამ ჩემი ბატონის ძმების სახლში მიმიყვანა“.+
28 გაიქცა ის ყმაწვილი ქალი და შეატყობინა ეს ყველაფერი დედამისის სახლეულობას.
29 რებეკას ჰყავდა ძმა, ლაბანი.+ გაიქცა ლაბანი, რომ შეგებებოდა იმ კაცს, რომელიც გარეთ იდგა წყაროსთან.
30 როცა თავის დას ცხვირზე რგოლი და ხელებზე სამაჯურები+ დაუნახა, და როცა გაიგონა რებეკას ნათქვამი, ასე მელაპარაკაო ეს კაცი, მივიდა იმ კაცთან, რომელიც წყაროსთან იდგა აქლემებთან,
31 და უთხრა: „წამოდი, იეჰოვას კურთხეულო.+ რატომ დგახარ გარეთ?! უკვე მოვამზადე სახლი და ადგილიც აქლემებისთვის“.
32 ის კაციც შევიდა სახლში; შეხსნა ლაბანმა საკაზმები აქლემებს, დაუყარა ბზე, საკვები და მასაც და მასთან მყოფებსაც მიუტანა წყალი ფეხის დასაბანად.+
33 საჭმელიც მიართვეს მას, მაგრამ მან თქვა: „ვერ შევჭამ, სანამ ჩემს სათქმელს არ ვიტყვი“. მან უთხრა: „თქვი!“+
34 მან დაიწყო: «მე აბრაამის მსახური ვარ.+
35 დიდად აკურთხა იეჰოვამ ჩემი ბატონი, რადგან ამდიდრებს მას და აძლევს ცხვარ-ძროხას, ოქრო-ვერცხლს, მსახურებს, მოახლეებს, აქლემებსა და ვირებს.+
36 სარამ, ჩემი ბატონის ცოლმა, სიბერეში ვაჟი გაუჩინა ჩემს ბატონს.+ მან მთელი თავისი ქონება მას უნდა მისცეს.+
37 ფიცი დამადებინა ჩემმა ბატონმა: „არ მოუყვანო ცოლად ჩემს ვაჟს ქანაანელთა ასული, რომელთა შორისაც მე ვცხოვრობ,+
38 არამედ წადი მამაჩემისა და ჩემი ნათესავების სახლში+ და იქიდან მოუყვანე ცოლი ჩემს ვაჟს“.+
39 მე ვკითხე, რომ არ წამომყვეს-მეთქი ქალი?+
40 მან მომიგო: „იეჰოვა, რომლის წინაშეც დავდივარ,+ ანგელოზს გამოგაყოლებს+ და წარგიმართავს გზას,+ რადგან ჩემი ოჯახიდან, მამაჩემის სახლიდან უნდა მოუყვანო ცოლი ჩემს ვაჟს.+
41 მაშინ გათავისუფლდები ჩემ წინაშე ფიცით დაკისრებული მოვალეობისგან, როცა მიხვალ ჩემს ოჯახში, და არ მოგცემენ მას; მხოლოდ მაშინ გათავისუფლდები ჩემ წინაშე ფიცით დაკისრებული მოვალეობისგან“».+
42 დღეს, როცა წყაროსთან მივედი, ვთქვი: «იეჰოვა, ჩემი ბატონის, აბრაამის ღმერთო, თუ წარმიმართავ გზას,+
43 წყაროსთან ვდგავარ. გამოვიდეს წყლის ამოსაღებად ქალწული.+ ვთხოვ, ცოტა წყალი დამალევინე-მეთქი შენი დოქიდან,
44 მან კი მითხრას: „შენც დალიე და აქლემებსაც ამოვუღებ წყალს“. აი ის იყოს იეჰოვასგან ჩემი ბატონის ვაჟისთვის არჩეული ქალი.+
45 ჯერ გულში+ ლაპარაკი არ დამემთავრებინა,+ რომ აი, რებეკა მოდიოდა მხარზე დოქშემოდგმული. ჩავიდა წყაროსთან და ამოიღო წყალი.+ ვთხოვე, დამალევინე-მეთქი.+
46 მანაც სწრაფად ჩამოდგა დოქი და მითხრა, შენც დალიე+ და აქლემებსაც დაგირწყულებო. მეც დავლიე და აქლემებიც დამირწყულა.
47 ვკითხე: „ვისი ასული ხარ?“+ მან მომიგო: „ნახორის ძის, ბეთუელის ასული ვარ, რომელიც მილქამ გაუჩინა მას“. გავუკეთე მას რგოლი ცხვირის ნესტოზე და სამაჯურები — ხელებზე.+
48 მდაბლად თაყვანი ვეცი იეჰოვას, პირქვე დავემხვე და ვაკურთხე იეჰოვა, ჩემი ბატონის, აბრაამის ღმერთი,+ რომელმაც სწორი გზით წამომიყვანა,+ ჩემი ბატონის ძმის ასული რომ წამეყვანა მისი ვაჟისთვის.
49 ახლა კი მითხარით, თუ ავლენთ სიკეთესა* და ერთგულებას ჩემი ბატონისადმი;+ თუ არა, ისიც მითხარით, და მერე ან მარჯვნივ წავალ ან მარცხნივ».+
50 ლაბანმა და ბეთუელმა მიუგეს: „ეს საქმე იეჰოვასგან არის.+ ჩვენ ვერც ცუდს გეტყვით და ვერც კარგს.+
51 აი, შენ წინაშეა რებეკა. წაიყვანე და წადი; გახდეს ის შენი ბატონის ვაჟის ცოლი, როგორც ეს იეჰოვას უთქვამს“.+
52 მათი სიტყვების გაგონებაზე აბრაამის მსახური მიწაზე დაემხო იეჰოვას წინაშე.+
53 ამოიღო ვერცხლისა და ოქროს ნივთები, ტანსაცმელი და მისცა რებეკას. ყოველივე საუკეთესო მისცა მის ძმასაც და დედასაც.+
54 ჭამეს და სვეს მან და მასთან მყოფებმა; იქ გაათიეს ღამე და დილით ადგნენ.
მან თქვა: „გამიშვით ჩემს ბატონთან“.+
55 ამაზე მისმა ძმამ და დედამ მიუგეს: „ათ დღეს მაინც დარჩეს ჩვენთან ეს ყმაწვილი ქალი და მერე წამოვიდეს“.
56 მან უთხრა: „ნუ დამაყოვნებთ, რადგან იეჰოვამ წარმიმართა გზა.+ გამიშვით, წავალ ჩემს ბატონთან“.+
57 მათ თქვეს: „მაშინ თვითონ ყმაწვილ ქალს დავუძახოთ და მისი პირით გავიგოთ პასუხი“.+
58 დაუძახეს რებეკას და ჰკითხეს: „წაჰყვები ამ კაცს?“ მან მიუგო: „წავყვები“.+
59 გაუშვეს რებეკა+ თავის ძიძასთან+ ერთად და აბრაამის მსახური თავის თანმხლებებთან ერთად.
60 აკურთხეს მათ რებეკა: „ჩვენო დაო, ათასჯერ ათი ათასად გამრავლდი; თავის მოძულეთა კარიბჭეს* დაეუფლოს შენი შთამომავალი“.+
61 ადგნენ რებეკა და მისი მოახლეები,+ აქლემებზე+ შესხდნენ და გაჰყვნენ იმ კაცს. მანაც წაიყვანა რებეკა და თავის გზას დაადგა.
62 ისაკი ბეერ-ლახაი-როის+ გზით მოსულიყო, რადგან ნეგების+ მიწაზე ცხოვრობდა.
63 საღამო ხანს მინდორში სეირნობდა და ფიქრობდა.+ გაიხედა და, აი, რას ხედავს! აქლემები მოდიან.
64 გაიხედა რებეკამ, ისაკს მოჰკრა თვალი და აქლემიდან ჩამოხტა.
65 იმ მსახურს ჰკითხა: „ვინ არის ის კაცი, ჩვენ შესახვედრად რომ მოდის?“ მან მიუგო: „ჩემი ბატონია“. აიღო მან თავსაბურავი და ჩამოიფარა.+
66 ყველაფერს მოუყვა ის მსახური ისაკს.
67 შეიყვანა ისაკმა იგი დედამისის, სარას კარავში+ და ასე მოიყვანა მან რებეკა ცოლად.+ შეუყვარდა იგი+ და ნუგეში პოვა დედის დაკარგვის შემდეგ.+
სქოლიოები
^ იხილეთ 19:19-ის სქოლიო.
^ იხილეთ 19:19-ის სქოლიო.
^ იხილეთ 19:19-ის სქოლიო.
^ იხილეთ 19:19-ის სქოლიო.
^ იგულისხმება ქალაქის კარიბჭე.