დაბადება 27:1—46
27 მოხუცდა ისაკი და თვალთ დააკლდა.+ მოუხმო ესავს, თავის უფროს ვაჟს, და უთხრა:+ „შვილო!“ რაზეც მიუგო: „აქა ვარ!“
2 მან უთხრა: „უკვე მოვხუცდი.+ არ ვიცი, როდის დადგება ჩემი სიკვდილის დღე.+
3 აიღე ახლა შენი საჭურველი, კაპარჭი და მშვილდი, წადი მინდორში და ნანადირევი მომიტანე.+
4 მომიმზადე გემრიელი კერძი, როგორიც მე მიყვარს, და საჭმელად მომიტანე, რომ გაკურთხოს ჩემმა სულმა, სანამ მოვკვდები“.+
5 უსმენდა რებეკა, როცა ელაპარაკებოდა ისაკი ესავს, თავის ვაჟს. წავიდა ესავი მინდორში ნანადირევის მოსატანად.+
6 უთხრა რებეკამ იაკობს, თავის ვაჟს:+ „მოვისმინე, რას ეუბნებოდა მამაშენი ესავს, შენს ძმას,
7 ნანადირევი მომიტანე და საჭმელად გემრიელი კერძი მომიმზადე, რომ გაკურთხო იეჰოვას წინაშე, სანამ მოვკვდებიო.+
8 ახლა გამიგონე, შვილო, რასაც გეტყვი.+
9 წადი ფარაში და მომიყვანე ორი საღი თიკანი, რომ თავისი საყვარელი, გემრიელი კერძი მოვუმზადო მამაშენს.
10 შემდეგ საჭმელად მიუტანე, რათა გაკურთხოს, სანამ მოკვდება“.
11 იაკობმა რებეკას, დედამისს, მიუგო: „მაგრამ ესავი თმიანია, მე კი — არა.+
12 ხელი რომ მომისვას მამაჩემმა?!+ იფიქრებს აბუჩად მიგდებსო+ და კურთხევის ნაცვლად წყევლას დავიტეხ“.+
13 დედამისმა მიუგო: „ჩემზე გადმოვიდეს შენი წყევლა, შვილო.+ შენ მხოლოდ გაიგონე ჩემი სიტყვა და მომიყვანე ისინი“.+
14 მანაც მიუყვანა და მოამზადა დედამისმა გემრიელი კერძი, როგორიც მამამისს უყვარდა.
15 მოიტანა რებეკამ თავისი უფროსი ვაჟის, ესავის,+ ყველაზე ძვირფასი ტანსაცმელი,+ სახლში რომ ჰქონდა, და ჩააცვა თავის უმცროს ვაჟს, იაკობს;+
16 ხელებზე და კისრის უთმო ადგილზე კი თიკნის ტყავი გაუკეთა.+
17 და მისცა იაკობს, თავის ვაჟს, თავისი მომზადებული გემრიელი კერძი და პური.+
18 მივიდა იგი მამამისთან და უთხრა: „მამა!“ რაზეც მან მიუგო: „ჰო, შვილო! რომელი ხარ?“
19 იაკობმა უთხრა მამამისს: „ესავი ვარ, შენი პირმშო.+ ისე გავაკეთე, როგორც მითხარი. საჭმელად წამოჯექი, რომ მაკურთხოს შენმა სულმა“.+
20 ისაკმა უთხრა თავის ვაჟს: „ასე ჩქარა როგორ იპოვე, შვილო?“ მან მიუგო: „იეჰოვამ, შენმა ღმერთმა, შემახვედრა“.
21 უთხრა ისაკმა იაკობს: „ახლოს მოდი, რომ ხელი მოგისვა, შვილო, გავიგო, მართლა ესავი ხარ თუ არა“.+
22 იაკობიც მივიდა ახლოს ისაკთან, მამამისთან, მან ხელი მოუსვა და თქვა: „ხმა იაკობისაა, მაგრამ ხელები — ესავისა“.+
23 ვერ იცნო, რადგან ხელები თავისი ძმის, ესავის, ხელებივით თმიანი ჰქონდა. აკურთხა მან იგი.+
24 შემდეგ ჰკითხა: „მართლა ჩემი ვაჟი ესავი ხარ?“ მან მიუგო: „მე ვარ“.+
25 ახლოს მომიტანე, რომ ვჭამო ჩემი ვაჟის ნანადირევი, რათა გაკურთხოს ჩემმა სულმა.+ მიუტანა და დაიწყო მან ჭამა. მიუტანა ღვინოც და ისიც სვამდა.
26 უთხრა მას ისაკმა, მამამისმა: „ახლოს მოდი და მაკოცე, შვილო“.+
27 მივიდა იგი და აკოცა. იგრძნო მან მისი ტანსაცმლის სუნი.+ აკურთხა იგი და თქვა:
„ჩემი ვაჟის სუნი იეჰოვასგან კურთხეული მინდვრის სუნსა ჰგავს.
28 მოგცეს ჭეშმარიტმა ღმერთმა ცის ნამი+ და დედამიწის პოხიერი ნიადაგი,+ უხვი მარცვლეული და ახალი ღვინო.+
29 შენ გემსახურონ ხალხები და ერებმა მდაბლად გცენ თაყვანი.+ იბატონე შენს ძმებზე და დედაშენის შვილებმა მდაბლად გცენ თაყვანი.+ დაწყევლილი იყოს, ვინც დაგწყევლის, და კურთხეული იყოს, ვინც გაკურთხებს“.+
30 როგორც კი დაასრულა ისაკმა იაკობის კურთხევა, ძლივს მოასწრო იაკობმა ისაკისგან, მამამისისგან, გამოსვლა, რომ მისი ძმა, ესავი, ნადირობიდან+ დაბრუნდა.
31 მანაც მოამზადა გემრიელი კერძი, მიუტანა მამამისს და უთხრა: „მამა, ადექი, ჭამე ნანადირევი, რათა მაკურთხოს შენმა სულმა“.+
32 ამაზე ისაკმა ჰკითხა: „რომელი ხარ?“ რაზეც მან მიუგო: „შენი ვაჟი ვარ, შენი პირმშო, ესავი“.+
33 მაშინ საშინელმა კანკალმა აიტანა ისაკი და იკითხა: „მაშ ის ვინღა იყო, რომელმაც ნანადირევი მომიტანა, შენ მოსვლამდე რომ ვჭამე, და ვაკურთხე იგი? კურთხეულიც ის იქნება!“+
34 მამამისის სიტყვების გაგონებაზე ესავმა ხმამაღლა, მწარედ ამოიგმინა:+ „მამა, მეც მაკურთხე, მეც!“+
35 მან კი უთხრა: „მოტყუებით მოვიდა შენი ძმა, რომ შენი კუთვნილი კურთხევა მიეღო“.+
36 ამაზე ესავმა უთხრა: „განა ამიტომ არ ჰქვია მას იაკობი*, რომ უკვე მეორეჯერ მომექცა ასე?!+ ჯერ პირმშოობა წამართვა+ და ახლა — კურთხევა!“+ შემდეგ ჰკითხა: „ნუთუ არ შემოინახე ჩემთვის კურთხევა?“
37 ისაკმა მიუგო ესავს: „ბატონად დაგიდგინე+ იგი და ყველა ძმა მსახურად დავუყენე მას,+ სარჩოდ მარცვლეული და ახალი ღვინო მივეცი+ და შენ რაღა გიყო, შვილო?“
38 ესავმა უთხრა მამამისს: „მამა, მარტო ერთი კურთხევა გაქვს? მეც მაკურთხე, მეც, მამა!“+ ხმა აღიმაღლა ესავმა და აქვითინდა.+
39 მამამისმა ისაკმა უთხრა:
„შორს იქნება შენი სამკვიდრებელი დედამიწის პოხიერი ნიადაგიდან და ცის ნამიდან.+
40 მახვილით იცხოვრებ+ და შენი ძმის მსახური იქნები,+ მაგრამ ვერ მოისვენებ და გადაიგდებ კისრიდან მის უღელს“.+
41 მტრულად განეწყო ესავი იაკობის მიმართ იმ კურთხევის გამო, რომლითაც მამამისმა აკურთხა იგი.+ გულში+ ამბობდა ესავი: „მამაჩემის გლოვის დღეები ახლოვდება,+ მერე კი მოვკლავ იაკობს, ჩემს ძმას“.+
42 როცა შეიტყო რებეკამ თავისი უფროსი ვაჟის, ესავის, ნათქვამი სიტყვები, მაშინვე მოუხმო იაკობს, თავის უმცროს ვაჟს, და უთხრა: „იცოდე, შენი ძმა ესავი, შენი მოკვლით ინუგეშებს თავს.+
43 გაიგონე ჩემი სიტყვა, შვილო, ადექი+ და ლაბანთან, ჩემს ძმასთან, გაიქეცი ხარანში.+
44 ცოტა ხანს მასთან იცხოვრე შენი ძმის რისხვის დაცხრომამდე,+
45 სანამ გადაივლის შენი ძმის რისხვა და დაავიწყდება, რაც გაუკეთე.+ შემდეგ წამოსაყვანად ვინმეს გამოგიგზავნი. რატომ უნდა დაგკარგოთ ორივენი ერთ დღეს?“
46 ამის შემდეგ ეუბნებოდა რებეკა ისაკს: „სიცოცხლე მომაძულეს ხეთელმა ქალებმა.+ თუ იაკობმაც ხეთელი ქალი მოიყვანა ცოლად, ისეთი, როგორებიც ამ ქვეყნის ქალები არიან, რაღად მინდა სიცოცხლე?!“+
სქოლიოები
^ ნიშნავს ქუსლს ჩაჭიდებას; სხვის გამძევებელს და მისი ადგილის დამკავებელს.