დაბადება 30:1—43
30 როცა დაინახა რახელმა, რომ იაკობს შვილს ვერ უჩენდა, შეშურდა თავისი დის და უთხრა იაკობს:+ „მომეცი შვილები, თორემ მოვკვდები“.+
2 აენთო იაკობი რახელზე და უთხრა:+ „ღმერთი ხომ არა ვარ, რომ მუცლის ნაყოფი დამეკავებინოს?!“+
3 მან მიუგო: „აი, ჩემი მხევალი ბილჰა.+ დაწექი მასთან, რომ ჩემს კალთაზე გააჩინოს და მისგან შემეძინოს შვილები“.+
4 მისცა ცოლად ბილჰა, თავისი მოახლე, და იაკობიც დაწვა მასთან.+
5 დაორსულდა ბილჰა და ვაჟი გაუჩინა იაკობს.+
6 რახელმა თქვა: „ღმერთმა სამართალი გამიჩინა,+ მომისმინა და მომცა ვაჟი“. ამიტომ მას დანი*+ დაარქვა.
7 კიდევ დაორსულდა ბილჰა, რახელის მოახლე და გაუჩინა იაკობს მეორე ვაჟი.
8 რახელმა თქვა: „დიდი ჭიდილით შევები ჩემს დას და გამარჯვებულიც გამოვედი!“ ამიტომ მას ნაფთალი*+ დაარქვა.
9 როცა დაინახა ლეამ, რომ შობა შეწყვეტილი ჰქონდა, მისცა იაკობს ცოლად თავისი მოახლე ზილფა.+
10 ლეას მოახლე ზილფამაც ვაჟი გაუჩინა იაკობს.
11 ლეამ თქვა: „რა ბედნიერებაა!“ ამიტომ მას გადი*+ დაარქვა.
12 ლეას მოახლე ზილფამ მეორე ვაჟიც გაუჩინა იაკობს.
13 ლეამ თქვა: „გავბედნიერდი, ასულები ბედნიერს მიწოდებენ“.+ ამიტომ მას აშერი*+ დაარქვა.
14 ერთხელ, ხორბლის მკის+ დროს, რეუბენმა+ მინდორში მანდრაგორები იპოვა და დედამისს, ლეას მიუტანა. სთხოვა რახელმა ლეას: „მიწილადე შენი ვაჟის მოტანილი მანდრაგორები“.+
15 ამაზე მან მიუგო: „ის არ გეყოფა, ქმარი რომ წამართვი,+ ახლა კი ჩემი ვაჟის მოტანილ მანდრაგორებსაც მართმევ?!“ რახელმა უთხრა: „შენი ვაჟის მოტანილი მანდრაგორების სანაცვლოდ დღეს ღამით შენთან დაწვება იგი“.
16 საღამოს გაეგება ლეა მინდვრიდან დაბრუნებულ იაკობს+ და უთხრა: „დღეს ღამით ჩემთან უნდა დაწვე ჩემი ვაჟის მოტანილი მანდრაგორების სანაცვლოდ“. ისიც დაწვა მასთან იმ ღამით.+
17 მოუსმინა ღმერთმა და უპასუხა ლეას. დაორსულდა იგი და მეხუთე ვაჟი გაუჩინა იაკობს.+
18 ლეამ თქვა: „მომცა ღმერთმა გამოსასყიდის საზღაური, რადგან მივეცი ჩემს ქმარს ჩემი მოახლე“. ამიტომ მას ისაქარი*+ დაარქვა.
19 კიდევ ერთხელ დაორსულდა ლეა და მეექვსე ვაჟი გაუჩინა იაკობს.+
20 ლეამ თქვა: „დიდებული ჯილდოთი დამაჯილდოვა ღმერთმა. ბოლოს და ბოლოს მიმიღებს ჩემი ქმარი,+ რადგან ექვსი ვაჟი გავუჩინე“.+ ამიტომ მას ზებულონი*+ დაარქვა.
21 მერე გოგო გააჩინა და დინა+ დაარქვა.
22 ბოლოს გაიხსენა ღმერთმა რახელი, მოუსმინა მას, უპასუხა და საშვილოსნო გაუხსნა.+
23 დაორსულდა იგი, გააჩინა ვაჟი და თქვა, სირცხვილი მომაშორაო ღმერთმა!+
24 ამიტომ მას იოსები*+ დაარქვა, ამბობდა, იეჰოვა კიდევ ერთ ვაჟს მაძლევსო.
25 როცა რახელმა იოსები გააჩინა, იაკობმა მაშინვე უთხრა ლაბანს: „გამიშვი, რომ წავიდე იქ, სადაც ჩემი ადგილია, ჩემს ქვეყანაში.+
26 მომეცი ჩემი ცოლები და შვილები, ვისთვისაც გემსახურებოდი, და წავალ, რადგან იცი, რა სამსახურიც გაგიწიე“.+
27 ლაბანმა უთხრა მას: „თუ წყალობა ვპოვე შენს თვალში... ნიშანი მივიღე იმისა, რომ იეჰოვა შენ გამო მაკურთხებს“.+
28 მან განაგრძო: „მითხარი, რა გინდა გასამრჯელოდ და მოგცემ“.+
29 მან მიუგო: „კარგად იცი, როგორ გემსახურებოდი და როგორი გახდა შენი საქონელი ჩემს ხელში.+
30 რა ცოტა გყავდა ჩემ მოსვლამდე და მერე როგორ გაგიმრავლდა იმის გამო, რომ იეჰოვამ გაკურთხა ჩემი მოსვლის შემდეგ.+ მაგრამ მე როდისღა ვიზრუნო ჩემი სახლისთვის?“+
31 მან ჰკითხა: „რა მოგცე?“ იაკობმა მიუგო: „არაფერი მინდა!+ ოღონდ ეს გამიკეთე და კიდევ დავმწყემსავ და ვუპატრონებ+ შენს ფარას+.
32 დღეს ჩავივლი შენს ფარაში. გამოაცალკევე ყველა დაწინწკლული, ხალიანი, მუქი ყავისფერი ბატკანი, ხალიანი და დაწინწკლული დედალი თხა. ასეთები იყოს ჩემს გასამრჯელოდ.+
33 ჩემ მაგივრად ჩემმა სიმართლემ გაგცეს პასუხი იმ დღეს, რომელ დღესაც მოხვალ ჩემი გასამრჯელოს შესამოწმებლად.+ თუ ჩემს ბატკნებსა და დედალ თხებს შორის აღმოჩნდება დაუწინწკლავი და უხალო, მაშინ მომიპარავს“.+
34 ამაზე ლაბანმა მიუგო: „კარგი! იყოს შენი სიტყვისამებრ“.+
35 იმ დღესვე გამოაცალკევა მან ზოლებიანი და ხალებიანი ვაცები, დაწინწკლული და ხალებიანი დედალი თხები და მუქი ყავისფერი და თეთრნარევი ბატკნები, და თავის ვაჟებს ჩააბარა.
36 შემდეგ სამი დღის სავალით დაშორდა იაკობს და მწყემსავდა იაკობი ლაბანის დანარჩენ ცხვარს.
37 აიღო იაკობმა სტირაქსის,+ ნუშისა+ და ჭადრის+ ნედლი ჯოხები, ალაგ-ალაგ გათალა და ჯოხებს+ თეთრი ადგილები გამოუჩინა.
38 ბოლოს გათლილი ჯოხები ჩაუწყო ფარას წყლის გეჯაში,+ სადაც ფარა მიდიოდა დასარწყულებლად, რათა დასარწყულებლად რომ მივიდოდნენ, ახურებულიყვნენ.
39 შეხედავდა ცხვარი ჯოხებს, ახურდებოდა და იგებდა ზოლებიანს, დაწინწკლულსა და ხალებიანს.+
40 გამოაცალკევებდა ბატკნებს და ფარას პირს უზამდა ზოლიანი და მუქი ყავისფერი ფარისკენ ლაბანის ფარაში. თავის ფარას ცალკე აყენებდა და არა ლაბანის ფარასთან.
41 ყოველთვის ისე ხდებოდა, რომ, როცა უნდა ახურებულიყო ჯანსაღი+ ფარა, იაკობი გეჯაში+ თვალწინ უწყობდა იმ ჯოხებს, რათა შეეხედათ და ახურებულიყვნენ.
42 თუ ფარა სუსტი იყო, არ უწყობდა. ასე რომ, სუსტი ყოველთვის ლაბანს რჩებოდა, ჯანსაღი კი — იაკობს.+
43 მეტისმეტად გამდიდრდა ეს კაცი. ჰყავდა ბევრი დიდი ფარა, მოახლეები, მსახურები, აქლემები და ვირები.+
სქოლიოები
^ ნიშნავს მოსამართლეს.
^ ნიშნავს: ჩემი ჭიდილი.
^ ნიშნავს იღბალს.
^ ნიშნავს ბედნიერს, ბედნიერებას.
^ ნიშნავს: ის არის საზღაური; მას მოაქვს საზღაური.
^ ნიშნავს მკვიდრობას, ცხოვრებას, შესაძლოა — შეწყნარებას, ბატონობას.
^ იოსიფიას შემოკლებული ფორმა. ნიშნავს: იაჰმა შემატოს, იაჰი მატებს.