დაბადება 31:1—55

31  გაიგო მან ლაბანის ვაჟების ნათქვამი: „წაიღო იაკობმა ყველაფერი, რაც მამაჩვენისა იყო და მამაჩვენის ქონებით გამდიდრდა“.+  სახეზე შეატყო იაკობმა ლაბანს, რომ იგი ისეთი აღარ იყო მისდამი, როგორიც ადრე.+  ბოლოს იეჰოვამ უთხრა იაკობს: „დაბრუნდი მამაშენისა და შენი სანათესავოს მიწაზე,+ მე ვიქნები შენთან“.+  მოუხმო იაკობმა რახელსა და ლეას მინდორში, თავის ფარასთან  და უთხრა მათ: «სახეზე შევატყვე მამათქვენს, რომ იგი ისეთი აღარაა ჩემდამი, როგორიც ადრე იყო.+ მაგრამ მამაჩემის ღმერთი ჩემთან არის.+  თქვენ იცით, რომ მთელი ჩემი ძალით ვემსახურებოდი მამათქვენს,+  მაგრამ მომატყუა მამათქვენმა და ათჯერ შემიცვალა გასამრჯელო, თუმცა ღმერთმა არ დართო ჩემი დაზარალების+ ნება.  როცა მეტყოდა, დაწინწკლულები იყოს შენი გასამრჯელოო, მთელი ფარა დაწინწკლულებს იგებდა, და როცა მეტყოდა, ზოლებიანი იყოს შენი გასამრჯელოო, მთელი ფარა ზოლებიანს იგებდა.+  ღმერთი მამათქვენს ართმევდა ფარას და მე მაძლევდა.+ 10  როცა ფარის ახურების დრო დადგა, თვალი ავახილე სიზმარში+ და ვნახე, რომ ვაცები, რომლებიც ფარას ახტებოდნენ, ზოლებიანი, დაწინწკლული და ლაქებიანი+ იყვნენ. 11  მითხრა სიზმარში ჭეშმარიტი ღვთის ანგელოზმა: „იაკობ!“ მე მივუგე: „აქა ვარ“.+ 12  მან განაგრძო: „აახილე თვალი და დაინახავ, რომ ვაცები, რომლებიც ფარას ახტებიან, ზოლებიანი, დაწინწკლული და ლაქებიანი არიან, რადგან დავინახე ყველაფერი, რასაც ლაბანი გიკეთებს.+ 13  მე ვარ ჭეშმარიტი ღმერთი, რომელიც გამოგეცხადე ბეთელში,+ სადაც შენ სვეტი სცხე+ და აღთქმა დამიდე.+ ახლა ადექი, წადი ამ მიწიდან და მშობლიურ მიწაზე+ დაბრუნდი». 14  რახელმა და ლეამ უპასუხეს: „კიდევ გვერგება რამე მემკვიდრეობად მამაჩვენის სახლიდან?!+ 15  განა მისთვის უკვე უცხოელებად არ ვითვლებით, რადგან გაგვყიდა, და ჩვენ სანაცვლოდ აღებული ფულით ჭამს?!+ 16  მთელი სიმდიდრე, რაც ღმერთმა მამაჩვენს წაართვა, ახლა ჩვენი და ჩვენი შვილებისაა.+ გააკეთე ყველაფერი, რაც ღმერთმა გითხრა“.+ 17  ადგა იაკობი, შესვა თავისი შვილები და ცოლები აქლემებზე,+ 18  წაასხა მთელი თავისი ფარა და წაიღო მთელი თავისი დაგროვილი ქონება,+ ფადან-არამში მოგებული ფარის ნამატი და წავიდა ისაკთან, მამამისთან, ქანაანის მიწაზე.+ 19  როცა ლაბანი ცხვრის გასაპარსად იყო წასული, რახელმა მამამისს თერაფიმი*+ მოჰპარა. 20  ჭკუით აჯობა იაკობმა სირიელ ლაბანს, რადგან არ უთხრა, რომ გარბოდა. 21  გაიქცა და ყველაფერი, რაც ჰქონდა, თან წაიღო. მიადგა მდინარეს*+ და გადალახა. შემდეგ გალაადის+ მთიანი მხარისკენ ქნა პირი. 22  მესამე დღეს ლაბანს შეატყობინეს, იაკობი გაიქცაო. 23  გაიყოლა მან თავისი ნათესავები, შვიდი დღის სავალზე სდია+ და გალაადის მთიან მხარეში დაეწია. 24  ღამით სიზმარში+ ღმერთი გამოეცხადა სირიელ ლაბანს+ და უთხრა: „გაფრთხილდი, არც ცუდი უთხრა იაკობს და არც კარგი!“+ 25  მივიდა ლაბანი იაკობთან; იაკობს მთაში გაეშალა კარავი, და ლაბანმაც გალაადის მთიან მხარეში დააბანაკა თავისი ძმები. 26  უთხრა ლაბანმა იაკობს: „ეს რა გააკეთე, ჭკუით მაჯობე და მახვილით წაყვანილი ტყვეებივით გაიტაცე ჩემი ასულები?!+ 27  ფარულად რატომ გაიქეცი, ჭკუით მაჯობე და არაფერი მითხარი?! მე მხიარულებითა და სიმღერებით,+ დაირითა და ქნარით+ ვაპირებდი შენ გაცილებას, 28  შენ კი არც მაკოცნინე შვილებისა და ასულებისთვის.+ უგუნურად მოიქეცი. 29  ჩემს ხელს შესწევს ძალა, რომ ზიანი მოგაყენოთ,+ მაგრამ წუხელ მამათქვენის ღმერთი მელაპარაკა და მითხრა, გაფრთხილდი, არც ცუდი უთხრა იაკობს და არც კარგიო.+ 30  ძლიერ გენატრებოდა მამაშენის სახლი და წახვედი, მაგრამ ჩემი ღმერთები+ რაღად მოიპარე?!“ 31  იაკობმა მიუგო ლაბანს: „მეშინოდა,+ ვამბობდი, არ წამართვას-მეთქი თავისი ასულები. 32  ნუ იცოცხლებს,+ ვისაც უპოვი შენს ღმერთებს. ჩვენი ძმების თვალწინ შეამოწმე ყველაფერი, რაც მაქვს, და წაიღე ისინი“.+ არ იცოდა იაკობმა, რომ ისინი რახელს მოეპარა.+ 33  შევიდა ლაბანი იაკობის, ლეასა და ორივე მხევლის+ კარავში, მაგრამ ვერ იპოვა ისინი. ბოლოს გამოვიდა ლეას კარვიდან და რახელის კარავში შევიდა. 34  თერაფიმი რახელს ჰქონდა წაღებული. დამალული ჰქონდა ის ქალის საუნაგირე კალათში, რომელიც აქლემზე იდგმებოდა, და ზედ იჯდა. მთელი კარავი შეამოწმა ლაბანმა, მაგრამ ვერ იპოვა ის. 35  უთხრა მამამისს: „ნუ აენთება რისხვით ჩემი ბატონის+ თვალები, რადგან ვერ ავდგები, ქალებისთვის ჩვეული რამ მჭირს“.+ საგულდაგულოდ ეძება მან, მაგრამ ვერ იპოვა თერაფიმი.+ 36  განრისხდა+ იაკობი, დავა დაუწყო ლაბანს და უთხრა: „რა დავაშავე,+ რა შევცოდე, რომ ასე გაშმაგებით დამედევნე?+ 37  ხომ შეამოწმე მთელი ჩემი ქონება, რა იპოვე შენი სახლიდან წამოღებული?+ დადე ის ჩემი და შენი ძმების წინაშე+ და მათ განგვსაჯონ.+ 38  ოცი წელი ვიყავი შენთან. არც ერთი ცხვარი და თხა არ გაბერწებულა+ და არასოდეს მიჭამია ვერძი შენი ფარიდან. 39  არც ერთი დაგლეჯილი არ მომიყვანია შენთვის.+ დანაკარგს მე ვანაზღაურებდი. ჩემი ხელიდან ითხოვდი იმას, რაც ღამით ან დღისით იყო ნაქურდალი.+ 40  დღისით სიცხე მწვავდა და ღამით — ყინვა, ჩემს თვალს ძილი არ ეკარებოდა.+ 41  ასეთი იყო ჩემი ოცი წელი შენს სახლში. თოთხმეტი წელი შენი ორი ასულისთვის გემსახურე და ექვსი წელი — ფარისთვის, შენ კი ათჯერ შემიცვალე გასამრჯელო.+ 42  ჩემთან რომ არ ყოფილიყო მამაჩემის ღმერთი,+ აბრაამის ღმერთი, ვისიც ისაკს ეშინია,+ ხელცარიელს გამიშვებდი. მაგრამ მოხედა ღმერთმა ჩემს საცოდაობას, ჩემი ხელის ნაჯაფს და წუხელ შეგაგონა“.+ 43  ლაბანმა იაკობს მიუგო: „ეს ასულები ჩემი ასულები არიან, ეს შვილები ჩემი შვილები არიან და ეს ფარა ჩემი ფარაა. რასაც ხედავ, ჩემი და ჩემი ასულებისაა. დღეს რაღას გავაკეთებ მათ წინააღმდეგ და მათი გაჩენილი შვილების წინააღმდეგ?! 44  ახლა, მოდი დავდოთ მე და შენ შეთანხმება+ და ეს იყოს მოწმობა ჩვენ შორის“.+ 45  აიღო იაკობმა ქვა, სვეტად აღმართა+ 46  და თავის ძმებს უთხრა: „აიღეთ ქვები!“ მათაც აიღეს ქვები და დაახვავეს.+ შემდეგ ჭამეს იმ გორაზე. 47  ლაბანმა მას იეგარ-საჰადუთა* უწოდა, იაკობმა კი — გალაადი*. 48  ლაბანმა უთხრა: „ეს გორა მოწმობაა მე და შენ შორის“. ამიტომ ეწოდა მას გალაადი+ 49  და საგუშაგო კოშკი, რადგან მან თქვა: „იეჰოვა იყოს გუშაგი მე და შენ შორის, როცა ცალ-ცალკე ვიქნებით.+ 50  თუ დაჩაგრავ ჩემს ასულებს+ და სხვა ცოლებსაც მოიყვან, იცოდე, კაცი კი არა, ღმერთი იქნება მოწმე მე და შენ შორის“.+ 51  კვლავ უთხრა ლაბანმა იაკობს: „აი გორა და სვეტი, რომელიც ჩვენ შორის აღვმართე. 52  ეს გორა მოწმეა და ეს სვეტი — მოწმობის ნიშანი,+ რომ არ გადმოვალ ამ გორას შენ საზიანოდ და არც შენ გადმოხვალ ამ გორას და სვეტს ჩემ საზიანოდ.+ 53  აბრაამის+ ღმერთმა* და ნახორის+ ღმერთმა განგვსაჯოს, მათი მამის ღმერთმა*“. იაკობმა კი დაიფიცა ის, ვისიც მამამისს, ისაკს ეშინია.+ 54  შესწირა იაკობმა მსხვერპლი მთაში და მოიწვია თავისი ძმები პურის საჭმელად. მათაც ჭამეს პური+ და მთაში გაათიეს ღამე. 55  ადგა დილაადრიან ლაბანი, დაკოცნა+ თავისი შვილები და ასულები, აკურთხა+ და სახლის გზას დაადგა.+

სქოლიოები

ოჯახის კერპები.
ანუ ევფრატს.
არამეული (სირიული) გამოთქმა, რაც ნიშნავს მოწმობის გროვას.
ებრაული გამოთქმა, რაც ნიშნავს მოწმობის გროვას.
ანუ ღმერთები — ებრაულად ელოჰეჰ (მრ. რ.). შესაძლოა იმიტომ დგას მრავლობით რიცხვში, რომ სირიელი ლაბანი თერაფიმებს ეთაყვანებოდა.
ანუ ღმერთები — ებრაულად ელოჰეჰ (მრ. რ.). შესაძლოა იგულისხმებოდეს არა მხოლოდ იეჰოვა, რადგან დედანში ზმნა განსჯაც მრავლობით რიცხვშია. სამარიულ ხუთწიგნეულში, სეპტუაგინტაში, სირიულ თარგმანსა და ვულგატაში კი ეს ზმნა მხოლობით რიცხვშია და მიუთითებს ერთ ღმერთზე.