დაბადება 32:1—32

32  როცა იაკობი თავის გზას დაადგა, ღვთის ანგელოზები შემოხვდნენ მას.+  როგორც კი დაინახა, მაშინვე თქვა: „ეს ღვთის ბანაკია!“+ ამიტომ იმ ადგილს მახანაიმი*+ უწოდა.  გაუგზავნა იაკობმა ესავს, თავის ძმას, მაცნეები+ სეირის მიწაზე,+ ედომის ველზე,+  და უბრძანა მათ: «უთხარით ჩემს ბატონს,+ ესავს, ასე დაგვაბარა-თქო იაკობმა: „ვხიზნობდი ლაბანთან და დიდხანს ვიყავი მასთან.+  მყავს ხარები, ვირები, ცხვარი, მსახურები და მოახლეები.+ მინდა, მოვახსენო ეს ჩემს ბატონს და წყალობა ვპოვო შენს თვალში“».+  დაბრუნდნენ მაცნეები იაკობთან და უთხრეს: „ვიყავით შენს ძმასთან, ესავთან და ისიც ოთხასი კაცით+ მოდის შენთან შესახვედრად“.  ძალიან შეეშინდა იაკობს და შეწუხდა.+ ორ ბანაკად გაყო თავისი ხალხი, ცხვარ-ძროხა და აქლემები,+  ამბობდა, თუ ესავი ერთ ბანაკს დაესხმება, მეორე ბანაკი თავს უშველისო.+  შემდეგ თქვა იაკობმა: „მამაჩემის, აბრაამის ღმერთო, და მამაჩემის, ისაკის ღმერთო,+ იეჰოვა, კი მეუბნები, დაბრუნდი შენსა და შენი სანათესავოს მიწაზე და სიკეთეს გაგიკეთებო,+ 10  მაგრამ არა ვარ ღირსი იმ სიკეთისა* და ერთგულებისა, რომელიც შენი მსახურისადმი გამოავლინე;+ ჯოხის ამარამ გადავკვეთე იორდანე და ახლა ორ ბანაკად ვბრუნდები.+ 11  გევედრები,+ მიხსენი ჩემი ძმის, ესავის ხელიდან, რადგან მეშინია, არ მოვიდეს და თავს არ დამესხას მეც,+ დედებსაც და შვილებსაც. 12  შენ ხომ მითხარი, სიკეთეს გაგიკეთებ და შენს შთამომავალს ზღვის ქვიშასავით ვაქცევ, რომელიც ვერ დაითვლებაო სიმრავლის გამო“.+ 13  იქ გაათია ღამე და ესავს, თავის ძმას, საჩუქარი გაუგზავნა თავისი ქონებიდან:+ 14  ორასი დედალი თხა, ოცი ვაცი, ორასი დედალი ცხვარი, ოცი ვერძი, 15  ოცდაათი მაწოვარი აქლემი თავისი ნაშიერებით, ორმოცი ძროხა, ათი ხარი, ოცი ჭაკი ვირი და ათიც მამალი ვირი.+ 16  ჩააბარა თავის მსახურებს ცალ-ცალკე ჯოგებად და უთხრა, ჩემ წინ იარეთ და ჯოგებს შორის მანძილი დატოვეთო.+ 17  პირველს უბრძანა: «თუ შეგხვდა ჩემი ძმა ესავი და გკითხა, ვისი ხარ, სად მიდიხარ და ესენი ვიღასიაო, 18  უთხარი: „შენი მსახური იაკობისაა. ეს ჩემი ბატონისთვის,+ ესავისთვის გამოგზავნილი საჩუქარია.+ თვითონ კი უკან მოგვყვება“». 19  უბრძანა მეორესაც, მესამესაც და ყველას, ვინც ჯოგებს მიჰყვებოდა: „ასე და ასე უთხარით ესავს, როცა შეგხვდებათ.+ 20  ისიც უთხარით, შენი მსახური იაკობი ჩვენ მოგვყვება-თქო“.+ თავისთვის ამბობდა, იქნებ გული მოვულბო წინასწარ გაგზავნილი საჩუქრით+ და მერე ვიხილავ მის სახეს, იქნებ კეთილად მიმიღოსო.+ 21  საჩუქარი წინ გაუშვა, თვითონ კი ბანაკში გაათია ის ღამე.+ 22  ადგა იმ ღამით, წაიყვანა თავისი ორი ცოლი,+ ორი მოახლე+ და თერთმეტი ვაჟი+ და იაბოკის+ ფონზე გადავიდა. 23  წაიყვანა ისინი და ხევზე გადაიყვანა,+ თან გადაიტანა ყველაფერი, რაც ჰქონდა. 24  ერკინებოდა იაკობს ვიღაც კაცი განთიადის დადგომამდე,+ როცა მარტო იყო. 25  დაინახა, რომ ვერ ერეოდა+ იაკობს, ბარძაყის სახსარზე შეეხო მას და ამოუგდო ის შერკინებისას.+ 26  მან უთხრა: „გამიშვი, განთიადი დადგა“. მან კი მიუგო: „არ გაგიშვებ, სანამ არ მაკურთხებ“.+ 27  მან ჰკითხა: „რა გქვია?“ მიუგო: „იაკობი“. 28  მაშინ უთხრა: „აღარ გერქმევა იაკობი, არამედ ისრაელი*,+ რადგან ღმერთსა და ადამიანებს შეეჭიდე+ და მაინც მოერიე“. 29  იაკობმა უთხრა: „მითხარი შენი სახელი“. მან მიუგო: „სახელს რატომ მეკითხები?“+ და იქვე აკურთხა იგი. 30  ამიტომ იმ ადგილს იაკობმა ფენიელი*+ უწოდა, რადგან ამბობდა, ღმერთი ვიხილე პირისპირ და მაინც გადავრჩიო.+ 31  როგორც კი გაიარა ფენუელი, მზემ დაანათა მას. ბარძაყი სტკიოდა და კოჭლობდა იგი.+ 32  ამიტომ არ ჭამენ დღემდე ისრაელები ბარძაყის ძარღვს, რომელიც ბარძაყის სახსარზეა, რადგან შეეხო იგი იაკობს ბარძაყის სახსარზე, სადაც ბარძაყის ძარღვია.+

სქოლიოები

ნიშნავს ორ ბანაკს.
იხილეთ 19:19-ის სქოლიო.
ნიშნავს: ღმერთი დაეჭიდა; ღმერთთან მოჭიდავე (შეუპოვარი).
ნიშნავს ღვთის სახეს.