დაბადება 41:1—57

41  გავიდა ორი სრული წელიწადი. ფარაონმა სიზმარი ნახა,+ რომ მდინარე ნილოსის პირას იდგა.  მდინარე ნილოსიდან შვიდი ლამაზი, ხორცსავსე ძროხა ამოვიდა და ნილოსის პირას ბალახის ძოვა დაიწყო.+  მდინარე ნილოსიდან კიდევ შვიდი ძროხა ამოვიდა, უშნო და გამხდარი,+ და გვერდით დაუდგნენ იმ ძროხებს მდინარე ნილოსის პირას.  უშნო და გამხდარმა ძროხებმა ლამაზი და ხორცსავსე ძროხები შეჭამეს,+ და გაეღვიძა ფარაონს.+  კვლავ ჩაეძინა და მეორეჯერაც ნახა სიზმარი: ერთ ღეროზე შვიდი თავთავი ამოვიდა, მსხვილი და საღი;+  მათ შემდეგ კიდევ შვიდი თავთავი ამოვიდა,+ წვრილი და აღმოსავლეთის ქარისგან+ დახრუკული;  წვრილმა თავთავებმა შვიდი მსხვილი და სავსე თავთავი შეჭამეს,+ და გაეღვიძა ფარაონს, ეს სიზმარი რომ ნახა.  დილით სული აუფორიაქდა.+ მოუხმო ეგვიპტის ყველა გრძნეულ ქურუმს+ და ყველა ბრძენკაცს+ და მოუყვა თავის სიზმრებს,+ მაგრამ ამხსნელი არავინ იყო.  შემდეგ მერიქიფეთა უფროსმა ფარაონს+ უთხრა: „დღეს გეტყვი, რა შევცოდე.+ 10  ფარაონი თავის მსახურებზე რომ განრისხდა,+ მცველთა უფროსის სახლის საპატიმროში+ ჩაგვყარა მეც და მცხობელთა უფროსიც. 11  ერთ ღამეს ორივემ ვნახეთ სიზმრები. მეც და მანაც, თითოეულმა ჩვენ-ჩვენი სიზმარი ვნახეთ, რომლებსაც თავ-თავისი ახსნა ჰქონდა.+ 12  ჩვენთან ერთად ერთი ახალგაზრდა ებრაელი კაცი+ იყო, მცველთა უფროსის მსახური.+ როცა მოვუყევით,+ მან აგვიხსნა სიზმრები, თითოეულს ჩვენ-ჩვენი სიზმარი. 13  ზუსტად ისე შესრულდა, როგორც აგვიხსნა. მე დამაბრუნა ფარაონმა ჩემს ადგილზე,+ ის კი ძელზე ჩამოკიდა“.+ 14  გაგზავნა კაცები ფარაონმა იოსების მოსახმობად,+ რომ სასწრაფოდ გამოეყვანათ დილეგიდან.+ მანაც გაიპარსა,+ მოსასხამი გამოიცვალა+ და შევიდა ფარაონთან. 15  ფარაონმა უთხრა იოსებს: „სიზმარი ვნახე, მაგრამ ამხსნელი არავინაა. შენზე მსმენია, რომ შეგიძლია გაიგო და ახსნა კიდეც“.+ 16  იოსებმა მიუგო ფარაონს: „მე რა სახსენებელი ვარ! ღმერთი გამოუცხადებს ფარაონს მისივე საკეთილდღეოდ“.+ 17  ფარაონმა იოსებს უთხრა: „სიზმრად ვნახე, რომ მდინარე ნილოსის პირას ვიდექი. 18  მდინარე ნილოსიდან შვიდი ლამაზი და ხორცსავსე ძროხა ამოვიდა, რომლებმაც ნილოსის პირას ბალახის ძოვა დაიწყეს.+ 19  კიდევ შვიდი ძროხა ამოვიდა, გასაცოდავებული, მეტად უშნო და გამხდარი;+ ასეთი უშნო რამ არ მინახავს მთელი ეგვიპტის მიწაზე. 20  გამხდარმა და უშნო ძროხებმა შეჭამეს პირველი შვიდი მსუქანი ძროხა.+ 21  შეჭამეს ისინი, მაგრამ მათ მუცლებს არაფერი შეეტყო, ისეთივე უშნოები დარჩნენ,+ და გამეღვიძა. 22  კიდევ ვნახე სიზმარი: ერთ ღეროზე შვიდი თავთავი ამოვიდა, სავსე და საღი;+ 23  მათ შემდეგ კიდევ შვიდი თავთავი ამოვიდა, დამჭკნარი, წვრილი და აღმოსავლეთის ქარისგან დახრუკული;+ 24  წვრილმა თავთავებმა შეჭამეს შვიდი საღი თავთავი.+ მოვუყევი ეს გრძნეულ ქურუმებს,+ მაგრამ ვერავინ ვერაფერი მითხრა“.+ 25  იოსებმა უთხრა ფარაონს: „ერთი ახსნა აქვს ფარაონის სიზმრებს. ღმერთმა გამოუცხადა ფარაონს, რასაც გააკეთებს.+ 26  შვიდი კარგი ძროხა შვიდი წელიწადია. შვიდი საღი თავთავიც შვიდი წელიწადია. ერთი ახსნა აქვს ამ სიზმრებს. 27  შვიდი გამხდარი და უშნო ძროხა, რომლებიც შემდეგ ამოვიდნენ, შვიდი წელიწადია. აღმოსავლეთის ქარისგან+ დახრუკული შვიდი ცარიელი თავთავი შიმშილობის შვიდი წელიწადია.+ 28  აი რას ვეუბნებოდი ფარაონს: ღმერთმა ის აჩვენა ფარაონს, რასაც გააკეთებს.+ 29  შვიდი წელიწადი დიდი ბარაქა ექნება მთელი ეგვიპტის მიწას. 30  მომდევნო შვიდი წელიწადი კი შიმშილობა ჩამოვარდება. აღარავის ემახსოვრება ეგვიპტის მიწის ბარაქა, შიმშილობა შთანთქავს ამ მიწას.+ 31  შიმშილობის შემდეგ აღარავის ეცოდინება, რომ ერთ დროს ბარაქა ჰქონდა ამ მიწას, რადგან ძალიან დიდი იქნება შიმშილობა. 32  ორჯერ რომ გაუმეორდა სიზმარი ფარაონს, ეს იმას ნიშნავს, რომ მტკიცედ არის გადაწყვეტილი ეს საქმე; ჭეშმარიტი ღმერთი+ მალე გააკეთებს ამას.+ 33  მოძებნოს ფარაონმა გონიერი და ბრძენი კაცი და დააყენოს ეგვიპტის მიწაზე.+ 34  დააყენოს ფარაონმა ზედამხედველები ამ მიწაზე+ და აიღოს მოსავლის მეხუთედი ეგვიპტის მიწიდან ბარაქიანი შვიდი წლის განმავლობაში.+ 35  შეაგროვონ საკვები მოსავლიანი წლების განმავლობაში და ქალაქებში დააგროვონ მარცვლეული,+ რომელიც ფარაონის განკარგულებაში იქნება, და შეინახონ. 36  ის საკვები ექნება ამ მიწას მარაგად შიმშილობის შვიდი წლის განმავლობაში, რომელიც მთელი ეგვიპტის მიწაზე იქნება,+ რათა არ მოსპოს ქვეყანა შიმშილობამ“.+ 37  მოეწონათ ეს ფარაონსა და მის მსახურებს.+ 38  უთხრა ფარაონმა თავის მსახურებს: „განა ვინ მოიძებნება მისნაირი, რომელშიც ღვთის სულია*?“+ 39  ფარაონმა იოსებს უთხრა: „ვინაიდან შენ გაგაგებინა ღმერთმა ეს ყველაფერი,+ შენნაირი გონიერი და ბრძენი არავინ არის.+ 40  შენ დაგაყენებ ჩემს სახლზე+ და მთელი ჩემი ხალხი უსიტყვოდ დაგემორჩილება.+ მე მხოლოდ ტახტით ვიქნები შენზე აღმატებული“.+ 41  კვლავ უთხრა ფარაონმა იოსებს: „მთელი ეგვიპტის მიწაზე დაგაყენებ“.+ 42  ეს რომ თქვა, მოიხსნა ფარაონმა ბეჭედი+ თავისი ხელიდან, გაუკეთა ხელზე იოსებს, შემოსა იგი ძვირფასი სელის ტანსაცმლით და ოქროს ყელსაბამი შეაბა.+ 43  თავის მეორე საპატიო ეტლზეც დასვა+ და მის წინ მყოფნი შესძახოდნენ „ავრეხ!“* ასე დააყენა იგი მთელი ეგვიპტის მიწაზე. 44  უთხრა ფარაონმა იოსებს: „მე ფარაონი ვარ, მაგრამ შენი ნებართვის გარეშე კაციშვილი ვერ გაანძრევს ხელს და ნაბიჯს ვერ გადადგამს მთელი ეგვიპტის მიწაზე“.+ 45  დაარქვა ფარაონმა იოსებს ცაფნათ-ფანეახი და მიათხოვა ონის ქურუმის,+ ფოტიფერას ასული ასენათი.+ გავიდა იოსები მთელი ეგვიპტის მიწაზე.+ 46  ოცდაათი წლისა იყო იოსები,+ როცა ეგვიპტის მეფის, ფარაონის წინაშე წარდგა. ამის შემდეგ წავიდა იოსები ფარაონისგან და მთელი ეგვიპტის მიწა შემოიარა. 47  ბარაქიანი შვიდი წლის განმავლობაში უხვი+ მოსავალი მოვიდა იმ მიწაზე. 48  ქალაქებში აგროვებდა იგი მთელ საკვებს,+ რომელიც შვიდი წლის განმავლობაში მოდიოდა ეგვიპტის მიწაზე. თითოეულ ქალაქში გარშემო მდებარე მინდვრიდან მოპოვებულ საკვებს ინახავდა.+ 49  ზღვის ქვიშასავით აგროვებდა იოსები მარცვლეულს+ და ბოლოს თვლაც შეწყვიტეს, რადგან ურიცხვი იყო.+ 50  შიმშილობის წლის დადგომამდე იოსებს ორი ვაჟი შეეძინა,+ რომლებიც ონის ქურუმის, ფოტიფერას ასულმა ასენათმა გაუჩინა. 51  პირმშოს მენაშე*+ დაარქვა, რადგან ამბობდა, დამავიწყა ღმერთმა გასაჭირი და მამაჩემის მთელი სახლიო.+ 52  მეორეს ეფრემი*+ დაარქვა, რადგან ამბობდა, ღმერთმა გამხადა ნაყოფიერი ჩემი საცოდაობის მიწაზეო.+ 53  დასრულდა ბარაქიანი შვიდი წელიწადი ეგვიპტის მიწაზე+ 54  და დაიწყო შიმშილობის შვიდი წელიწადი, როგორც იოსებს ჰქონდა ნათქვამი.+ მთელ იმ მხარეს მოედო შიმშილობა, მაგრამ ეგვიპტის მიწაზე იშოვებოდა პური.+ 55  ბოლოს ეგვიპტის მთელ მიწაზე დაიწყო შიმშილობა და შეღაღადა ხალხმა ფარაონს პურისთვის.+ ფარაონმა უთხრა ეგვიპტელებს: „იოსებთან წადით და გააკეთეთ, რასაც ის გეტყვით“.+ 56  მთელ დედამიწას მოედო შიმშილობა.+ გახსნა იოსებმა ყველა ბეღელი, რომელიც მათ ჰქონდათ, და ყიდდა მარცვლეულს ეგვიპტელებზე,+ რადგან მძვინვარებდა შიმშილობა ეგვიპტის მიწაზე. 57  მთელი დედამიწის ხალხიც ეგვიპტეში ჩადიოდა იოსებისგან საკვების საყიდლად, რადგან შიმშილობა მთელ დედამიწაზე მძვინვარებდა.+

სქოლიოები

ებრაულად რუახ. იხილეთ დანართი 2ბ.
ებრაულ ტექსტში ტრანსლიტერაციით გადმოტანილი ეგვიპტური გამოთქმა. ზუსტი მნიშვნელობა უცნობია.
ნიშნავს: ის, ვინც ავიწყებს.
ნიშნავს ორმაგად ნაყოფიერს.