დაბადება 45:1—28

45  თავი ვეღარ შეიკავა იოსებმა მათ წინაშე, ვინც მასთან იდგა,+ და დაიყვირა: „ყველანი გადით აქედან!“ არავინ იდგა მასთან, როცა იოსებმა ძმებს თავისი ვინაობა გაუმხილა.+  ისე ხმამაღლა ატირდა,+ რომ გაიგეს ეგვიპტელებმა და ფარაონის სახლმა.  ბოლოს უთხრა იოსებმა თავის ძმებს: „იოსები ვარ. ცოცხალია მამაჩემი?“ შეძრწუნდნენ მისი ძმები და ვეღარაფერი უპასუხეს.+  იოსებმა თავის ძმებს სთხოვა: „მოდით ჩემთან“. ისინიც მივიდნენ. შემდეგ უთხრა: «იოსები ვარ, თქვენი ძმა, ეგვიპტეში რომ გაყიდეთ.+  მაგრამ ახლა ნუ დამწუხრდებით+ და ნუ განრისხდებით საკუთარ თავზე, აქ რომ გამყიდეთ, რადგან ღმერთმა სიცოცხლის გადასარჩენად გამომგზავნა თქვენზე წინ.+  უკვე მეორე წელია, რაც შიმშილობაა დედამიწაზე+ და კიდევ ხუთ წელიწადს არ იქნება ხვნა და მკა.+  ღმერთმა გამომგზავნა თქვენზე წინ, რათა დარჩეთ+ დედამიწაზე და იცოცხლოთ დიდებული ხსნის წყალობით.  აქ თქვენ კი არ გამომგზავნეთ,+ არამედ ჭეშმარიტმა ღმერთმა, რომ დავენიშნე ფარაონის მამად,+ მთელი მისი სახლის ბატონად და მთელი ეგვიპტის მიწის მბრძანებლად.  ჩქარა წადით მამაჩემთან და უთხარით, აი რა დაგვაბარა შენმა ვაჟმა, იოსებმა-თქო: „ღმერთმა მთელი ეგვიპტის ბატონად დამნიშნა.+ ჩამოდი, ნუ დააყოვნებ. 10  იცხოვრე გოშენის მიწაზე,+ ჩემთან ახლოს, შენ, შენმა ვაჟებმა, შენი ვაჟების ვაჟებმა, შენმა ცხვარ-ძროხამ, მთელი შენი საბადებლითურთ. 11  მე მოგამარაგებ იქ საკვებით, რათა არ გაღატაკდეთ შენ, შენი სახლეულობა და შენი საბადებელი, რადგან კიდევ ხუთ წელიწადს იქნება შიმშილობა“.+ 12  ახლა თქვენ და ჩემი ძმა ბენიამინი საკუთარი თვალით ხედავთ, რომ ჩემი ბაგეებით გელაპარაკებით.+ 13  ამიტომ მოუყევით მამაჩემს მთელი ჩემი დიდების შესახებ ეგვიპტეში და იმ ყოველივეს შესახებ, რაც იხილეთ. იჩქარეთ და ჩამომიყვანეთ მამაჩემი». 14  კისერზე მოეხვია იგი ბენიამინს, თავის ძმას და ატირდა; ბენიამინიც ტიროდა მის კისერზე.+ 15  აკოცა თავის ძმებს და ტიროდა;+ შემდეგღა დაელაპარაკნენ მას მისი ძმები. 16  გავრცელდა ეს ამბავი ფარაონის სახლში, ამბობდნენ, იოსების ძმები ჩამოსულანო. მოეწონათ ეს ფარაონსა და მის მსახურებს.+ 17  ფარაონმა იოსებს უთხრა: „უთხარი შენს ძმებს, ასე გააკეთეთ-თქო: დატვირთეთ პირუტყვები და წადით ქანაანის მიწაზე,+ 18  წამოიყვანეთ მამათქვენი, თქვენი სახლეულობა და ჩემთან ჩამოდით, რათა მოგცეთ ყოველივე კარგი ეგვიპტის მიწაზე და ჭამოთ ამ მიწის საუკეთესო ნაყოფი.+ 19  ასე გააკეთეთ:+ წაიყვანეთ ურმები+ ეგვიპტის მიწიდან თქვენი ცოლ-შვილისთვის; ერთით მამათქვენი წამოიყვანეთ და ჩამოდით.+ 20  ნუ დაგენანებათ თქვენი ქონება,+ რადგან ყოველივე კარგი ეგვიპტის მიწაზე თქვენი იქნება“.+ 21  ისრაელის ვაჟებიც ასე მოიქცნენ. მისცა იოსებმა მათ ურმები ფარაონის ბრძანებისამებრ და საგზალიც+ გაატანა. 22  თითოეულს თითო მოსასხამი მისცა,+ ხოლო ბენიამინს — სამასი ვერცხლი და ხუთი მოსასხამი.+ 23  ჩამოსასვლელად მამამისს გაუგზავნა ეგვიპტის დოვლათით დატვირთული ათი მამალი ვირი და მარცვლეულით, პურითა და საჭმლით დატვირთული ათი ჭაკი ვირი. 24  გაგზავნა თავისი ძმები და ისინიც წავიდნენ. უთხრა მათ: „ნუ იდავებთ გზაში“.+ 25  წამოვიდნენ ეგვიპტიდან და მივიდნენ ქანაანის მიწაზე იაკობთან, თავიანთ მამასთან. 26  შეატყობინეს მას: „ცოცხალია იოსები, მთელი ეგვიპტის მიწის მბრძანებელია!“+ გული აუთრთოლდა მას, არ სჯეროდა.+ 27  ყველაფერი რომ უთხრეს, რაც იოსებმა დააბარა, და თან დაინახა ურმები, რომლებიც იოსებს მის წასაყვანად გაეგზავნა, გაუცოცხლდა სული*+ მათ მამას, იაკობს. 28  თქვა ისრაელმა: „კმარა! ცოცხალია იოსები, ჩემი შვილი! წავალ და ვნახავ, სანამ მოვკვდები!“+

სქოლიოები

ებრაულად რუახ. იხილეთ დანართი 2ბ.