დაბადება 50:1—26
50 დაემხო იოსები მამამისის სახეს,+ დასტიროდა და კოცნიდა.+
2 უბრძანა იოსებმა თავის მსახურებსა და მკურნალებს, რომ დაებალზამებინათ+ მამამისი. მკურნალებმაც დააბალზამეს ისრაელი.
3 ორმოცი დღე აბალზამებდნენ, რადგან ამდენი დღეა საჭირო ბალზამირებისთვის. სამოცდაათ დღეს დასტიროდნენ+ მას ეგვიპტელები.
4 ბოლოს გლოვის დღეებმა რომ ჩაიარა, იოსებმა სთხოვა ფარაონის სახლეულობას: «თუ წყალობა ვპოვე თქვენს თვალში,+ უთხარით ფარაონს,
5 რომ მამაჩემმა ასე დამაფიცა:+ „იცოდე, ვკვდები.+ იმ სამარხში დამმარხე,+ რომელიც ქანაანის მიწაზე მოვიმზადე“.+ წავალ, დავმარხავ მამაჩემს და დავბრუნდები».
6 ფარაონმა უთხრა: „წადი და ისე დამარხე მამაშენი, როგორც დაგაფიცა“.+
7 წავიდა იოსები მამამისის დასამარხავად და გაჰყვა მას ფარაონის ყველა მსახური, ფარაონის სახლეულობისა და ეგვიპტის მიწაზე მცხოვრები უხუცესები,+
8 იოსების მთელი სახლეულობა, მისი ძმები და მამამისის სახლეულობა;+ მხოლოდ პატარა ბავშვები და ცხვარ-ძროხა დატოვეს გოშენის მიწაზე.
9 გაჰყვნენ მას ეტლებიცა+ და მხედრებიც. შეიკრიბა დიდძალი ხალხი.
10 მიადგნენ ატადის კალოს+ იორდანის მხარეში+ და გამართეს იქ დიდი და მწარე მოთქმა; შვიდ დღეს ასრულებდა იგი მამამისისთვის სამგლოვიარო წეს-ჩვეულებებს.+
11 იმ მიწის მოსახლეობამ, ქანაანელებმა, დაინახეს ატადის კალოზე მიმდინარე სამგლოვიარო წეს-ჩვეულებები და თქვეს: „მწარედ გლოვობენ ეგვიპტელები!“ ამიტომაც დაერქვა მას აბელ-მიცრაიმი*, რომელიც იორდანის მხარეშია.+
12 ზუსტად ისე გააკეთეს მისმა ვაჟებმა, როგორც მას ჰქონდა ნაბრძანები.+
13 წაიყვანეს იგი მისმა ვაჟებმა ქანაანის მიწაზე და მაქფელას მინდორში მდებარე გამოქვაბულში დამარხეს, იმ მინდორში, აბრაამმა რომ შეიძინა ხეთელი ეფრონისგან სამარხად, მამრეს წინ.+
14 დამარხა მამამისი და დაბრუნდნენ ეგვიპტეში იოსები, მისი ძმები და ყველა, ვინც გაჰყვა მას მამის დასამარხავად.
15 როცა იოსების ძმებმა დაინახეს, რომ მათი მამა მკვდარი იყო, თქვეს: „შეიძლება იოსებს ჩვენდამი მტრობა ჰქონდეს გულში+ და უეჭველად გადაგვიხდის სამაგიეროს ყველა იმ ბოროტებისთვის, რაც გავუკეთეთ“.+
16 ამიტომ ასეთი ბრძანება გადასცეს იოსებს: «მამაშენმა სიკვდილის წინ ბრძანება დატოვა,
17 ასე უთხარითო იოსებს: „გემუდარები, აპატიე შენს ძმებს+ მათი დანაშაული და ცოდვა, რადგან ბოროტება გაგიკეთეს“.+ აპატიე მამაშენის ღვთის მსახურებს დანაშაული».+ ატირდა იოსები, როცა ეს უთხრეს.
18 ამის შემდეგ მივიდნენ მისი ძმებიც, დაემხვნენ მის წინაშე და უთხრეს: „შენი მონები ვართ!“+
19 იოსებმა კი მიუგო: „ნუ გეშინიათ! ღმერთი ხომ არა ვარ?!+
20 თქვენ ჩემ წინააღმდეგ ბოროტება განიზრახეთ, ღმერთს კი ეს სასიკეთოდ ჰქონდა განზრახული, რათა ისე მომხდარიყო, როგორც დღეს არის, მრავალთა სიცოცხლის გადასარჩენად.+
21 ნუ გეშინიათ. მე მოგამარაგებთ საკვებით თქვენც და თქვენს ბავშვებსაც“.+ ასე ანუგეშა ისინი და დაამშვიდა.
22 ეგვიპტეში ცხოვრობდნენ იოსებიც და მამამისის სახლეულობაც. იოსებმა ას ათი წელი იცოცხლა.
23 იხილა იოსებმა ეფრემის ვაჟები, მესამე თაობა,+ აგრეთვე მენაშეს ვაჟის, მაქირის ვაჟები.+ იოსების კალთაზე დაიბადნენ ისინი.+
24 ბოლოს უთხრა იოსებმა თავის ძმებს: „ვკვდები, მაგრამ ღმერთი მოგხედავთ+ და წაგიყვანთ ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში, რომელსაც აბრაამს, ისაკსა და იაკობს აღუთქვა ფიცით“.+
25 დააფიცა იოსებმა ისრაელის ვაჟებს და უთხრა: „ღმერთი უეჭველად მოგხედავთ. როცა ეს მოხდება, წაიღეთ ჩემი ძვლები აქედან“.+
26 მოკვდა იოსები ას ათი წლის ასაკში. დააბალზამეს+ იგი და კუბოში ჩაასვენეს, ეგვიპტეში.
სქოლიოები
^ ნიშნავს ეგვიპტელთა გლოვას. მიცრაიმი ებრაულად ნიშნავს ეგვიპტელებს. იხილეთ 10:13.