დაბადება 7:1—24
7 ამის შემდეგ უთხრა იეჰოვამ ნოეს: „შედით კიდობანში შენ და შენი ოჯახი,+ რადგან დავინახე, რომ შენა ხარ მართალი ჩემ წინაშე ამ თაობაში.+
2 წმინდა ცხოველთაგან აიყვანე შვიდ-შვიდი, დედალ-მამალი,+ უწმინდურ ცხოველთაგან კი — მხოლოდ ორ-ორი, დედალ-მამალი.
3 ცის ფრინველთაგან შვიდ-შვიდი, დედალ-მამალი,+ რომ იცოცხლონ ამ ქმნილებებმა მთელი დედამიწის პირზე.+
4 შვიდი დღის შემდეგ ვაწვიმებ+ დედამიწაზე ორმოცი დღე და ორმოცი ღამე.+ აღვგვი მიწის პირიდან ყოველ არსებას, რომელიც შევქმენი“.+
5 ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც იეჰოვამ უბრძანა.
6 ექვსასი წლისა იყო ნოე, როცა წარღვნა მოხდა დედამიწაზე.+
7 შევიდნენ კიდობანში წარღვნის დაწყებამდე ნოე, მისი ვაჟები, მისი ცოლი და მისი ვაჟების ცოლები.+
8 ყოველ წმინდა და უწმინდურ ცხოველთაგან, ფრინველთაგან და ქვეწარმავალთაგან+
9 ორ-ორი შევიდა ნოესთან კიდობანში, დედალ-მამალი, სწორედ ისე, როგორც ღმერთმა უბრძანა ნოეს.
10 შვიდი დღის შემდეგ წარღვნა მოხდა დედამიწაზე.
11 ნოეს სიცოცხლის მეექვსასე წლის მეორე თვეს*, თვის მეჩვიდმეტე დღეს გადმოსკდა ვეებერთელა, ღრმა წყლის* სათავეები და გაიხსნა წყლის კარიბჭეები ცაში.+
12 თავსხმა მოდიოდა დედამიწაზე ორმოცი დღე და ორმოცი ღამე.+
13 იმ დღეს შევიდნენ კიდობანში ნოე და მისი ვაჟები — სემი, ქამი და იაფეთი,+ ნოეს ცოლი და მისი ვაჟების სამივე ცოლი;+
14 ყოველი გარეული და შინაური ცხოველი მათი გვარისდა მიხედვით,+ ყოველი ქვეწარმავალი* მათი გვარისდა მიხედვით,+ ყოველი ფრინველი* მათი გვარისდა მიხედვით,+ ყოველი ფრთოსანი.+
15 მოდიოდა ნოესთან კიდობანში წყვილ-წყვილად ყოველგვარი ხორციელი, რასაც სასიცოცხლო ძალა ჰქონდა;+
16 და შევიდა დედალ-მამალი ყოველგვარი ხორციელიდან, სწორედ ისე, როგორც ღმერთმა უბრძანა მას. შევიდა ისიც და დაკეტა იეჰოვამ კარი.+
17 ორმოცი დღე გრძელდებოდა წარღვნა დედამიწაზე. იმატა წყალმა, აიწია კიდობანი და მაღლა, მიწის ზემოთ დაიწყო ტივტივი.
18 იმძლავრა წყალმა დედამიწაზე, მატულობდა და მატულობდა, კიდობანი კი წყლის ზედაპირზე მიცურავდა.+
19 ისე იმძლავრა წყალმა დედამიწაზე, რომ დაფარა+ ყველა მაღალი მთა ცისქვეშეთში;
20 მათ ზემოთ თხუთმეტი წყრთით აიწია წყალმა და დაფარა მთები.+
21 მოისპო ყოველი ხორციელი:+ ქვეწარმავლები, ფრინველები, შინაური და გარეული ცხოველები, მიწაზე მოფუთფუთე ქმნილებები და მთელი კაცობრიობა.+
22 მოისპო ყოველივე, რაც სუნთქავდა, რასაც სასიცოცხლო ძალა ჰქონდა — ყოველივე, რაც ხმელეთზე იყო.+
23 ასე აღგავა მან ყოველი არსება მიწის პირიდან — ადამიანებიც და შინაური ცხოველებიც, ქვეწარმავლებიც* და ცის ფრინველებიც. აღიგავნენ ისინი მიწის პირიდან.+ გადარჩნენ მხოლოდ ნოე და კიდობანში მასთან ერთად მყოფნი.+
24 ას ორმოცდაათ დღეს მძლავრობდა წყალი დედამიწაზე.
სქოლიოები
^ ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ იეჰოვას მიერ ებრაელებისთვის მიცემული წმინდა კალენდრის მიხედვით ეს თვე, ბული, მერვე თვე იყო. იხილეთ დანართი 6ბ.
^ გამოთქმა „ღრმა წყალი“ გულისხმობს წყლის დიდ მასას ატმოსფეროში, რაც 1:6, 7-ში აღწერილია როგორც „წყლები სივრცის ზევით“.
^ იხილეთ 1:20-ის სქოლიო.
^ იხილეთ 1:24-ის სქოლიო.
^ იხილეთ 1:24-ის სქოლიო.