დანიელი 11:1—45
11 „დარიოს მიდიელის+ მეფობის პირველ წელს განმამტკიცებლად და სიმაგრედ ვედექი მას.
2 ჭეშმარიტებას გეტყვი:+
აი, კიდევ სამი მეფე აღსდგება სპარსეთში+ და მეოთხე+ ყველა დანარჩენზე მეტ სიმდიდრეს დააგროვებს.+ როგორც კი სიმდიდრით გაძლიერდება, ყველაფერს საბერძნეთის+ სამეფოს წინააღმდეგ აამხედრებს.
3 ძლიერი მეფე აღსდგება, დიდი ძალაუფლებით იმმართველებს+ და თავისი ნებისამებრ მოიქცევა.+
4 მისი აღზევების შემდეგ+ დაიშლება მისი სამეფო და ზეცის+ ოთხი ქარის+ მიმართულებით დაიყოფა, არც მის შთამომავლობას გადაეცემა+ და არც მისნაირი ძალაუფლებით იმმართველებენ; ამოიძირკვება მისი სამეფო, რათა სხვების გახდეს და არა მათი.
5 გაძლიერდება სამხრეთის მეფე, მისი ერთ-ერთი მთავარი. ის გაიმარჯვებს მასზე და უფრო მეტი ძალაუფლებით იმმართველებს.
6 რამდენიმე წლის შემდეგ ისინი ერთმანეთის მოკავშირენი გახდებიან. სამხრეთის მეფის ასული ჩრდილოეთის მეფესთან მივა ხელშეკრულების დასადებად, მაგრამ ვერ შეინარჩუნებს თავისი მკლავის ძალას.+ ვერც ის გაძლებს და ვერც მისი მკლავი. ეს ასული სხვების ხელში ჩავარდება — ის და მისი მხლებლები, მისი მშობელი და ის, ვინც მაშინ გააძლიერა იგი.
7 მისი ფესვის ერთ-ერთი ამონაყარი+ დადგება მის ადგილზე, ჯართან მივა და ჩრდილოეთის მეფის სიმაგრის წინააღმდეგ გაილაშქრებს. მათ წინააღმდეგ იმოქმედებს და გაიმარჯვებს.
8 მათი ღმერთებით,+ ქანდაკებებით, ოქრო-ვერცხლის ძვირფასი ნივთებითა და ტყვეებით მივა ეგვიპტეში. რამდენიმე წელიწადს თავს შორს დაიჭერს ჩრდილოეთის მეფისგან.
9 ის მივა სამხრეთის მეფის სამეფოში, მერე კი დაუბრუნდება თავის მიწას.
10 მოემზადებიან მისი ვაჟები და დიდ ჯარს შეკრებენ. ის მივა, წინ წაიწევს, წალეკავს და გადაუვლის, მაგრამ დაბრუნდება და ბრძოლა-ბრძოლით მივა თავის სიმაგრემდე.
11 გამწარდება სამხრეთის მეფე, გამოვა და შეებრძოლება მას, ჩრდილოეთის მეფეს. ის დიდძალ ხალხს გამოიყვანს, მაგრამ ეს ხალხი იმ პირველს ჩაუვარდება ხელში.+
12 წაყვანილი იქნება ხალხი. ის გადიდგულდება+ და ათობით ათასს დასცემს; მაგრამ თავის ძალაუფლებას აღარ გამოიყენებს.
13 დაბრუნდება ჩრდილოეთის მეფე და უფრო მეტ ხალხს გამოიყვანს, ვიდრე პირველად, და რამდენიმე ხანში, რამდენიმე წელიწადში, მოვა დიდი ჯარითა+ და დიდძალი ქონებით.+
14 იმ დროს ბევრი აღსდგება სამხრეთის მეფის წინააღმდეგ.
თან გაჰყვებიან ყაჩაღების ვაჟები შენი ხალხიდან, რათა შეეცადონ ხილვის ასრულებას,+ მაგრამ წაბორძიკდებიან.+
15 მოვა ჩრდილოეთის მეფე, მიწაყრილს+ გააკეთებს და აიღებს გამაგრებულ ქალაქს. ვერ გაუძლებს სამხრეთის მკლავები, ვერც მისი რჩეული ხალხი; არ ექნებათ ძალა გასაძლებად.
16 მის წინააღმდეგ გამოსული თავის ნებისამებრ მოიქცევა და ვერავინ აღუდგება წინ. ის დადგება მშვენების*+ ქვეყანაში და შემუსვრა იქნება მის ხელში.+
17 პირს იბრუნებს,+ რომ მთელი თავისი სამეფოს ძლიერებით მივიდეს. ხელშეკრულებას+ დადებენ მასთან. ის წარმატებით იმოქმედებს.+ ქალთა ასული მიეცემა მას დასაღუპავად. ვერ გაუძლებს ის და მისი აღარ იქნება.+
18 პირს ზღვისპირეთისკენ იბრუნებს+ და მრავალს დაიპყრობს. ერთი მეთაური თავის შეურაცხყოფას შეაწყვეტინებს მას, რათა მეტად აღარ შეურაცხყოს; მასვე დაუბრუნებს შეურაცხყოფას.
19 პირს იბრუნებს თავისი ქვეყნის სიმაგრეებისკენ, წაიბორძიკებს, დაეცემა და აღარ იქნება.+
20 მის ადგილზე დადგება ის,+ ვინც გადასახადების ამკრეფს+ დიდებულ სამეფოში მოატარებს. განადგურდება ის რამდენიმე დღეში, მაგრამ არა რისხვით და არა ბრძოლის დროს.
21 მის ადგილზე დადგება ის, ვისაც მოიძულებენ.+ არ მისცემენ მას სამეფო დიდებას. უზრუნველობის დროს მოვა+ და მლიქვნელობით ჩაიგდებს ხელში სამეფოს.+
22 მის გამო წაილეკება და განადგურდება+ წამლეკავი ჯარები;+ იგივე+ დაემართება შეთანხმების+ წინამძღოლსაც.+
23 ისინი მისი მოკავშირეები გახდებიან, ამიტომ ის მზაკვრულად იმოქმედებს, აღზევდება და მცირეოდენი ხალხი გააძლიერებს.+
24 უზრუნველობის დროს+ იმ სამთავროს საუკეთესო ნაწილში შევა და იმას გააკეთებს, რაც არც მის მამებსა და არც მისი მამების მამებს არ გაუკეთებიათ. ნაძარცვს, ნადავლსა და ქონებას გაფანტავს მათ შორის. გამაგრებული ადგილების წინააღმდეგ განიზრახავს ბოროტებას,+ მაგრამ მხოლოდ გარკვეულ დრომდე.
25 ის აღძრავს თავის ძალასა და გულს სამხრეთის მეფის წინააღმდეგ და დიდი ჯარით გამოვა. სამხრეთის მეფე კი საბრძოლველად აღსდგება უდიდესი და უძლიერესი ჯარით. ის ვერ გაძლებს, რადგან ისინი მის წინააღმდეგ განიზრახავენ ბოროტებას.
26 მისი ნუგბარის მჭამელები დააქცევენ მას.
მისი ჯარი წაილეკება და მრავალი დაეცემა მოკლული.
27 გულში ბოროტება ექნება ამ ორ მეფეს და ერთ მაგიდასთან+ სიცრუეს ილაპარაკებენ,+ მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწევენ,+ რადგან აღსასრული ჯერ კიდევ დანიშნული დროისთვისაა.+
28 დიდძალი ქონებით დაბრუნდება ის თავის ქვეყანაში. გული წმინდა შეთანხმების+ წინააღმდეგ გაუწევს. წარმატებით იმოქმედებს+ და დაბრუნდება თავის ქვეყანაში.
29 დანიშნულ დროს+ ის უკან დაბრუნდება და სამხრეთის წინააღმდეგ გაილაშქრებს,+ მაგრამ ამჯერად ისე არ იქნება, როგორც პირველად.
30 მის წინააღმდეგ გამოვა ქითიმის+ ხომალდები და დამწუხრდება იგი.
ის დაბრუნდება, რისხვას გადმოანთხევს+ წმინდა შეთანხმებაზე+ და წარმატებით იმოქმედებს. ის დაბრუნდება და ყურადღებას მიაქცევს წმინდა შეთანხმების მიმტოვებლებს.
31 მისგან აღსდგებიან მკლავები, შებღალავენ საწმინდარს,+ სიმაგრეს, და შეწყვეტენ მუდმივ მსხვერპლს.+
ისინი ფეხზე წამოაყენებენ+ გამაპარტახებელ სისაძაგლეს.+
32 ის პირფერული სიტყვებით+ განდგომილებამდე+ მიიყვანს მათ, ვინც ბოროტად მოქმედებს შეთანხმების+ წინააღმდეგ. ხალხი კი, რომელიც იცნობს თავის ღმერთს,+ გაიმარჯვებს+ და წარმატებით იმოქმედებს.
33 ხალხს შორის წვდომის უნარიანნი+ მრავალს შეაგონებენ.+ მათ მახვილი, ცეცხლის ალი, ტყვეობა და ძარცვა+ დააბრკოლებს რამდენიმე დღეს.
34 როცა დაბრკოლდებიან, მცირეოდენ დახმარებას მიიღებენ.+ მრავალი ადამიანი მლიქვნელობით შეუერთდება მათ.+
35 წვდომის უნარიანთაგან ზოგიერთი დაბრკოლდება,+ რათა მათ გამო მოხდეს გამობრძმედა, განწმენდა და გათეთრება+ აღსასრულის დრომდე,+ რადგან ის ჯერ კიდევ დანიშნული დროისთვისაა.+
36 თავისი ნებისამებრ მოიქცევა მეფე, ყველა ღმერთზე აიმაღლებს და განიდიდებს თავს.+ ღმერთთა ღმერთის+ წინააღმდეგაც წარმოუდგენელ რამეს ილაპარაკებს. წარმატება ექნება რისხვის დასასრულამდე,+ რადგან უნდა მოხდეს ის, რაც გადაწყვეტილია.
37 არ მიაქცევს ყურადღებას თავისი მამების ღმერთს; არც ქალების სურვილს მიაქცევს ყურადღებას და არც სხვა ღმერთებს, ყველაზე მაღლა საკუთარ თავს დააყენებს.+
38 სიმაგრის ღმერთს კი განადიდებს თავისი ტახტიდან, იმ ღმერთს, რომელსაც არ იცნობდნენ მისი მამები, ოქრო-ვერცხლით, ძვირფასი ქვებითა და სხვა ძვირფასეულობით განადიდებს მას.
39 ის წარმატებით იმოქმედებს უცხო ღვთის წყალობით ყველაზე მეტად გამაგრებული ციხესიმაგრეების წინააღმდეგ. დიდებას შემატებს იმას, ვინც მას აღიარებს, და მრავალთა მმართველად დააყენებს. საფასურის სანაცვლოდ დაუნაწილებს მიწას.
40 უკანასკნელ დროს სამხრეთის მეფე+ შეუტევს მას, ჩრდილოეთის მეფე კი ეტლებით, მხედრებითა და მრავალი ხომალდით შეებმება. ის შევა ქვეყნებში, წალეკავს და გადაუვლის.
41 ის შევა+ მშვენების ქვეყანაშიც,+ ბევრი ქვეყანა დაბრკოლდება.+ მისი ხელიდან ედომი, მოაბი+ და ამონის ძეების მთავარი ნაწილი დააღწევს თავს.
42 ის ხელს გაიწვდის ქვეყნების წინააღმდეგ. ეგვიპტე+ თავს ვერ დააღწევს მას.
43 იბატონებს ოქრო-ვერცხლის დამალულ საგანძურზე და ეგვიპტის მთელ ძვირფასეულობაზე. ლიბიელები და ეთიოპები ფეხდაფეხ გაჰყვებიან მას.
44 მზის ამოსავლიდან+ და ჩრდილოეთიდან მოსული ამბები შეაძრწუნებს+ მას და ის დიდი რისხვით გამოვა, რათა მოსპოს და გაანადგუროს მრავალი.+
45 თავის სამეფო კარვებს დიდ ზღვასა და მშვენების წმინდა მთას შორის გაშლის;+ მიაღწევს თავის აღსასრულს+ და არავინ ეყოლება მშველელი“.+
სქოლიოები
^ ამ თავში ეს სიტყვა გამოყენებულია, როგორც სახელწოდება.