დანიელი 6:1—28
6 დარიოსმა საჭიროდ ჩათვალა, სამეფოში ას ოცი სატრაპი დაეყენებინა, რომლებსაც მთელი სამეფო უნდა განეგოთ;+
2 დაუყენა მათ სამი უმაღლესი მოხელე — რომელთაგანაც ერთ-ერთი დანიელი იყო+ — რათა სატრაპებს+ მათთვის ჩაებარებინათ ანგარიში და არ ეზარალა მეფეს.+
3 დანიელი გამოირჩეოდა+ უმაღლეს მოხელეებსა და სატრაპებს შორის, რადგან საკვირველი სული იყო მასში.+ მეფეს განზრახული ჰქონდა, დაეწინაურებინა იგი და მთელ სამეფოზე დაეყენებინა.
4 ამ დროს უმაღლესი მოხელეები და სატრაპები გამუდმებით ეძებდნენ საბაბს, რომ დანიელისთვის ბრალი დაედოთ სამეფოს მართვის საქმეში,+ მაგრამ ვერც საბაბს პოულობდნენ და ვერც რაიმე დანაშაულს, რადგან ის სანდო იყო და დაუდევრობა და დანაშაული არ იყო მასში.+
5 ბოლოს ამ კაცებმა თქვეს: ვერ მოვუძებნითო დანიელს ვერანაირ საბაბს, თუ მისი საწინააღმდეგო მისივე ღვთის კანონში არ მოვძებნეთ.+
6 მიცვივდნენ უმაღლესი მოხელეები და სატრაპები მეფესთან+ და უთხრეს: „მარადიულად იცოცხლე, მეფე დარიოს!+
7 სამეფოს ყველა უმაღლესმა მოხელემ, გამგებლებმა, სატრაპებმა, სამეფო კარის უმაღლესმა მოხელეებმა და მმართველებმა მოითათბირეს, რომ დაედგინათ სამეფო წესი+ და გაეცათ ბრძანება, რომ ვინც ოცდაათი დღის განმავლობაში რომელიმე ღმერთს ან კაცს მიმართავს თხოვნით შენ გარდა, მეფეო, ლომების ხაროში ჩააგდონ.+
8 ახლა, მეფეო, დაადგინე წესი და ხელი მოაწერე ამ საბუთს,+ რათა უცვლელი იყოს სპარსელებისა და მიდიელების კანონისამებრ,+ რომლის გაუქმებაც არ შეიძლება“.+
9 მეფე დარიოსმაც ხელი მოაწერა საბუთსა და ბრძანებას.+
10 დანიელი კი ამ საბუთის ხელმოწერის ამბის გაგებისთანავე შევიდა თავის სახლში, ზემოთა ოთახში, საიდანაც ღია სარკმლები იერუსალიმს გაჰყურებდა.+ დღეში სამჯერ+ იყრიდა ის მუხლს, ლოცულობდა+ და ხოტბას ასხამდა თავის ღმერთს,+ რასაც მანამდეც გამუდმებით აკეთებდა.+
11 ამ დროს ის კაცები შიგნით შეცვივდნენ და ნახეს, რომ დანიელი თავის ღმერთს ევედრებოდა და წყალობას სთხოვდა.+
12 მივიდნენ ისინი მეფესთან და ჰკითხეს მეფის ბრძანების შესახებ: „შენ არ მოაწერე ხელი ბრძანებას, რომ ვინც ოცდაათი დღის განმავლობაში რომელიმე ღმერთს ან კაცს მიმართავს თხოვნით შენ გარდა, მეფეო, ლომების ხაროში ჩააგდონ?!“+ მეფემ მიუგო: „ეს საქმე დამტკიცებულია მიდიელებისა და სპარსელების კანონით, რომლის გაუქმება არ შეიძლება“.+
13 მაშინვე უთხრეს მეფეს: „დანიელი,+ იუდადან გადმოსახლებულთაგანი,+ შენც არაფრად გაგდებს, მეფეო, და შენ მიერ ხელმოწერილ ბრძანებასაც. დღეში სამჯერ მიმართავს თავის ღმერთს“.+
14 არ ესიამოვნა მეფეს ამ სიტყვის მოსმენა+ და გადაწყვიტა, ეხსნა დანიელი;+ მზის ჩასვლამდე ცდილობდა მის დახსნას.
15 ბოლოს ის კაცები მეფესთან მიცვივდნენ და უთხრეს მეფეს: „ნუ დაივიწყებ, მეფეო, რომ მიდიელებისა და სპარსელების კანონით, არ შეიძლება მეფის დადგენილი ბრძანებისა+ და წესის შეცვლა“.+
16 მაშინ მეფის ბრძანებისამებრ მოიყვანეს დანიელი და ლომების ხაროში ჩააგდეს.+ უთხრა მეფემ დანიელს: „გიხსნის შენი ღმერთი, რომელსაც გამუდმებით ემსახურები“.+
17 მოიტანეს ლოდი და დააფარეს ხაროს პირს და დაბეჭდა ის მეფემ თავისი და დიდგვაროვნების ბეჭდებით, რათა არაფერი შეცვლილიყო დანიელისთვის.+
18 შევიდა მეფე თავის სასახლეში და ღამე მარხვაში გაატარა.+ არ დაუკრავთ მის წინაშე არანაირი მუსიკალური საკრავი, ძილიც არ მიჰკარებია მას.+
19 დილით, განთიადისას ადგა მეფე და ლომების ხაროსკენ გაემართა.
20 მივიდა მეფე ხაროსთან და ნაღვლიანი ხმით ჩასძახა დანიელს: „დანიელ, ცოცხალი ღვთის მსახურო, შეძლო შენმა ღმერთმა, რომელსაც გამუდმებით ემსახურები,+ ლომებისგან შენი დახსნა?“+
21 დანიელმა მაშინვე მიუგო მეფეს: „მარადიულად იცოცხლე, მეფეო!
22 ჩემმა ღმერთმა+ თავისი ანგელოზი გამოგზავნა+ და ლომებს პირი აუკრა.+ მათ არაფერი დაუშავებიათ ჩემთვის, რადგან სუფთა აღმოვჩნდი მის წინაშე და,+ მეფეო, შენ წინაშეც ცუდი არაფერი გამიკეთებია“.+
23 დიდად გაიხარა მეფემ+ და ბრძანა, დანიელი ხაროდან ამოეყვანათ. ამოიყვანეს დანიელი ხაროდან. უვნებელი იყო იგი, რადგან თავის ღმერთს ენდობოდა.+
24 მეფის ბრძანებით, მოიყვანეს ის კაცები, დანიელს რომ ბრალი დასდეს,+ და ჩაყარეს ლომების ხაროში+ თავიანთ ცოლ-შვილთან ერთად;+ ვიდრე ხაროს ძირამდე ჩააღწევდნენ, ეცნენ მათ ლომები და ყველა ძვალი გადაუმტვრიეს.+
25 მაშინ მეფე დარიოსმა დედამიწის ყველა ხალხს, ერსა და ენას მისწერა:+ „მშვიდობა გაგიმრავლდეთ!+
26 ვბრძანებ,+ რომ ჩემი სამეფოს ყველა მხარეში ცახცახებდეს ხალხი და ეშინოდეს დანიელის ღვთისა,+ რადგან ის არის ცოცხალი და მარადიული ღმერთი.+ მისი სამეფო+ არ დაიქცევა,+ მისი მეფობა მარადიულია.+
27 ის იხსნის+ და გადაარჩენს, ნიშნებსა და საკვირველებებს ახდენს ცაში+ და დედამიწაზე.+ მან იხსნა დანიელი ლომის ტორებიდან“.
28 დანიელი წარმატებული იყო დარიოსის სამეფოში+ და სპარსელი კიროსის სამეფოში.+