ებრაელები 10:1—39
10 კანონი მომავალ კურთხევათა ჩრდილია+ და არა თვით ეს კურთხევა და ამიტომ შეუძლებელია იგივე მსხვერპლმა, რომელსაც ყოველწლიურად გამუდმებით სწირავენ, სრულყოფილი გახადოს მასთან მისულები.+
2 სხვაგვარად, განა არ შეწყდებოდა მსხვერპლის შეწირვა, თუ წმინდა მსახურების შემსრულებელნი ერთხელ და სამუდამოდ განიწმინდებოდნენ და ცოდვის შეგნება აღარ ექნებოდათ?+
3 მაგრამ ეს მსხვერპლი ცოდვების ყოველწლიური შეხსენებაა,+
4 რადგან ხარებისა და თხების სისხლით შეუძლებელია ცოდვების წაშლა.+
5 ამიტომ ქვეყნიერებაში მოსვლისას ის ამბობს: «„მსხვერპლი და შესაწირავი არ ისურვე,+ მაგრამ სხეული გამიმზადე.+
6 არ მოიწონე მთლიანად დასაწვავი შესაწირავი და ცოდვის შესაწირავი“.+
7 მაშინ მე ვთქვი: „აი, მოვედი (ჩემ შესახებ გრაგნილზე წერია)+ შენი ნების შესასრულებლად, ღმერთო“».+
8 ზემოთ თქვა: „არ ისურვე და არ მოიწონე მსხვერპლი, შესაწირავი, მთლიანად დასაწვავი შესაწირავი და ცოდვის შესაწირავი“,+ რომლებსაც კანონის თანახმად სწირავენ.+
9 შემდეგ კი ამბობს: „აი, მოვედი შენი ნების შესასრულებლად“.+ ის აუქმებს პირველს, რათა დაამტკიცოს მეორე.+
10 ამ ნებით+ ვართ განწმენდილნი+ იესო ქრისტეს სხეულის მხოლოდ ერთხელ+ შეწირვით.+
11 ყოველი მღვდელი ყოველდღე+ თავის ადგილას დგას,+ რომ ხალხს ემსახუროს და მრავალჯერ შესწიროს იგივე მსხვერპლი, რადგან ისინი სრულად ვერასოდეს წაშლიან ცოდვებს.+
12 მან კი სამუდამოდ+ შესწირა ერთი მსხვერპლი ცოდვებისთვის და ღვთის მარჯვნივ დაჯდა.+
13 მას შემდეგ ელის იმ დროს, როცა მისი მტრები მის ფეხსადგამად იქცევიან.+
14 მან ერთი შესაწირავით+ სამუდამოდ სრულყოფილი გახადა+ ისინი, ვინც წმინდავდებიან.
15 გარდა ამისა, წმინდა სულიც+ გვიმოწმებს, რადგან ამის შემდეგ ამბობს:
16 „ეს არის შეთანხმება, რომელსაც დავუდებ მათ იმ დროის შემდეგ, — ამბობს იეჰოვა, — ჩემს კანონებს გულებში ჩავუდებ და გონებაში ჩავუწერ“.+
17 შემდეგ კი ამბობს: „აღარ გავიხსენებ მათ ცოდვებსა და უკანონობას“.+
18 სადაც ცოდვების მიტევებაა,+ იქ საჭირო აღარ არის ცოდვის შესაწირავი.+
19 ამიტომ, ძმებო, რადგან გამბედაობა გვაქვს იესოს სისხლის მეშვეობით წმინდა ადგილზე+ შესასვლელად+
20 ახალი და ცოცხალი გზით, რომელიც მან გაგვიხსნა ფარდით,+ ანუ თავისი ხორცით,+
21 და რადგან გვყავს დიდი მღვდელი ღვთის სახლზე,+
22 მივუახლოვდეთ წრფელი გულით და სრული რწმენით, სხურებით გულგაწმენდილნი ბოროტი სინდისისგან+ და სუფთა წყლით სხეულგანბანილნი.+
23 მტკიცედ და უყოყმანოდ+ განვაგრძოთ ჩვენი იმედის+ სახალხოდ გაცხადება, რადგან ერთგულია+ ის, ვინც დაგვპირდა.
24 ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ+ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის.+
25 ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს,+ როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ გავამხნეოთ+ ერთმანეთი და მით უფრო მეტად, რაც უფრო ვხედავთ იმ დღის მოახლოებას.+
26 თუ ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნის+ მიღების შემდეგ კვლავ შეგნებულად+ ვცოდავთ, აღარ რჩება მსხვერპლი ცოდვებისთვის,+
27 არამედ სასამართლოს შიშის+ მომგვრელი მოლოდინი და რისხვის ცეცხლი, რომელიც მზად არის მოწინააღმდეგეების გასანადგურებლად.+
28 ვინც არაფრად აგდებს მოსეს კანონს, დაუნდობლად ისჯება სიკვდილით, როცა ორი ან სამი კაცი მოწმობს მის წინააღმდეგ.+
29 როგორ ფიქრობთ, რამდენად უფრო მკაცრ სასჯელს დაიმსახურებს ის,+ ვინც გათელა+ ღვთის ძე და სათანადოდ არ დააფასა შეთანხმების სისხლი,+ რომლითაც განიწმინდა, და ვინც ზიზღით შეურაცხყო წყალობის სული?+
30 ჩვენ ვიცნობთ მას, ვინც თქვა: „ჩემია შურისძიება, მე მივუზღავ“.+ და კიდევ: „იეჰოვა გაასამართლებს თავის ხალხს“.+
31 საშინელებაა ცოცხალი ღვთის ხელში ჩავარდნა.+
32 გახსოვდეთ წინანდელი დღეები: მას შემდეგ, რაც განათლდით,+ დიდ ბრძოლას გაუძელით, როცა მრავალი ტანჯვა გამოიარეთ;+
33 ხან საყვედურებსა და გასაჭირში იყავით როგორც სანახაობა+ სხვებისთვის, ხანაც მათ ედექით მხარში, ვინც ეს გადაიტანა.+
34 პატიმრებსაც თანაუგრძნობდით და თქვენი ქონების დატაცებასაც+ სიხარულით იტანდით, რადგან იცოდით, რომ უკეთესი და უხრწნელი საკუთრება გაქვთ.+
35 ამიტომ, ნუ შეწყვეტთ თამამად ლაპარაკს,+ რასაც დიდი ჯილდო+ მოაქვს.
36 მოთმინება გჭირდებათ,+ რომ შეასრულოთ ღვთის ნება+ და მიიღოთ დანაპირები,+
37 რადგან „სულ ცოტაც“+ და „მოვა ის, ვინც მოდის, არ დააყოვნებს“.+
38 „ხოლო მართალი რწმენით იცოცხლებს“+ და „თუ უკან დაიხევს, ჩემი სული* არ მოიწონებს მას“.+
39 ჩვენ იმათ არ ვგავართ, ვინც უკან იხევს დასაღუპავად,+ არამედ რწმენა გვაქვს სულის ცოცხლად შესანარჩუნებლად.+
სქოლიოები
^ ბერძნულად ფსიქე. იხილეთ დანართი 2ა.