ეზეკიელი 24:1—27
24 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა მეცხრე წლის მეათე თვის მეათე დღეს:
2 «კაცის ძეო, დაწერე შენთვის ამ დღის, სწორედ ამ დღის სახელი; სწორედ ამ დღეს შეუტია ბაბილონის მეფემ იერუსალიმს.+
3 შეთხზე იგავი ამ ურჩ სახლზე+ და თქვი მასზე,
აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „დადგი ფართოპირიანი ქვაბი, დადგი და წყალი ჩაასხი მასში.+
4 ჩააწყვე მასში ნაჭრები,+ საუკეთესო ნაჭრები, ბარძაყი და ბეჭი, და საუკეთესო ძვლებით გაავსე ის.
5 აიღე საუკეთესო ცხვარი,+ ქვემოდან კუნძები შემოუწყვე და ხარშე მისი ნაჭრები და ძვლები“».+
6 «აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ვაი სისხლისმღვრელ ქალაქს,+ ფართოპირიან ქვაბს, რომელსაც ჟანგი აქვს მოდებული, არ მოსცილებია ის! სათითაოდ ამოიღე იქიდან ნაჭრები,+ წილს ნუ ყრი მათზე.+
7 მასშია მისი სისხლი;+ პიტალო კლდეზე დაღვარა ის; მიწაზე არ დაუღვრია, მტვრით რომ არ დაეფარა.+
8 რისხვა რომ აღმეძრა შურისძიებისთვის,+ პიტალო კლდეზე დავტოვე მისი სისხლი, რომ არ დაფარულიყო ის“.+
9 ამიტომ, აი რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „ვაი სისხლისმღვრელ ქალაქს!+ თავად მე გავაჩაღებ დიდ კოცონს;+
10 მოაგროვე ბევრი კუნძი, დაანთე ცეცხლი და კარგად მოხარშე ხორცი; გადმოასხი ხორცის ნახარში, ძვლები კი ჩახრაკე.
11 ცარიელი დატოვე ის ნაკვერჩხლებზე, რომ გახურდეს. გაცხელდება სპილენძი და გადნება მასში მისი სიბინძურე.+ გაქრეს მისი ჟანგი!+
12 წვალებაა! ღლის ის მას, მაგრამ დიდი ჟანგი მაინც არ ეცლება.+ ცეცხლში ჩააგდონ თავის ჟანგიანად!“
13 თავაშვებულობა იყო შენს სიბინძურეში;+ ამიტომაც გაგწმინდე, მაგრამ არ გასუფთავდი შენი სიბინძურისგან.+ მეტად აღარ გასუფთავდები, სანამ ჩემს რისხვას არ დავაცხრობ შენზე.+
14 მე, იეჰოვა ვამბობ ამას.+ ეს მოხდება+ და მე ვიმოქმედებ. არ გადავიფიქრებ,+ არ შეგიბრალებ+ და არც დამენანები.+ შენი გზებისამებრ და შენი საქმეებისამებრ გაგასამართლებენ ისინი,+ — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა».
15 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა:
16 „კაცის ძეო, დავკრავ+ და წაგართმევ იმას, რაც ძვირფასია შენს თვალში;+ მკერდში ნუ იცემ, ნუ იტირებ და ცრემლებს ნუ დაღვრი.+
17 უსიტყვოდ ოხრავდე, გლოვა არ გამართო მკვდრისთვის,+ თავსაბურავი წაიკარი თავზე+ და სანდლები ჩაიცვი ფეხზე,+ არ დაიფარო ულვაშები+ და არ შეჭამო კაცების მოცემული პური“.+
18 დილით ხალხს ველაპარაკე, საღამოს კი მოკვდა ჩემი ცოლი. დილით ისე მოვიქეცი, როგორც ნაბრძანები მქონდა.
19 მეკითხებოდა ხალხი, არ გვეტყვი, რას ნიშნავსო ჩვენთვის ის, რასაც შენ აკეთებ?+
20 ვუთხარი მათ, გამომეცხადა-მეთქი იეჰოვას სიტყვა:
21 «უთხარი ისრაელის სახლს, აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: „აი შევბღალავ ჩემს საწმინდარს,+ თქვენს საამაყო ძლიერებას,+ იმას, რაც ძვირფასია თქვენს თვალში,+ რასაც თქვენი სულები თანაუგრძნობენ, თქვენს ვაჟებსა და ასულებს, რომლებიც დატოვეთ — მახვილით დაეცემიან ისინი.+
22 თქვენც ჩემსავით მოიქცევით. ულვაშებს არ დაიფარავთ+ და კაცების მოცემულ პურს არ შეჭამთ.+
23 თავზე თავსაბურავები გეფარებათ და ფეხზე სანდლები გეცმევათ. მკერდში არ იცემთ და არ იტირებთ,+ დალპებით თქვენს დანაშაულში+ და კვნესით შესჩივლებთ ერთმანეთს.+
24 ნიშნად+ იქცა ეზეკიელი თქვენთვის. იმავეს გააკეთებთ, რასაც ის აკეთებს. როცა ეს მოხდება,+ გაიგებთ, რომ მე ვარ უზენაესი უფალი იეჰოვა“».+
25 „შენ, კაცის ძეო, იმ დღეს, როცა წავართმევ მათ სიმაგრეს, მშვენებას, რომელიც მათ ახარებს, იმას, რაც ძვირფასია მათ თვალში,+ და მათი სულის საწადელს, მათ ვაჟებსა და ასულებს,+
26 იმ დღეს განა არ მოვა შენთან გადარჩენილი ამის შესატყობინებლად?!+
27 იმ დღეს გაიხსნება შენი ბაგე გადარჩენილისთვის,+ ილაპარაკებ და აღარ დადუმდები.+ ნიშნად იქცევი+ მათთვის, და გაიგებენ, რომ მე ვარ იეჰოვა“.+