ეზეკიელი 27:1—36
27 კვლავ გამომეცხადა იეჰოვას სიტყვა,
2 კაცის ძეო, სამგლოვიარო სიმღერა+ იმღერე ტვიროსზე
3 და უთხარიო ტვიროსს,
შენ, ზღვის შესასვლელებთან მცხოვრებო,+ ხალხებთან მოვაჭრე ქალო, მრავალ კუნძულთან მოვაჭრევ,+ აი რას ამბობს-თქო უზენაესი უფალი იეჰოვა: «ტვიროსო, შენ თქვი, სრულყოფილად ლამაზი ვარო.+
4 ზღვის გულში გაქვს სამფლობელოები.+ შენმა მშენებლებმა სრულყვეს შენი სილამაზე.+
5 სენირიდან+ წამოღებული ღვიისგან გააკეთეს შენი ფიცრები; ლიბანის+ კედარი აიღეს და ანძა გაგიკეთეს;
6 ბაშანის დიდი ხეებისგან გაგიკეთეს ნიჩბები, ქითიმის+ კუნძულებიდან მოტანილი სპილოს ძვლისა და კვიპაროსისგან — ცხვირი;
7 ეგვიპტური ფერადი სელისა+ იყო შენი გაშლილი აფრები; ელიშას+ კუნძულებიდან მოტანილი ლურჯი ძაფისა+ და მოშინდისფრო შალისგან+ იყო გაკეთებული გემბანზე შენი საფარი.
8 სიდონისა+ და არვადის+ მკვიდრნი იყვნენ შენი მენიჩბეები. შენში იყვნენ შენი ოსტატები,+ ტვიროსო, ისინი იყვნენ შენი მეზღვაურები.+
9 გებალის+ მოხუცებულები და მისი ოსტატები შენს ღარებს გმანავდნენ.+ შენში იყო ზღვის ყველა ხომალდი მეზღვაურებითურთ სავაჭრო საქონლის გადასაცვლელ-გადმოსაცვლელად.
10 სპარსელები,+ ლუდიმები+ და ფუტელები+ მეომრებად გყავდა ჯარში; ფარსა და მუზარადს გკიდებდნენ ისინი;+ მათ შეგძინეს ბრწყინვალება.
11 არვადის+ ძეები შენს ჯართან ერთად იყვნენ შენს გალავანზე ირგვლივ, მამაცი ვაჟკაცები გყავდა კოშკებზე. თავიანთ მრგვალ ფარებს ჰკიდებდნენ შენს გალავანზე ირგვლივ.+ მათ სრულყვეს შენი სილამაზე.
12 შენთან ვაჭრობდა თარშიში+ დოვლათის სიუხვის გამო;+ მისი ვერცხლის, რკინის, კალისა და ტყვიის სანაცვლოდ იძლეოდი შენს საქონელს.+
13 იავანი,+ თუბალი+ და მეშექი+ ვაჭრობდნენ შენთან. ადამიანებისა*+ და სპილენძის ნივთების სანაცვლოდ იძლეოდი შენს საქონელს.
14 თოგარმას+ სახლიდან მოგყავდა ცხენები, ბედაურები და ჯორები, რომელთა სანაცვლოდაც იძლეოდი შენს საქონელს.
15 დედანის+ ძეები ვაჭრობდნენ შენთან. მრავალი კუნძული შენთვის ვაჭრობდა; სპილოს ძვალი+ და აბანოზი მოჰქონდათ შენთვის ძღვნად.
16 შენთან ვაჭრობდა ედომი შენი ნახელავის სიუხვის გამო; ფირუზის,+ მოშინდისფრო შალის, ფერადი ქსოვილების, ძვირფასი ქსოვილების, მარჯნისა და ლალის სანაცვლოდ იძლეოდი შენს საქონელს.
17 იუდა და ისრაელის მიწა ვაჭრობდნენ შენთან. ნუგბარის, მინითის+ ხორბლის,+ თაფლის,+ ზეთისა და ბალზამის+ სანაცვლოდ იძლეოდი შენს საქონელს.+
18 შენთან ვაჭრობდა დამასკო+ ხელბონის ღვინითა+ და მოწითალო-მონაცრისფრო შალით, რადგან უხვად გქონდა ყველანაირი ნახელავი და დოვლათი.
19 ვედანი და უზალის იავანი საქონელს გიცვლიდნენ; ნაჭედ რკინას, კასიასა და ლერწამს+ გაძლევდნენ შენი საქონლის სანაცვლოდ.
20 შენთან ვაჭრობდა დედანი+ ნაქსოვი საცხენოსნო ტანსაცმლით.
21 შენთვის ვაჭრობდნენ არაბები+ და კედარის თავკაცები;+ ბატკნებით, ვერძებითა და ვაცებით+ ვაჭრობდნენ შენთან.
22 შენთან ვაჭრობდნენ შებასა+ და რაამას+ ვაჭრები; ყველანაირი საუკეთესო სუნამოს, ყოველგვარი ძვირფასი ქვისა და ოქროს სანაცვლოდ იძლეოდი შენს საქონელს.+
23 ხარანი,+ ქანე და ედემი,+ შებას+ ვაჭრები, აშური+ და ქილმადი შენთან ვაჭრობდნენ.
24 შენთან ვაჭრობდნენ ისინი შენს ბაზრებზე საუცხოო ტანსაცმლით, ლურჯი და ფერადი ქსოვილებისგან დამზადებული მოსასხამებით, ორფერი ხალიჩებითა და დაგრეხილი, გამძლე თოკებით.
25 თარშიშის+ ხომალდები იყვნენ შენი ქარავნები, შენი გადასაცვლელი საქონლის გადამზიდავები. ამიტომ აივსე და ძლიერ განდიდდი შუაგულ ზღვაში.+
26 დიდ წყლებში გაგიყვანეს შენმა ნიჩბოსნებმა;+ შუაგულ ზღვაში დაგამსხვრია აღმოსავლეთის ქარმა.+
27 შენი დოვლათი და საქონელი,+ შენი გადასაცვლელი საქონელი,+ შენი ზღვაოსნები და მეზღვაურები,+ შენი ღარების დამგმანავები,+ შენი სავაჭრო საქონლის გადამცვლელები და მეომრები,+ შენში, მთელ შენს კრებულში, შენს შუაგულში რომ არიან, შუა ზღვაში ჩაცვივდებიან შენი დაცემის დღეს.+
28 არემარე შეიძვრება შენი მეზღვაურების ყვირილზე.+
29 ნიჩბოსნები, ზღვაოსნები და მეზღვაურები ჩამოვლენ თავ-თავიანთი ხომალდებიდან და მიწაზე დადგებიან.+
30 ხმით დაგიტირებენ და მწარედ აყვირდებიან,+ თავზე მტვერს დაიყრიან+ და ნაცარში იგორავებენ.+
31 თავს გადაიპარსავენ შენ გამო,+ ჯვალოს მოიხვევენ+ და სულგამწარებულნი+ მწარე მოთქმით დაგიტირებენ.
32 გოდებას მოჰყვებიან, სამგლოვიარო სიმღერას იმღერებენ შენზე და დაგიტირებენ:+
„ვინაა ტვიროსის მსგავსი,+ შუაგულ ზღვაში რომ დადუმებულა?!+
33 შუაგულ ზღვიდან+ გასული შენი საქონლით+ აძღობდი მრავალ ხალხს;+ შენი დოვლათითა და შენი გადასაცვლელი საქონლის სიუხვით გაამდიდრე დედამიწის მეფეები.+
34 ახლა კი წყლის სიღრმეებში ჩაგლეწა ზღვამ.+ მოისპო შენი გადასაცვლელი საქონელი და მთელი შენი კრებული+ შენს შუაგულში.
35 გაოგნებულნი შემოგხედავენ კუნძულების მკვიდრნი+ და მათი მეფეები აკანკალდებიან თავზარდაცემულნი;+ სახეები აელეწებათ.+
36 ხალხთა ვაჭრები სტვენას მოჰყვებიან შენ გამო.+ უეცრად შიშის ზარი დაგეცემა და სამარადისოდ გაქრები“».+
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — ადამიანთა სულების. ებრაულად ნეფეშ. იხილეთ დანართი 2ა.